Home
/
Electronic
/
Funk
/
Hip Hop
/
Jazz
/
ბექა გოჩიაშვილის და Rela-ს ერთობლივი ალბომის Amsterdam Beat Tape სრული განხილვა/Review
ბექა გოჩიაშვილის და Rela-ს ერთობლივი ალბომის Amsterdam Beat Tape სრული განხილვა/Review
That's the strange thing about making a record.
You can be in one mood for an hour, put it on a record, and you're remembered that way.
ამერიკელი მუსიკოსის და ბას-გიტარისტის Adam Yauch - ის სიტყვები.
აკორდულ მუსიკას ერთი საოცარი თვისება აქვს. მას სივრცულობა ახასიათებს. ამ ტონთა სიმსუყეს განსაკუთრებით დიდი პიანისტების ნამუშევრებში აღმოაჩენთ. ისინი მრავალ მუსიკალურ ჟანრში შეგხვდებათ ( ჩიკ კორეა, ჰერბი ჰენკოკი, მუსტისი, ვაგიფ მუსტაფაზადე, ჯონ ლორდი, რიკ რაიტი). სივრცეს, წამს და პაუზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მუსიკოსისთვის, რადგან ამ დროს ნამდვილი ემოცია გადმოიღვრება. გარკვეული პერიოდის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს ძვირფას ბლოგს და დღევანდელ სტატიაში განვიხილავ ქართველი ვირტუოზი პიანისტის და კომპოზიტორის ბექა გოჩიაშვილისა და რელას (ავსტრალიელ-ფილიპინელი დიჯეი და ჰიპ-ჰოპური ბიტების უდავო ოსტატი) ერთობლივ არაჩვეულებრივ ჩანაწერს სახელად Amsterdam Beat Tape.
ალბომში 11 კომპოზიცია შედის. პირველ ინსტრუმენტალს სახელად YYY ჰქვია. კომპოზიცია სწორედ განმეორებადი რიფული აკორდებით იწყება. სხათაშორის როუდსის ელექტრო კლავიშების ხმამ მომენტალურად ჯამიროქუაის ტობი სმიტი გამახსენა. ამ რიფს უეცრად ლამაზი ბასის პარტია და მსუყე რიტმები მოსდევს, რასაც მელოდიური და ლამაზი სირბილეც მოჰყვება. კომპოზიციაში პერიოდულად ფსიქოდელიურ მოძრაობებსაც შეხვდებით. მეორე კომპოზიციას Fly დაარქვეს. ქალის განმეორებად ვოკალს Larry Dunn-ისეული კლავიშის ლაპარაკი ავსებს, რომლის ხმასაც ელექტროორგანის ხმას მიამსგავსებთ, ბიტები კი პერიოდულად ჩერდება და თითქოს ბექას თავისუფლებას აძლევს სათქმელი თქვას. ბექაც ამ მიკროპაუზაში ასწრებს მუსიკალურად პასუხი გასცეს რელას. კომპოზიციის შუაში მცირე სოლოც გვესმის, რომელიც პერიოდულად რიტმებად იცვლება.
მესამე ინსტრუმენტალის სახელია Jessica. განმეორებად ბასის პარტიას დამალული სივრციდიან ისევ ლამაზი აკორდები ავსებს. ამ კომპოზიციის კლავიშების ტონმა ჩემი ერთ-ერთი უსაყვალესი ალბომი Chick Corea Electric Band მომაგონა. ბექას რამდენიც ეტყობა ჩიკ კორეას სკოლა, იმდენად თავისი განსაკუთებული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. კომპოზიციის ერთ ნაწილში რელას ბიტები და განმეორებადი სემპლი რჩება, რომელიც მსმენელს თითქოს ყურადღებას აქცევინებს, შემდეგ კი ისევ საწყის ნაწილზე მთავრდება. მეოთხე ტრეკს 9mm ჰქვია. კომპოზიცია მშვიდად იწყება, ნელნელა კი ჰაუსურ რიტმში გადადის, რაღაც ნაწილში კი ძლიერი ბასის პარტია სიმსუყეს აძლევს, რასაც ფონად პერკუსიული რიტმები და ბექას უცნაური ეფექტები მოსდევს. ამ კომპოზიციამ პროდიუსერები: Azteca და Trian Kayhatu გამახსენა.
Say - ასეთი სახელწოდება აქვს კომპოზიციას რომელსაც თითქოს იაპონური ელექტრონული მუსიკის ელემენტები ავსებს. აქაც სირბილეს და ჰარმონულობას იპოვით. კომპოზიცია თბილი და ამავდროულად ოდნავ სევდიანია. მეექვსე კომპოზიცია Happy მცირე ზომის ინსტრუმენტალია, რომელიც ლამაზი შესავალია შემდეგი, რიგით მერვე კომპოზიციის სახელად Balance. Say-ს სევდიან ფონს და Happy- ის მშვიდ აურას უფრო ენერგიულს ხდის. ამ კომპოზიციაში მინიმალიზმის ელემენტებსაც შეხვდებით.
ალბომის მერვე კომპოზიციას სახელად If I Could ჰქვია. კომპოზიციაში მრავლადაა თანამედროვე სოულის ელემენტები. ლამაზი, ვიბრირებული ვოკალი სიმღერის სახელს იმეორებს. ამ კომპოზიციაშიც პაუზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისევე როგორც განმეორებას და ხმებით მანიპულირებას. ერთ ნაწილში ტონალობა იცვლება და თითქოს კომპოზიციის ხასიათიც უფრო მკაცრი და სერიოზული ხდება. მეცხრე ინსტრუმენტალს June ჰქვია. როგორც გაზაფხულის პირველი თვე ეს კომპოზიციაც შესავალივით ჟღერს, რომელიც ოდნავ მინიმალისტურია ბიტებით, მაგრამ პერიოდულად ემატება ელემენტები და ემბიენთური მოძრაობებიდან დროულად გაჰყავს მსმენელი.
ბოლოს წინა ტრეკს Take Two ჰქვია. ელექტრო ბასის სინთეზატორის სიღრმეს Acid ჯაზისეული ელემენტები ავსებს, აკორდები აქაც უმნიშვნელოვანესია. კომპოზიციის შუა ნაწილში კი მცირე ფონური სოლოები გვესმის. ატმოსფერული ფონის შემდეგ კი კომპოზიცია უეცრად წყდება, რაც მოულოდნელია. ალბომი ძალიან საინტერესო კომპოზიციით მთავრდება სახელწოდებით Vivrant. ეს ცოცხალი ენერგიაა (საინტერესო ფაქტია, რომ ეს ტერმინი (Vivrant) თვით დიდებული რეპერის Q-Tip-ის მოგონილია (სხვათაშორის ამ კომპოზიციამ მისი და Beastie Boys - ის ერთობლივი ნამუშევარი: Get It Together შემახსენა)). კომპოზიციაში მრავლადაა კოსმოსური ფანკის ელემენტები და მელანქოლია.
Amsterdam Beat Tape - ორი ძალიან განსხვავებული მუსიკოსის საერთო ძალაა და მე მიხარია რომ ერთ-ერთი მათგანი ქართველია და მისი ხმა გლობალურად გასაგებია.

Leave a Comment