Tbilisi Jazz Festival 2024 - ჩაუქრობელი ალი



All Love, all the dreams of mankind, all the communication in the universe is wrapped up in the physical spirituality of the City

so move in and boogie on til your dreams become real til you hit a bull's eye

And don't get lost in the No Zone

Keep the resolution you made with yourself
to nail it and win always alive

(ამ ტექსტს Chick Corea Elektric Band-ის 1986 წლის
დებიუტ ალბომის წიგნაკში შეხვდებით)


  ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართული თბილისისა და ბათუმის ჯაზ ფესტივალი სანუკვარ ოცნებებს ახდენს. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ დეივ ვექლს და ჯონ პატიტუჩის ლაივში მოვუსმენდი. ჩიკ კორეას და მისი დიდებული ელექტრო და აკუსტიკური ტრიო, ჯონ პატიტუჩისთან და დეივ ვექლთან ერთად ბავშვობაში აღმოვაჩინე, როდესაც ეს ორი ალბომი ჩემმა საყვარელმა და უნიჭიერესმა მამამ ჯაბა ონიანმა მაჩუქა. მახსოვს პირველი კომპოზიცია რაც ჩავრთე Elektric City იყო (რომლის კლიპიც ჩემი აზრით მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოზიტიურია) და მაშინ რადგან სიღრმისეულად ვერ ვერკვეოდი ჟანრებში და მუსიკის მრავალ სახეებში, გამაკვირვა ელექტრო გიტარის (რომელზეც პარტიებს კარლოს რიოსი ასრულებს) და სინთეზატორის ძალიან ლამაზმა სინთეზმა. არც მიკვირს რატომ მიყვარს ასეთი ალბომების შეცნობის მერე ასე მუსიკა. არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრების გზა ამ ხმათა ცვლილებების და მრავალფეროვნების გამოკლებით. იმ მომენტამდე ჯაზ-ფიუჟენს არ ჩავღრმავებივარ და სწორედ ჩიკ კორეას ელექტრო ბენდის დებიუტ ალბომია პირველი ჯაზ ფიუჟენ ალბომი, რომელსაც მოვუსმინე (შეუძლებელია არ აღვნიშნო All Love, სადაც დაუვიწყარი ბას სოლოა, No Zone - ambient-ის, new age-ის და ფსიქოდელიური მუსიკის ნაზავი და India Town ინდური არქაული მუსიკის მოდერნისტულ-კორეასეული წარმოდგენა). წლევანდელი ჯაზ ფესტივალი 22-24 მაისს ჩატარდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული მუსიკალური სცენის განვითარებისთვის ასეთი ღონისძიებები საქართველოში.



The Chick Corea Elektric Band 1986 წლის CD ჯაბას ხელმოწერით

  წლების განმავლობაში იმდენი დიდებული სოლო არტისტი თუ ბენდი ჩამოიყვანა Eastern Promotions-ის გუნდმა, რომ სია უკვე ძალიან დიდია. წლევანდელი 2024 წლის თბილისის ჯაზ ფესტივალიც ნამდვილად გამორჩეული იყო. ფესტივალის პირველ დღეს 22 მაისს ლეგენდარული ჯაზ გიტარისტი ბილ ფრიზელი გამოვიდა რუსთაველის თეატრის სცენაზე (მართალია ბილ ფრიზელის მუსიკას პირველად ჩავუღმავდი. განსაკუთრებით მისი პირველი ალბომი In Line მომეწონა, რომელიც 1983 წელს გამოვიდა. ამ ალბომში მოუსმენთ კომპოზიცია Start-ს, რომელიც მართლაც რაღაც უნიკალური მინიმალიზმის და სიმშვიდის განსახიერებაა. ბილი თბილისის ლაივის დროს ოსტატურად გიტარის ეფექტ ლუპერს იყენებდა და ძალიან რბილად და ხშირად ატონალურად და უცნაური ფორმებით უკრავდა. მუსიკას დამაყრუებელი ეფექტი აქვს და არანორმალურად ჯადოსნური. იგი სუფთა ჟღერადობის გიტარის დიდებული ოსტატია, მიახლოებით ისევე, როგორც პეთ მეთენი, ოღონდ თავისებური სიმშვიდით და ლოგიკურობით. ბილის და მისი ბენდის მუსიკის მოსმენის შემდეგ (განსაკუთრებით ლაივში) შეგხვდებათ კლასიკური მუსიკისეული არპერჯიოები, ბლუზის, ქანთრის, სოფთ როკის, ბოსა ნოვას და რეგის ელემენტები.


Bill Frisell Trio

  23 მაისს სწორედ ის დღე დადგა, როდესაც სცენაზე ჯონ პატიტუჩი და დეივ ვექლი ვიხილე, არაჩვეულებრივ პიანისტ ჯოი კალდერაცოსთან ერთად. ტონი, მელოდიურობა, სიგიჟე რიტმები, ლათინური, აფრიკული და ევროპული რიტმებით გაჯერებული მუსიკა ძალიან საინტერესო სულიერ საზრდოს აწვდიდა მსმენელს. პატიტუჩის და ვექლის დიალოგი თითქოს სხვა, უნახავი სამყაროა და ჯოი კალდერაცოც არაჩვეულებრივად ასრულებს თავის როლს, როდესაც ამ ორ ლეგენდასთან ერთად უკრავს. ჩიკ კორეა იუმორით გამორჩეული მუსიკოსი იყო და სწორედ ერთ-ერთი ძალიან საჭირო ელემენტი ასწავლა ამ ორ დიდებულ შემსრულებელს, რომელიც დრამს და ბასს ყველასგან განსხვავებით ალაპარაკებენ. ჯონ პატიტუჩი ხან კონტრაბასზე უკრავდა ხან კი მის პოპულარულ ექვსსიმიან ბასზე, ისე თითქოს პიანისტია და ძალიან თავისუფლად აფრენდა ნოტებს. დეივ ვექლი კი პირვანდელი ენერგიით და მისთვის დამახასიათებელი ხელთა უცნაური მოძრაობით: თითქოს რობოტივით კეტავს რიტმს და უსუფთავესად ასრულებს. აუხსნელი შეგრძნებაა ასეთი მუსიკოსების ლაივში მოსმენა. მათი პოზიტიური ენერგია ციური ცეცხლივით იფრქვევა და ამ ალებს ჩვენც უმარტივესად ვამჩნევთ (თან ხვდებიან ისინიც, როგორი მუსიკალური ერი ვართ და სიამოვნებთ).



Pattituci Weckl Calderazzo

  ფესტივალის მესამე დღეს 24 მაისს სთეისი კენტი გამოვიდა სცენაზე, ძალიან ელეგანტური ხმის პატრონი, რომელმაც მრავალჯერ დაამტკიცა მისი გამორჩეულ ხმათა შესაძლებლობები ფორტეპიანოს, საქსოფონის და ფლეიტის თანხლებით. სტეისი ძალიან განათლებული მუსიკოსია და მისი შესრულება ძალიან ინტელექტუალურია. ნოტებსაც ასევე რბილად და შეფარული სირბილით გადმოსცემს, მისი ბენდიც იდეალურად ჰყვებოდა ფესტივალის ბოლო დღეს ძველი ამერიკული ჯაზის ამბებს, რომელიც ყველაზე კარგად ასეთი ფორმის შესრულებით გადმოიცემა. ვფიქრობ ეს დღე იდეალური დასასრული იყო 2024 წლის თბილისის ჯაზ ფესტივალისთვის.

P.S. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რამ შემაყვარა მეტალისტს ასე ჯაზი, კლასიკური მუსიკა, მეტალი, როკი, ფოლკლორი. ახლა ვხვდები: მუსიკა სიცოცხლის ძალაა და ადამიანები ჯაზში უსიტყვოდ ვგრძნობთ ამ ძალას, რომელიც მუდმივი ალივით ანათებს, ის მულტინაციონალური და ჰუმანურია. ჯაზმა ალბათ ყველაზე მეტად დაახლოვა ადამიანები თავის ფესვებთან და მისცა ადამიანებს გზა, რომ მუსიკა ახლებური ფორმებით შეექმნათ. ხანდახან ვუყურებ ხოლმე ჩიკ კორეას ბუკლეტებს და ბედნიერი ვარ, როგორ გამახარა მამამ ბავშვობის ერთ ლამაზ დღეს და მიჩვენა ის სწორი ბილიკი რაზეც ყოველდღე დავდივარ.



No comments

Powered by Blogger.