ხელების სული - თბილისის ჯაზ-ფესტივალი - Spirit of hands - Tbilisi Jazz Festival 2020



Don't play what's there, play what's not there

Miles Davis

          პერკუსია და პერკუსიული ინსტრუმენტები (კალიმბა, მარიმბა, დაირა, ტაბლა და მრავალი სხვა) ერთ-ერთი უძველესი მუსიკალური საკრავებია, რომელიც ადამიანს ბუნებამ აჩუქა. პერკუსიული ხმის შექმნა ნებისმიერი ხმოვანი წყაროდან შეიძლება. ეს უძველესი და ულამაზესი პრაქტიკა მრავალი საუკუნეა მუსიკოსებს მუდამ თან მოსდევს (და არამხოლოდ მუსიკოსებს. უძველეს რელიგიურ რიტუალებში პერკუსიულ ხმოვანებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან ის ხელის სულის წყაროა და ხელები ადამიანს მუსიკასთან და ზებუნებრივ ძალებთან პირდაპირ აკავშირებს), რადგან მუსიკას ძალიან აძლიერებს ისეთი რიტმი, რომელსაც პერკუსიული ინსტრუმენტები ქმნიან. მეოცე საუკუნეში მრავალი დიდი პერკუსიონისტი დაიბადა და მათ მოღვაწეობაზე ვრცლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ (Trilok Gurtu (Joe Zawinul Syndicate-ს წევრი), Alex Acuna (Weather Report-ის სულიერი მუსიკოსი), Paulinho Da Costa (Earth, Wind And Fire, Michael Jackson, Dizzy Gillespie და ასობით სხვა დიდებული არტისტის კოლაბორატორი). 2020 წელი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა მუსიკისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. პანდემიამ ხელი შეუშალა მრავალ მოვლენას (გადაიდო უდიდესი მუსიკალური ფესტივალები, მრავალი კონცერტი), მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში ყოველწლიური თბილისის ჯაზ-ფესტივალი მაინც ჩატარდა. უკვე რიგით 23-ე წელსაც არაჩვეულებრივი არტისტები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველ ხალხს თავიანთი მუსიკა გაუზიარეს. ჯაზ-ფესტი 13 და 14 ნოემბერს კლუბ "რესპუბლიკის" ტერასაზე ჩატარდა. შენობის ფოიეში ფოტოგრაფ გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა "JazzWomen" იყო წარმოდგენილი. Eastern Promotions - ის ძლიერმა გუნდმა, არც კორონავირუსის გამო დაიხია უკან და არაჩვეულებრივი ორი დღე აჩუქა საქართველოს.

                                            ტრილოკ გურტუ, ალექს აკუნა, პაულინო და კოსტა

 

        ფესტივალის პირველ დღეს, ტერასის დიდ ეკრანზე ძალიან საინტერესო ქართული ჯაზ-ფესტივალის ლამაზი წარსულის კადრები მოძრაობდნენ, მაშინ როდესაც 1989 წელს თბილისში ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ-დრამერი არტ ბლეიკი და Sun Ra Universal Archestra ჩამოვიდნენ, (მრავალ პოპულარულ არტისტთან ერთად) და დაუვიწყარი შოუები გამართეს). ძველ ჩანაწერებში, რომელსაც ძალიან სუფთა ხარისხის ხმა მოყვებოდა, ბევრ საინტერესო კადრს ნახავდით. კადრების შემდეგ სცენაზე ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი Lucy Woodward (იგი წარსულში, ისეთი მუსიკოსების ბექ-ვოკალისტი გახლდათ, როგორიც გახლავთ: ჯო კოკერი და როდ სტიუარტი) ტერასის სცენაზე გამოვიდა, თავის ჰოლანდიურ ტრიოსთან ერთად. ლუსი უძლიერესი ხმის და ფართო ტემბრის მქონე ვოკალისტია, ამავდროულად იგი ძალიან უხდება სცენას და იცის როგორ მოახდინოს მსმენელზე და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება. გასაოცარი იყო მუსიკოსების შესრულება. გიტარისტი მუდამ ცვლიდა ეფექტებს. მრავალ Free Jazz (ექსპერიმენტული ჯაზის სახეობა) აკორდთან ერთად (იგი ხშირად ისეთ ნოტებს იღებდა, რომელიც უცნაურად ისმოდა, მაგრამ ეს მის შესრულებას ძალიან ალამაზებდა) "looper"-ს იყენებდა (მოწყობილობა, რომელიც ხმებს იწერს და შემდეგ მუსიკოსს შეუძლია ეს ხმები გამოიყენოს ფონად). გიტარისტმა მრავალი საინტერესო გიტარის რიფი და ელემენტი შემოგვთავაზა. დრამერი არაჩვეულებრივად ასრულებდა პარტიებს, იგი დრამის ორმაგ ბას პედალს იყენებდა, რომლითაც მუსიკას თითქოს ამძიმებდა, მაგრამ ამ სიმძიმეს ლუსის ხმა აქრობდა. ბას-გიტარისტი 6 სიმიან ბასზე უკრავდა და საინტერესო ის იყო, რომ იგი ძალიან დიდი რაოდენობით მელოდიებს ხატავდა დაბალი ნოტებით. Lucy-ს ბენდმა მის რამდენიმე კომპოზიციასთან ერთად, ნინა სიმონის  ორიგინალური ქავერები შეასრულეს და ასევე Stevie Wonder - ის ჰიტი "Living For The City" (ეს სიმღერა იან გილანის მეექვსე სოლო ალბომშიც "Magic" შეგიძლიათ მოუსმინოთ, სადაც გიტარაზე Iron Maiden - ის გიტარისტი Janick Gers უკრავდა). ერთერთი კომპოზიციის შესრულების დროს გამახსენდა Black Sabbath-ის Planet Caravan. ამ სიმღერასაც ძალიან დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა, გიტარაც უდაბნოსეულ ექოს გამოსცემდა. ეს დღე ძალიან მაგიურად და უცნაურად დასრულდა. დასრულებისთანავე, ბართან დრედებიანი კაცი დავინახე, რომელიც ძალიან მეცნო. იგი Mino Cinelu აღმოჩნდა, ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პერკუსიონისტი (რომელიც მაილს დევისის ისეთ დიდებულ ალბომებში უკრავდა, როგორიც გახლავთ: Amandla, Decoy, Star People და ლაივ ალბომი Miles Smiles (2018 წელს, როდესაც თბილისში Miles Electric Band ჩამოვიდა, სადაც მაილსის ყოფილი მუსიკოსები ასრულებდნენ მის კომპოზიციებს და ამასთან ერთად იმპროვიზირებდნენ, ერთი მელოდია ჩამრჩა გონებაში. რაღაც პერიოდის შემდეგ მე ვიპოვე ის კომპოზიცია, რომელშიც მინო უკრავს პერკუსიაზე, მას "Jean Pierre" ჰქვია) ). მას თავისებური გამაოგნებელი სტილი აქვს. მისი ჩაცმულობა ნებისმიერ ადამიანზე იმოქმედებს. ლეგენდარული მუსიკოსები თითქოს საკუთარ ახალ სტილს იგონებენ (გავიხსენოთ მაილსის ჩაცმულობა და ფერები, რითიც ის ამდიდრებდა მის არტისტულობას). გადავწყვიტე მივსულიყავი მასთან და მივსალმებოდი. ასე შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელიც ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი გახლდათ.

                                                                                                              Miles Davis

        ამ უცნაური შეხვედრიდან მეორე დღეს, 14 ნოემბერს ჯაზ-ფესტივალზე მორიგი მუსიკოსი, ინგლისელი ჩელისტი და ვირტუოზი კომპოზიტორი Ayanna Witter-Johnson გამოვიდა. მისი მუსიკალური სტილი შესაძლებელია დახასიათდეს, როგორც ჩელოსა და კონტრაბასის ნარევი მოძრაობა. იგი მელოდიის და რიტმის როლს ფანტასტიკურად ასრულებს, ამავდროულად ჩელოს იყენებს, როგორც დასარტყამ ინსტრუმენტს და ასე ქმნის მუსიკალურ ფუძეს, რაზეც შემდეგ ხემით უკრავს პარალელურად. იგი მუსიკალური აკრობატია და აბსოლუტურად განსხვავებული გარეგნობის არტისტია. Ayanna მსმენელს თავისი ცხოვრების ეპიზოდებს უზიარებდა, თუ როგორ გაიზარდა ლონდონში და მის მუსიკალურ გავლენებზეც ისაუბრა. Ayanna-ს შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც ლეგენდარული Mino Cinelu გამოვიდა სცენაზე თავისი მაგიური შოუთი, სადაც იგი მარტო ასრულებდა მისი მუსიკალური კარიერის სხვადასხვა პერიოდის კომპოზიციებს (უნდა ითქვას, რომ მინოს და ნორვეგიელი მესაყვირის Nils Petter Molvær-ის მუსიკალური პროექტის პირველი ალბომი "SulaMadiana" წელს გამოვიდა და პანდემიის გამო მხოლოდ პერკუსიონისტმა მოახერხა ჩამოსვლა საქართველოში). მაილს დევისის გარდა, მინო ცნობილია როგორც Weather Report-ის უკანასკნელი პერკუსიონისტი და ამ ინსტრუმენტული ბენდის ვოკალისტი. მას მდიდარი ვოკალური დიაპაზონი აქვს და მისი სამშობლოს მარტინიკის (კუნძული მცირე ანტილის კუნძულების ცენტრალურ ნაწილში) ხმებს და ისტორიებს საკუთარი ტონით ჰყვება. მინო მრავალი მუსიკალური ელემენტის და ერთა კულტურების მაგნიტია. მის კომპოზიციებში, თქვენ იპოვით როგორც აფრიკულ, ლათინურ, ამერიკელ ინდიელთა, ასევე აზიურ თუ ევროპული მუსიკაში არსებულ ელემენტებს. აღსანიშნავია მისი დაწერილი კომპოზიცია "Confians", რომელიც Weather-ის მეთხუტმეტე ალბომში სახელად "Sportin' Life" შევიდა). მინოს შესრულების დროს შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ იგი უძველეს რიტუალს ასრულებდა, სადაც ტრიბალური ცეკვებით და მოძრაობებით მუსიკალურ, უხილავ სულებს იძახებდა. იგი ისე ეხებოდა ინსტრუმენტებს, თითქოს მათთან არავერბალურად ლაპარაკობდა და თეფშები, სამკუთხედი ფორმის ინსტრუმენტი, ტაბლა და  სხვადასხვა სახის დოლები პასუხს სცემდნენ. ეს მაგია შემდეგ მინომ გააერთიანა მის ვოკალთან. იგი იმდენად ემოციურად იყო შესული ლამაზ მუსიკალურ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. იგი ახალგაზრდა სულის ადამიანია, თავისუფლების და იმპროვიზაციის მოყვარული. მისთვის არ არსებობს საზღვრები, რადგან იგი ხმებს სამყაროს ნებისმიერ მოძრაობაში ხედავს. Cinelu ოსტატურად იყენებდა თავის წინასწარ ჩაწერილ ხმებს, რაზეც გააზრებულად არეულად უკრავდა, თითქოს დროიდან ვარდებოდა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი ძლიერ ჰარმონიაში იყო. კონცერტის ბოლო ნაწილში სცენას Ayanna და ქართველი მუსიკოსები: პიანისტი ბექა გოჩიაშვილი და პერკუსიონისტი დავით ჯაფარიძე შემოუერთნენ. მინომ გიტარაზე გადაინაცვლა და მათ ულამაზესად შეასრულეს დარჩენილი კომპოზიციები.

P.S. როდესაც დაუვიწყარი კონცერტი დასრულდა, ჩემს ორ მეგობართან ერთად კვლავ მივედი მინოსთან და ვუთხარი: 

-მინო მადლობა "Catembe"-სთვის  (Miles Davis-ის კომპოზიცია, სადაც იგი პერკუსიაზე უკრავს და გიჟური, უნახავი ელემენტებით ამდიდრებს მაილსეულ შესრულებას) მინოს მორიდებულად გაეღიმა და შემდეგ დასამახსოვრებელი ფოტო გადავიღეთ, რომელიც ამ მსოფლიოსთვის რთულ ჟამს დიდი ინსპირაციის და იმედის მომცემი იყო. ეს ორი დღე ერთობის, სიყვარულის და მუსიკის მონატრების დღეები იყო. ხვდები თუ როგორ მოიცავს ადამიანის გონებას და გულს მუსიკის, ხელოვნების, ხელების სულის ძალა.

Eastern Promotions

Tbilisi Jazz Festival 2020


 


    



No comments

Powered by Blogger.