Jazz Wild Years - Tbilisi Jazz Festival 2026 - თბილისის ჯაზ ფესტივალი 2026


                                                                     An Article By Rati Oniani

        10 წლის წინ პირველად დავესწარი თბილისის ჯაზ ფესტივალს და მახსოვს მაშინ მცირე რეცენზია დავწერე არაჩვეულებრივ საქსოფონისტზე ქენდი დალფერზე, რომელიც არა Lily Was Here-ით აღმოვაჩინე, არამედ Prince-ის Partyman მუსიკალური ვიდეოთი. 10 წლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში, დავესწარი რიგით 29-ე თბილისის ჯაზ ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად იმართება ჩვენს დედაქალაქში. წელს ჯაზ-ფესტი 1, 2 და 3 მაისს გაიმართა (30 აპრილს და 1-2 მაისს კი არაჩვეულებრივ პიანისტ ლუკა თოფურიას კონცერტი და კენედის ცენტრის ჯემ სეიშენები ჩატარდა). რა თქმა უნდა წელსაც უმაღლესი დონის არტისტებს მოვუსმინეთ. 

    ფესტივალის პირველ დღეს ლეგენდარული ფრენკ რიბოტი ესტუმრა თბილისის ჯაზ ფესტივალს. ფრენკის გიტარის პარტია, რომელიც ძალიან გამორჩეულად ჟღერს, ტომ უეითსის 1987 წლის ლეგენდარულ ალბომში Frank's Wild Years ჟღერს, კონკრეტულად კომპოზიციაში Temptation, რომელიც ბევრი წლის წინ დეიდამ მომასმენინა. ეს დისონანსური, ძალიან მელოდური, ემოციური და სულით სავსე კომპოზიციაა, რომელიც რეგთაიმს და ბუგი-ვუგის შეგასხსენებთ, ცოტა გოთური როკის ესენციით (როგორც The Cure-ის Japanese Whispers). ფრენკი გენიალური გიტარისტია და 1 მაისს ეს ძალიან კარგად სჩანდა. იგი ავანგარდის, თავისუფალი ჯაზისა და როკის ელემენტებს ხშირად იყენებს. მუსიკა ხანდახან სწრაფი და არეულ-დარეულია, რაც შესრულებას ძალიან უხდება.

                                     

       2 მაისს სცენაზე ახალგაზრდა პოლონელი ბასისტი კინგა გლიკი წარსდგა ქართველი მსმენელის წინაშე. მას ძალიან უყვარს ეფექტები და ბას გიტარის სირბილეს ხშირად ამატებს ამავე ინსტრუმენტის სხვადასხვა ეფექტებს: Chorus, Flanger, Overdrive. მან ერთ ნაწილში Weather Report-ის Teen Town-იც კი შეასრულა თავისებური ინტერპრეტაციით და მოუსვენარი ენერგიით, ჯაკო პასტორიუსეული მოძრავი სულით. მე ის მომეწონა თუ როგორ ხშირად იყენებდა რეჩიტატივებს და თითქოს ნაწარმოების თავებად გაყო ლაივი. ბენდიც ტკბილად მიჰყვებოდა კინგას პერიოდულ ვრცელ სოლოებს. რატომღაც უდაბნო და ქვიშის უზარმაზარი არარსებული კოშკებიანი სასახლე მახსენდებოდა. განსაკუთრებით მისმა საქსოფონისტმა Lucas Saint-Cricq-მა მიიქცია ყურადღება. პირველად ვნახე მუსიკოსი ამ ინსტრუმენტზე, ასე ოსტატურად, რომ იყენებდა სხვადასხვა ეფექტს, რაც დიდებული იყო.

      3 მაისს თეატრის სცენაზე ლეგენდარული ფრედ ჰერში წარსდგა ჩვენს წინაშე, რომელიც 17 გზის გრემის ნომინანტია. საოცრება იყო თითოეული ნოტი რასაც ფრედი, ფორტეპიანოს კლავიშებით აჟღერებდა. იგი ისტორიებს ჰყვებოდა თელონიუს მონკზე და ძველ ჯაზზე, იმ ჯაზზე, რომელიც თითქოს ადამიანებს მუდამ თანდაყოლად გვახსოვს, შეიძლება არც ვიყავით იმ დროს დაბადებულნი, მაგრამ როგორც ადრე მითქვამს ჯაზი სულის ხმაა. ფრედ ჰერშმა ჩუმად და უზომოდ სათუთად შეასრულა უამრავი სოლო და მის საოცარ ტრიოსთან ერთად მუსიკის უძველესი, არქაული ზეცა გახსნა. ეს ტრანსცენდეტალური დასასრული იყო ჩემთვის და უამრავი ადამიანის საყვარელი წლევანდელი ჯაზ ფესტივალის, რომელიც ამდენი წელია მიყვარს. ხანდახან ელექტრონულ სამყაროში (როგორც ეს ლეგენდარული ფილიპ დიკის წიგნშია ასახული სახელად "ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?", რომლის მიხედვითაც რიდლი სკოტმა გადაიღო Blade Runner) ადამიანებს აკუსტიკური სირბილე და სიმარტივე გვჭირდება, მაგრამ ჯაზი ინტელექტუალური და კომპლექსური სიმარტივეა, ის მუსიკაზე მეტია და მუსიკოსთა შეგრძნებებს ავანგარდულად ამდიდრებს.




No comments

Powered by Blogger.