მეფე-არწივის ბუნება - თემურ წიკლაურის ხმა ქართულ მუსიკაში - ხსოვნის წერილი
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
პირველი თებერვალი დასამახსოვრებელი თარიღია, რადგან ამ დღეს უსასრულო გალაქტიკაში ერთი ლამაზი და კაშკაშა ვარსკვლავი მეფურად განათდა. რამდენიმე წლის წინ ლეგენდარული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის "ივერიის" 1975 წლის პირველ ალბომს მოვუსმინე. გამაოგნა სიმღერების მრავალფეროვნებამ (ალბომში ქართულ საავტორო და ხალხურ სიმღერებთან ერთად, ლეგენდარული ინგლისური როკ ჯგუფის Uriah Heep - ის ორ კომპოზიციას შეხვდებით, რაც იმ დროისთვის ნამდვილად ძალიან იშვიათობა იყო.) ამავდროულად ერთმანეთისგან ასე ტოტალურად განსხვავებამ. ალბომში რამდენიმე ულამაზეს სიმღერას მოისმენთ. განსაკუთრებით ლამაზია "თეთრი ლანდივით" , რომლის გაჟღერების დროსაც დაბალ, მშვენიერ და განსხვავებულ ხმას გაიგებთ, შეუძლებელია ამ ტემბრის დავიწყება. მუსიკალურ, მდიდარ ბგერებს დიდი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური გამოსცემს. რითი გამოირჩევა იგი მრავალი ვოკალისტისგან? ყველაზე ძლიერი ქართული სულის გაზიარებით ("საქართველოს მანანებო") და გემოვნებიანი, დახვეწილი სტილით (ფიროსმანი), არწივისებური ძლიერი და ბრძენი თვალებით (ჩხიკვთა ქორწილი), რომელიც გამჭრიახეა და სულის სიღრმეებში აღწევს. როდესაც მას ქუჩაში დაინახავდით, ყველასგან განსხვავებული კოლორიტული აურა მოჰყვებოდა და ამ დადებითი აურით ანათებდა, ხალხი იხსენებს თბილს, თავმდაბალს, კეთილს, მოსიყვარულეს და სულიერს. ადამიანის ღიმილი და თვალები მასზე ბევრს ამბობს. იგი სულ იღიმოდა. იყო ფანტასტიკური შოუმენი, მსახიობი და ბრძენი კაცი. თემური "ივერიის" წამყვანი ძალა და ნაწილი იყო, იმ თავისუფალი ადამიანების, რომლებიც გაცილებით იდეოლოგიურად შეზღუდულ პერიოდში თავისუფლებას ქადაგებდნენ, მუსიკით, შოუებით და ხელოვნებით, ხელოვნება კი ყველაზე ძლიერი იარაღია: უსამართლობის, სიკვდილის და ბოროტების წინააღმდეგ. თემურმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამისთვის იბრძოდა. იგი მთელი სულით და გულით გულწრფელია, მისი ხმა ნამდვილად გადმოსცემს ამ ემოციებს ("იყიდება საქართველო"). თემურის ხმა ოსტატურად მოძრაობს, ერთგვარ ვიბრაციას გამოსცემს, რომელსაც რიდით სირბილე მოსდევს. ნებისმიერი ჟანრის მოყვარულს მოეწონება თემურ წიკლაურის ბანი. თემურმა დაბალი ხმა განსხვავებულად შესთავაზა ქართულ მუსიკას (ჩვენი ქვეყნის მუსიკა წარმომიდგენია, როგორც ცოცხალი არსება) და მან თემურის ხმა სიყვარულით მიიღო. სწორედ ამ მიღებამ გამოიწვია ამ ზღაპრული ხმის სხვადასხვა ფორმით გადმოცემა. თემურ წიკლაური ქართული საესტრადო ვოკალის და სიმღერების მეფეა. როგორც არწივს აქვს დიდი ფრთები ასე ეხუტებოდა თემური თავის ქვეყანას, დიდი სითბოთი და ღიმილით. თემურ წიკლაურმა საქართველო და ქართული ვოკალური ისტორია გაალამაზა და უკვდავი გახადა. მრავალი წლის შემდეგ ისევ გაიგებთ მის ხმას, სულიერი და კეთილი კაცის ხმას. მის გასვენებას მრავალი ადამიანი დაესწრო. ეს მძიმე, ემოციური და ლამაზი დღე იყო. ფონად თემურის სიმღერები ისმოდა, განსაკუთრებით დამამახსოვრდა "საქართველოს მანანებო" თემურისეული ჰიმნი ჩვენი ქვეყნის მიმართ, თითქოს ტრაგიკული, მაგრამ თბილი და ძლიერი, სიმღერას ძლიერი პოზიტივის ძალა მოჰყვება:
თუ დავეცე, ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ქვეყნის ყვავილები...
P.S. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია (მამა გაბრიელის ცნობილი სიტყვებია). არიან ადამიანები, რომელთა სიძლიერეს და ინსპირაციას მუდამ ვიგრძნობთ, განსაკუთრებით მათ სიმძლავრეს ვინც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ხელოვნებასა თუ ისტორიაში. ბრავო თემურ წიკლაურს! ხალხმა იგი ტაშით გააცილა გასვენების დროს, რადგან მან ეს დაიმსახურა. თემურ წიკლაურმა ახალგაზრდებში, ბავშვებში და მოხუცებში სიყვარულის სულიერი კვალი დატოვა. მე უდიდესი ბედნიერება და პატივი მხვდა წილად, რომ მისი გასვენების დროს სამრეკლოში ზარს ვრეკავდი, იმ მომენტში დიდი ძალა ვიგრძენი ხელებსა თუ გონებაში, სევდანარევი სიხარული, მივხვდი, რომ მეც ამ უკანასკნელ აპლოდისმენტებში ვიღებდი მონაწილებას და ეს ზარი ყველას ესმოდა და მჯერა ეს ხმები თემურიმდეც მივიდა და მას გაუხარდა, ალბათ ისევ გაიღიმა მეფე-არწივივით.
LOVE ETERNAL
კიდევ ერთხელ ვიტირე... რა ლამაზადაა დაწერილი! წრფელი და ლამაზი გულით!!
ReplyDeleteდიდი მადლობა <3 <3 <3
Delete