Forces Of The Northern Night - Dimmu Borgir-ის "Abrahadabra" - ს სრული განხილვა


Forces of the northern light, Assemble
Forces of the northern night, Call to arms
Summoned by the secrets of sacrifice


       2011 წელს, როდესაც ჯერ კიდევ მერვე კლასში ვიყავი, ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა ერთი დიდებული სიმღერა მომასმენინა. სიმღერა, რომელმაც ჩემს მუსიკალურ გემოვნებას ახალი სიცოცხლე აჩუქა და ჩემს გონებაში წარმოაჩინა მუსიკის მეორე, ბნელი, გრანდიოზული, მისტიკური და ეპიკური მხარე, რომელიც აქამდე არ მქონდა გაგონილი. ამ დღემ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. უკვე 2020 წელი ახლოვდება, მე 23 წლის ვარ. დღეს 2019 წლის 31 დეკემბერია. დიდებული ათწლეულის უკანასკნელი დღე. სიმღერა, რომელზეც ვლაპარაკობ ნორვეგიული სიმფონიური/მელოდიური/პროგრესული ბლექ მეტალ ჯგუფის "Dimmu Borgir" (დიმუ ბორგირ/დიმუ ბორგირი)-ის ამავე სახელწოდებისაა, რომელიც 1993 წლიდან მოქმედებს. ბენდის სახელი ძველნორვეგიულად (Dimmuborgir) ითარგმნება, როგორც ბნელი ციხესიმაგრე. ამ სიმღერას ბორგირის 2010 წლის ალბომში, სახელად "Abrahadabra" მოისმენთ.

      სწორედ "Abrahadabra" არის ალბომი, რომლის გარჩევაც გადავწყვიტე ამ ათწლეულის ბოლო დღეს. ეს იყო პირველი მეტალ ალბომი, რომელსაც სრულად მოვუსმინე. ამ ალბომმა შემაყვარა, როგორც შავი მეტალი (Black Metal) და კლასიკური მუსიკა, ასევე მეტალის მრავალი სტილი. 2010 წლიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით მრავალი პოლიტიკური, სოციალური, ტექნოლოგიური თუ კულტურული ცვლილება მოხდა. კაცობრიობა ახალ სიმაღლეზე ავიდა და სამყარო გაცილებით პროგრესული გახდა. "Abrahadabra" არამეული სიტყვაა და ჩვენს ენაზე ითარგმნება, როგორც: "მე ვქმნი, როდესაც ვლაპარაკობ". მეოცე საუკუნეში ეს სიტყვა პირველად ინგლისელმა მისტიკოსმა, ოკულტისტმა და მწერალმა ალისტერ კროულიმ გამოიყენა თავის წიგნში სახელად "კანონთა წიგნი" (1904 წელი). "Abrahadabra" გამოვიდა 2010 წლის 22 სექტემბერს. მის ორიგინალ გამოშვებაში 10 სიმღერაა. ამას ემატება რამდენიმე სიმღერის საორკესტრო ვარიანტები და ორი ქავერი: "Deep Purple"-ის Perfect Strangers" და GGFH-ს (ამერიკული ინდუსტრიული მუსიკალური ბენდის) "DMDR"(Dead Men Don't Rape).


         "Abrahadabra" იწყება ინსტრუმენტალით სახელწოდებით "Xibir". დასაწყისშივე გაიგებთ ძალიან დაბალ, დაზიანებულ ხმის ტექნიკას, რომელიც კლასიკური "გროულის" და "ტუვური ყელისმიერი სიმღერის" ნაზავია. ამის შემდეგ ამ ხმას ნელნელა ეპარება ქორალი (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალბომში 100-ზე მეტი მუსიკოსი უკრავს და მღერის (ნორვეგიის რადიო ორკესტრი სახელად "Kringkastingsorkestret" და Schola Cantorum-ის ქორალი) ). მომღერლებს ორკესტრი ეხმარება იმაში, რომ ემოცია გრადიოზულად გადმოსცენ. სიმღერის პროცესში სიტყვა, რომელსაც ისინი მღერიან ძალიან წააგავს რუსულ სიტყვა Солнце(მზე)-ს. შემდეგი სიმღერა "Born Treacherous" ბენდის ისტორიაში ახალ ხმას უჩენს სათავეს. "ბორგირიდან" ორი უმნიშვნელოვანესი წევრი წავიდა 2009 წელს: ვირტუოზი პიანისტი მუსტისი (Øyvind Johan Mustaparta) და ICS Vortex (ჯგუფის უნაკლო, ეგრეთ წოდებული "clean" ვოკალისტი და ბას-გიტარისტი ((ბორგირის პირველ სამ ალბომში, გროული სრულიად დომინანტურია, ხოლო მეოთხე ალბომიდან ("Spiritual Black Dimensions"), რომელიც 1999 წელს გამოვიდა ბენდს სუფთა ხმაც დაემატა (ამავე ალბომში შემოუერთდა "Dimmu Borgir"-ს მუსტისი თავისი ორიგინალური და ულამაზესი ფორტეპიანოს/სინთეზატორის პარტიებით)). ბენდს უნდა ეპოვა გზა, რომ ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად განსხვავებული ყოფილიყო. სიმღერა ცივი, მძიმე გიტარის ხმით იწყება, შემდეგ სესიური ბასისტი და "clean" ვოკალისტი Snowy Shaw (ლეგენდარული შვედური "Mercyful Fate"-ის ყოფილი წევრი და მულტიინტრუმენტალისტი) სიმებზე ჩამოსრიალებით (სლაიდით) შედის. სიმღერა ჰიპერპროგრესულია. იგი ხშირად იცვლება. დრამერი (Dariusz Brzozowski, იგივე დარაი) ინსტრუმენტალისტებს ოსტატურად უგებს უძლიერეს საფუძველს მთელი ალბომის განმავლობაში. 

             ალბომის შემდეგი სიმღერა, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მას სახელად "Gateways" ჰქვია. ეს სიმღერა კარიბჭეა ორ ათწლეულს შორის. ჩვენ შევდივართ მასში, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ რა გველოდება კარიბჭის მეორე მხარეს. ბორგირმა ამ სიმღერით გასაღები მოგვცა... წარსულის და მომავლის გასაღები. გვაჩვენა თუ რამდენი პერსპექტივა აქვს ადამიანს იპოვოს თავის თავში ის, რაც მის ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის. სიმღერაში ქალის სიმღერის პარტიას, ნორვეგიელი ვირტუოზი ვოკალისტი Agnete Kjølsrud ასრულებს. მისი დემონური აგრესიით სავსე ხმა, რომელიც შაგრატის (Shagrath - ბორგირის ვოკალისტი და მთავარი სიმღერების ავტორი, გიტარისტებთან Silenoz-თან და Galder-თან ერთად) ბნელ ვოკალს უფრო უკუნს ხდის, მაგრამ სიმღერის ბოლოს აგნეტის ხმა ანგელოზის ხმას ემსგავსება. ეს ხმა გაუგონარი ხმა არის, ემოციით და ნეტარებით სავსე (ეს საკმაოდ უცნაური სინთეზია და ამავდროულად უძლიერესი). სიმღერის ტექსტი ძალიან ფილოსოფიურია:

Be the broken or the breaker
Be the giver or the undertaker
Unlock and open the door
Be the healer or the faker
The keys are in your hands
Realize you are your own sole creator
Of your own master plan



            ალბომის შემდეგ სიმღერაში "Chess With The Abyss" ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს, ჩვენ უფსკრულს ვეჯიბრებით, მუდამ ვიბრძვით ჩვენს თავთან და ჩვენს ფიქრებთან. სიმღერაში Snowy Shaw არაჩვეულებრივ ვოკალურ პარტიას გვთავაზობს, ასეთი საინტერესო და დამაფიქრებელი ტექსტით (ეს ემოციური აღდგომაა):
We seem to keep fading away
Holding on to that last final sway
A doctrine of self-salvation
Darkness reborn on resurrection day
          შემდეგ მოდის ბენდის ეპონიმური სიმღერა "Dimmu Borgir". მის დიდებულ ქორალურ შესავალს, დამაჟრიალებელი ეფექტი აქვს. მძიმე გიტარები მეხივით ეცემა სმენას და შემდეგ მთელი სიმღერის განმავლობაში, მუსიკოსები და ვოკალისტები ერთად მოგზაურობენ მუსიკის ლამაზ გზებზე. ეს სიმღერაც საკმაოდ პროგრესულია და სიმღერის ბოლოსკენ, კლასიკური ბლექ მეტალის ელემენტებს ვხვდებით. ყოველგვარი ტკივილი ქრება. კლიპში ჩვენ შავ-თეთრ მგლებს ვხედავთ. თეთრი მგლები შიშის დაძლევის სიმბოლოა. Dimmu Borgir-მა ამ სიმღერით უძლეველობა დაამტკიცა. საერთოდ ეს სიმღერა პიროვნული სიძლიერის სიმბოლოა. ბენდი იდეალურად აჯახებს უკუნსა და ნათელს და შედეგი საბოლოო ჯამში სილამაზეა.
            შემდეგი სიმღერა "Ritualist" - მუსიკალური რიტუალია. ის შაგრატის მიერ თქმული ტექსტით იწყება, რომელშიც მისი ხმის ჩანაწერი შეტრიალებულია და ეს სიმღერას უფრო იდუმალს ხდის. ამ სიმღერაშიც Snowy Shaw არაჩვეულებრივ ვოკალურ ხაზს გვიზიარებს. სიმღერის ბოლო ნაწილში ზარების ხმაც ფიგურირებს.

Transfusion of new blood
Congregation of true blood
With no chains attached
We're letting the past rest
And things will never quite be the same

        The Demiurge Molecule - ასე ჰქვია ალბომში რიგით მეშვიდე სიმღერას. მუსიკა პირდაპირ ვარდება ყოველგვარი შესავლის გარეშე და ემატება ეგრეთწოდებული Blast beat დრამინგის ტექნიკა. რამდენიმე წამის შემდეგ მუსიკა მშვიდდება და შემდეგ ქორალთან და ორკესტრთან ერთად გრანდიოზულ სახეს იძენს. ამის შემდეგ ისევ ბლექ მეტალის ელემენტებით ივსება. ალბომის 32-ე წუთიდან ულამაზესი გიტარ-რიფების შემდეგ ორკესტრი ალამაზებს ატმოსფეროს. შემდეგ სიმღერას ულამაზესი სახელი დაარქვეს "A Jewel Traced Through Coal". ეს სიმღერა ძალიან სწრაფი ტემპით გამოირჩევა. დარაი მონსტრი დრამერია. მისი ენერგია ამ სიმღერაში განსაკუთრებით ჩანს. დარაი გვიზიარებს თუ როგორი განსხვავებული, უახლესი და განვითარებადი დრამერია იგი. ალბომში ფორტეპიანოს და სინთეზატორის პარტიებს Geir Bratland (იგივე "Gerlioz") ასრულებს. მისეული ატმოსფერო, სრულიად განსხვავებულია მუსტისის მუსიკალური მსოფლმხედველობისგან. უნდა ითქვას ისიც, რომ "A Jewel Traced Through Coal"- ში ძალიან ლამაზი ბას-ლაინია. ამ ალბომში ბასისტი თავის ფუნქციას უფრო დომინანტურად ასრულებს. სლაიდის გარდა ერთ მომენტში სლეპივით ხმას გაიგებთ.

        შემდეგ მოდის - Renewal. ალბომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიმღერა. შაგრატის ხმა აქ ძალიან აგრესიულია და ვოკალურად იგი უფრო დაბალ ნოტებს იღებს. აქაც შაგრატს Snowy ჰყვება. ისინი ხმებს აერთიანებენ და ამავდროულად ფონად ისევ სლეპინგის ხმა გვესმის. Shaw ძალიან სოლიდური ბასისტია. "Renewal" - ში ულამაზესი გიტარის სოლოა, რაც ამ ალბომში საკმაოდ იშვიათია(ორი შემთხვევაა წამყვანი გიტარის გამონათების: ამ სიმღერასა და Gateways-ის შუა ნაწილში).

Though I seek validity
From the Ides of March
I watch the darkness
Open its jaws
Whatever presence
That graced my spirit
Is for whomever
I choose to inherit

           "Abrahadabra" ბორგირის მორიგი შედევრით სრულდება. სიმღერას სახელად Endings and Continuations ჰქვია. ჩვენ ისევ იდუმალებაში ვაბიჯებთ. შევდივართ ტყეში სადაც მიწა სველია და დაძაბულობა იმატებს. მუსიკა სწორედ ამაზე მეტყველებს: დაძაბულობაზე, რომელსაც აღტაცება მოჰყვება და ემოციური აფეთქება. შემდეგ ბორგირისეულ სიგიჟეში ვაბიჯებთ. ჩურჩულით გვესმის ჯადოსნური სიტყვები: ABRAHADABRA. მუსიკის ტემპი და ხმოვანება იმატებს და უფრო დიდ მასშტაბებს აღწევს. შაგრატი ძალიან დაბალი, დაზიანებული ხმით მღერის და ხვდები, რომ ნელნელა უფრო ლამაზ მომენტამდე მიგიყვანს. სიმღერაში Snowy Shaw-ს ნაცვლად ვოკალურ პარტიას შაგრატთან ერთად Garm (Kristoffer Rygg) იყოფს. Garm-ს დახვეწილი, რბილი ხმა აქვს. იგი ცნობილია, როგორც ლეგენდარული ფოლკ/ბლექ მეტალ ბენდის Ulver-ის ვოკალისტი(ბენდმა დიდი ცვლილებები გადაიტანა. მათ თავდაპირველი სტილიდან გადაუხვიეს და არაერთი საინტერესო ემბიენთის და ელექტრონიკის ალბომი გამოუშვეს). სიმღერის ბოლო ნაწილში ჯადოსნურ სიტყვებს უკვე ქორალი იმეორებს მთელი ძალით და შემდეგ Garm-ის ვოკალური სოლო მოდის, ასევე ძალიან დამაფიქრებელი და მრავლისმთქმელი ტექსტით: 
Seeing - Evolving
Willing - Achieving
Beyond the next worlds
Flee the cage of insecurity
Enter the supreme unknown
Expand the inner and outer horizon
For it is as obvious as it is shown

         ABRAHADABRA - შინაგანი და გარეგანი სამყაროების ძიებაა, სრულიად ახალი სიტყვა 21-ე საუკუნის მუსიკაში. საოცარ სტუდიურ ჩანაწერს, რამდენიმე წლის შემდეგ ბორგირის ღვთაებრივი ლაივ ალბომი მოჰყვა, რომელსაც სახელად "Forces Of The Northern Night" დაარქვეს. ბორგირის მუსიკა ჩრდილოეთის ციალივით მოძრაობს ზეცაში. შენ უნდა გადაწყვიტო გაჰყვები თუ არა მას. ვფიქრობ ეს ალბომი ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანს მოეწონება, სწორედ ასეთი მუსიკოსების წინდახედულობის გამო. ისინი თითოეულ ნოტს, თითოეულ მუსიკალურ მოძრაობას აკვირდებიან და ოსტატურად იყენებენ. ბორგირის მუსიკას ლიმიტი არ გააჩნია, რაც დრო გადის ის ყოველ მოსმენაზე იხვეწება (სწორედ ასეთი უცნაურობა ახასიათებს მას). 2018 წლის 4 მაისს ბორგირის მორიგი ალბომი გამოვიდა, თითქმის იმავე მუსიკოსთა შემადგენლობით, სახელად "Eonian". ABRAHADABRA-ში ბორგირი, სტერეოტიპული ბლექ მეტალის ტყვეობისგან სამუდამოდ განთავისუფლდა და მსმენელს აქამდე არნახული გზა უჩვენა. 2010 წლის შემდეგ ბევრი საინტერესო მეტალ ალბომი გამოვიდა, "Abrahadabra"-მ კი მათთვის ახალ დეკადას ჩაუყარა საფუძველი.

P.S. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც ბავშვობის მეგობრები ამ ალბომს ერთად ვიზიარებთ. არ ვიცი.. ალბათ მეათასეჯერ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: მუსიკა, რომელშიც დიდი აზრი დევს და შენი მასწავლებელია უნდა გაიაზრო. ის მუდამ დაგეხმარება პრობლემების დაძლევაში.

P.P.S. წინ კიდევ ახალი ათწლეულია და ვიმედოვნებ, მუსიკალურ სამყაროს კიდევ უფრო დიდი და ლამაზი მომავალი ელის, ახალგაზრდა მუსიკოსებით და იმ ადამიანებით ვინც უკვე მრავალი წელია ქმნის ისტორიას.


6 comments:

Powered by Blogger.