„ბიჭი უცნაური ქუდით“


      ღრმა ბავშვობიდან მახსოვს „ბიჭი უცნაური ქუდით“, რომელიც ტელევიზორში პრიალა თეთრ იატაკზე სრიალებდა სხვადასხვა ავეჯით სავსე თეთრ ოთახში და ამავდროულად მღეროდა არაჩვეულებრივად. ეს სიმღერა და სიმღერის კლიპი ახლა უკვე ჯაზ-ფანკის კლასიკაა სახელად „Virtual Insanity“. 90-იანი წლების ბოლოს ძალიან ხშირად ამ კომპოზიციის კლიპი „MTV“-ზე გადიოდა. ჩემს გონებაში მუდამ დარჩა ეს სასიამოვნო ჰანგები და ჯეი ქეის (ინგლისური ჯგუფის ჯამიროქუაის დამაარსებელი, ვოკალისტი და მთავარი სიმღერების ავტორი) საოცარი პლასტიკურობა და უცნაური, აქამდე არნახული ცეკვა. ასევე დიდი აღტაცებით ვუყურებდი Space Cowboy-ს მუსიკალურ კლიპს და მიხაროდა ბავშვური სიხარულით, რომ არსებობდა ასეთი ჯგუფი და მუსიკოსი. ეს „ბიჭი უცნაური ქუდით“ ახლა ყველა დროის ერთ-ერთი  საუკეთესო მომღერალია და ყველაზე პოპულარულია თავის ჟანრში - ჯაზ-ფანკში.    

        გავიდა დიდი დრო მას შემდეგ, რაც ჯეი ქეი პირველად ვნახე MTV-ზე. მას მერე მან რამდენიმე ალბომი გამოუშვა, რომლებიც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. 2010 წელს მან „Rock Dust Light Star“ აჩუქა თავის მსმენელს და ამ ალბომის შემდეგ მთელი 7 წელი არ გამოუშვია ახალი ალბომი. ხალხი ფიქრობდა, რომ ჯეი ქეი მუსიკის წერას აღარ აპირებდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

       ჯამიროქუაის წევრებს არავინ გაუფრთხილებიათ და ერთ მშვენიერ დღეს (2017 წლის იანვარში), მათ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე დაიდო ახალი სიმღერის ვიდეო კლიპი სახელწოდებით „Cloud 9“, სადაც ჩანს ჯეი ქეის ჰობი, კერძოდ მანქანები, რომლის დიდი ხნის შემგროვებელი გახლავთ ჯეი. მის რამდენიმე მუსიკალურ კლიპში მანქანები დიდ როლს ასრულებენ. იგი არის არაჩვეულებრივი მძღოლი და ძალიან გემოვნებიანი მანქანების კოლექციონერი. ქეი მიწვეული იყო ცნობილი ტელეკომპანიის “Discovery”-ს გადაცემაში სახელად „Top Gear“ და ისაუბრა თავის მრავალფეროვან კოლექციაზე.

    შემდეგი სიმღერა, რომელიც უფასოდ და საჯაროდ დაიდო ჯამიროქუაის ოფიციალურ გვერდზე, არის “Automaton“ სადაც ჩვენ ვუსმენთ სრულიად ახალი ხმის ჯგუფს. მე ძალიან გამიხარდა და ამავდროულად გამაკვირვა კიდეც ასეთმა გიგანტურმა ცვლილებამ ჯგუფის სტილში. “Automaton“ არის ელექტრონული მუსიკის ელემენტებით სავსე კომპოზიცია. ჯგუფმა პროგრესი განიცადა. როდესაც cloud 9 კლასიკური ფანკის და ჯაზ ფანკის სტილშია, ეს სიმღერა უკვე სრულიად ახალი, აქამდე არნახული და გაუგონარი ჯამიროქუაის ხმაა. მუსიკალური კლიპიც ძალიან მაღალ დონეზეა გადაღებული მომავლის ლონდონის ფონზე. ჯეი ქეის ამ კლიპში თავისი უსაყვარლესი „თანამგზავრი“ ქუდი ახურავს თავზე. ეს ქუდი არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ფერებს და ფორმას იცვლის.

    31 მარტს დადგა ის დღე, როდესაც ალბომი გამოვიდა და გამოსვლის დღესვე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მრავალი ქვეყნის ჩარტებში იგი პირველ ადგილას აღმოჩნდა. ალბომი იწყება სიმღერით სახელად "Shake It On" და დაწყებისთანავე ხვდები რომ ალბომს არ დაუკარგავს ძველი სტილი ახალთან ერთად. რაოდენ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჯეი ქეის ხმა არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას ისეთივე, როგორიც მახსოვს ღრმა ბავშვობიდან, ის „ბიჭი უცნაური ქუდით“ (არადა ახლა ჯეი ქეი 47 წლისაა). საზოგადოება ხედავს იმას, რომ ჯეი ქეი მუდმივად აოცებს თავის მსმენელს ამ ექსპერიმენტული და პროგრესული მიდგომით თავისი მუსიკისადმი.
         
      ჯეი ქეიმ  ბოლო ალბომის საშუალებით მსმენელს უთხრა: „ხელოვნური ინტელექტის ზრდამ ელექტრონული განვითარების მიუხედავად ადამიანებს მთავარი რამ დაავიწყა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები. ჩვენ არ უნდა დაგვავივწყდეს ეს უდიდესი რამ, რაც არის ერთმანეთის სიყვარული და  ყოველდღიური ცხოვრებისეული ურთიერთობა (აქ ისევ ბავშვობის მოგონება გამახსენდა. Virtual Insanity-ც ზემოხსენებულ ემაზეა. შეიძლება ითქვას ჯეი ქეიმ ამ სიმღერით მომავალი იწინასწარმეტყველა.) ჯეი ქეისთვის ეს არის წონასწორობა, რომელიც არასდროს არ უნდა დაირღვეს. ტექნიკურ პროგრესთან ერთად ჩვენ სულიერად უნდა ვიზრდებოდეთ და ვვითარდებოდეთ. მის სიმღერებში ხშირია ურთიერთობებზე და სიყვარულზე საუბარი.       

      ეს, როგორც ჯეი ქეისთვის, ასევე ჩემთვისაც, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემაზეა აგებული მთელი ალბომის იდეა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც იგებ, რომ შენი საყვარელი მუსიკოსი შენს სამშობლოში ჩამოდის, რომ  თავისი საოცარი მუსიკა გაუზიაროს მსმენელს. ჯამიროქუაი 28 ივლისს ბათუმის Black Sea ჯაზ ფესტივალზე გამართავს კონცერტს. ამ „ბიჭს უცნაური ქუდით“ ჩემი თაობის და უფროსი თაობის წარმომადგენლები მალე პირადად ნახავენ და გაიზიარებენ ამ ემოციებს. და ბოლოს მჯერა, რომ ალბომი "Automaton" კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს და ჯამიროქუაი მომავალში კიდევ უფრო გააოცებს ახალი ალბომებითა და  შემართებით მთელ მსოფლიოს.

 
Virtual Insanity (Music Video)
Space Cowboy (Music Video)
Cloud 9 (New Music Video)
Automaton (New Music Video)
http://www.jamiroquai.com
 http://www.easternpromotion.com 
Special Thanks To Jaba Oniani For Artwork

5 Apr 2017 
 





No comments

Powered by Blogger.