რატი ონიანის სტატია
An Article By Rati Oniani
“If you enter this world knowing you are loved and you leave this
world knowing the same,
then everything that happens in between can be
dealt with.”
Michael Jackson
წლევანდელი თბილისისა და ბათუმის ჯაზ ფესტივალები, წინა ფესტივალებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ორი ლეგენდარული დრამერი ერთ წელს ესტუმრა ჩვენს ლამაზ ქვეყანას (დეივ ვექლზე და მისი დაკვრის უნიკალურ სტილზე დაწვრილებით მოგიყევით თბილისის 2024 წლის ჯაზ ფესტივალის შესახებ სტატიაში). ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე, არათუ ლეგენდარული, არამედ უზომოდ საინტერესო და განსხვავებული დრამერი აღმოვაჩინე: ნიკოლას (ნიკ) ბარკერი, ჰელჰამერი, სონი ემორი, ჯეფ პორკარო, რიჩარდ კრისტი, Yussef Dayes და სია უსასრულოდ შემიძლია ჩამოთვალო.
ახლა საინტერესო ფაქტს გავიხსენებ:
1990 წელს ლეგენდარული დრამერის ბილ უორდის პირველი სოლო ალბომი Ward One: Along The Way გამოვიდა, მუსიკოსის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ბლექ საბათის დრამერი გახლდათ. ალბომი არაჩვეულებრივი ავანგარდულ-ექსპერიმენტული მაგალითია, თუ როგორი მოძრავი, ენთუზიასტი და პოზიტიური მუსიკოსები არიან დრამერები (ალბომის მთელი იდეაც, ხომ დრამერის ცხოვრების მოძრაობაზეა, მის მუდმივ ცვლილებასა და იმპულსებზე. ამ გენიალური ალბომის მთავარი გზავნილი სწორედ შეუჩერებლობაა. სწორედ დრამერებს და პერკუსიონისტებს ერგოთ ის როლი, რომ ჭეშმარიტი მუსიკის ხერხემალი იყვნენ, მთავარი კონსტრუქცია, რაზეც კომპოზიციებს აგებენ თანამედროვე ინსტრუმენტულ მუსიკაში.
Bill Ward - Ward One: Along The Way
წლევანდელი ბათუმის ჯაზფესტივალზე 26, 27 და 28 ივლისს სამი არაჩვეულებრივი ცოცხალი შესრულება ვიხილეთ. ფესტივალის პირველ დღეს თვით ლეგენდარული Prince-ს მესაყვირე და წლების განმავლობაში არანჟირებების ავტორი Philip Lassister გამოვიდა თავის უმაგრეს ბენდთან ერთად. ფილიპი პერიოდულად მღეროდა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია იგი უნიკალური შემსრულებელია თავისი მაგიური ინსტრუმენტის (ერთ-ერთი კომპოზიციის შესრულების დროს Prince-ს ლეგენდარული სიმღერა Partyman გამახსენდა, სადაც იგი ამბობს: "17 horns blowin',, და მართლაც მსმენელს 17-ჯერ საყვირის ტყვიამფრქვევივით მიყოლებული ნოტები ესმის (ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს პრინცის გენიალურობას!). ფილიპმა თავისებური უცნაური იუმორით და მრავალფეროვანი მუსიკალურობით ბათუმის კორტების მთელი ტერიტორია ააცეკვა და ბევრი საკუთარი კომპოზიციის შესრულების შემდგომ პრინცის Musicology-ს ვრცელი ვერსიით დაასრულა 26 ივლისის საღამო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თურმე ეს მხოლოდ დასაწყისი იყო უსასრულო მოძრაობების (ცხოვრებაში ამდენი არ მიცეკვია რაც ამ სამ დღეს ვიცეკვე).
RAW
ფესტივალის მეორე დღეს აბსოლუტურად უნიკალურ დრამერს მოვუსმინეთ. ვისაც განსხვავებული ჯაზ ფიუჟენი უყვარს ჯოჯო მეიერი მათთვის ნამდვილად კუმირია, მუსიკოსი, რომელმაც შეძლო ჯაზის, ფიუჟენის, ფანკის და მრავალი ელექტრონული მუსიკის ჟანრის იდეალური შერწყმა. მისი ბენდიც ისეთივე განსხვავებულია, როგორც მისი გაუჩერებელი და სწრაფი ხელები, რომლებიც მეტალ დრამერების სტილს შეგახსენებთ, ოღონდ ჯოჯო მაინც ინარჩუნებს ჯაზისეულ ტაქტს. მის არაჩვეულებრივ ბენდს სახელად Nerve ჰქვია (უცნაურია მაგრამ აქაც ბილ უორდის ალბომი გამახსენდა, რომელიც ზემოთ ვახსენე, ერთ-ერთი კომპოზიციის სახელი Music for a raw nerve ending გახლავთ). Nerve-ს მუსიკა მართლაც მუსიკალურ ნერვულ მოძრაობებს ჰგავს, რომლებიც ძალიან სწრაფი და მუდამ ცვალებადია, ოდნავ სიზმრისეული და არაამქვეყნიური. არის მისტიკაც, ადამიანური საწყისებიც და ოდნავ სიუხეშე, რაც ჯოჯოსეულ ხედვას ძალიან უხდება. ჯოჯოს წარსულიც ძალიან საინტერესოა. მისი კარიერა დიზი გილესპის და ნინა სიმონის დრამერობით დაიწყო. ჯოჯოს მუსიკამ შემახსენა გენიალური ბრიტანული დრამ-ენ-ბეისი, განსაკუთრებით ამ ჟანრის ერთ-ერთი პიონერი Goldie (რომელიც დიდებულ პროდიუსერთან ერთად უმაგრესი მსახიობიცაა (მაგალითად: გაი რიჩის "Snatch") ). როდესაც ლაივი დასრულდა ბულვარში დავჯექი და მეგობარს ველოდებოდი. უეცრად დავინახე, როგორ გამოვიდა ჯოჯო მეიერი და ჩამიარა. რადგან ეტყობოდა დაღლილი იყო მომერიდა მისალმება, მაგრამ თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს. მისმა აზრიანმა თვალებმა კიდევ ერთხელ მიმახვედრა, როგორი ინტელექტუალური მუსიკოსია ჯოჯო. დაუვიწყარი მომენტი იყო.
დადგა ჩემთვის მართლაც უძვირფასესი მესამე დღე. რამდენიმე წლის წინ Michael Jackson-ის სასწაული კომპილაციური ალბომი მაჩუქეს, რომლის დიზაინი გამორჩეულია, მას Number Ones ჰქვია. სწორედ ამ ალბომიდან დავიწყე მაიკლ ჯექსონის შეცნობა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორის, მაგრამ ერთი მომენტი კიდევ იყო. უფრო დიდი ხნის წინ The Jackson 5 - ის ABC-ს მოვუსმინე. მახსოვს ლამაზი მულტფილმი იყო და მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის პატარა ბიჭი და მილიონობით ადამიანის "იდოლი", ხომ ერთი ადამიანი იყო, რომელმაც თითქოს მრავალჯერ მუსიკალური სიბრძნით იცოცხლა და უკვდავი სიმღერები აჩუქა სამყაროს. 80-იან წლებში ხშირად ნახავდით მაიკლისა და მისი ძმების მონაწილებით პეპსის მუსიკალურ ვიდეოებს. სადაც ისინი ბავშვებს ენაცლებოდნენ. მარლონ, ტიტო, ჯეკი და ჯერმაინი (არ შეიძლება დავივიწყო რენდი ჯექსონი, რომელიც არ იყო კლასიკური ჯექსონ 5-ის წევრი მაგრამ ისიც წლების განმავლობაში მღეროდა თავის 5 ძმასთან ერთად). წლევანდელ ბათუმის ჯაზ ფესტივალზე მარლონი, ტიტო და ჯეკი ვიხილეთ, რომლებიც ჯექსონთა ნიჭის განსახიერება არიან. მომეწონა ის ფაქტი, რომ თავის ორიგინალური ხმიანობით მღეროდნენ, რადგან ამან ისევ ცხადჰყო მათი უზომოდ დიდი ნიჭი. 2 საათის განმავლობაში მეც და უამრავი ადამიანიც გაუჩერებლად ცეკვავდა. ბევრ მაიკლის დროინდელ ჰიტთან ერთად საკუთარი არაჩვეულებრივი სიმღერებიც შეასრულეს. ბენდიც ფანტასტიკურად ასრულებდა და რაც ყველაზე მთავარია დიდი კავშირი მოახდინა პუბლიკასთან, რადგან მუსიკოსისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი შეგრძნება მსმენელის სიხარულია და ჩვენ ეს ნამდვილად არ დაგვენანა. ასე დამთავრდა ეს დაუვიწყარი სამი დღე ბათუმის ყოველწლიური ჯაზ ფესტივალის, რომელიც მუდამ ნამდვილი და უცვლელად ძლიერია. დრო და სივრცე ასეთ მომენტებში გაუჩერებლად იწყებს მოძრაობას. შენს თვალწინ ლეგენდები დგანან, ადამიანები, რომლებმაც მუსიკალური ვარსკლავების მნიშვნელობა ჩამოაყალიბეს ბავშვობიდან და აფრიკულ-ამერიკულ მუსიკას ახლებური, უნიკალური გეზი მისცეს. ის დღემდე და სამუდამოდ იმუშავებს და ასტრალურად ავა მაღლა ზეცაში.
"მიწის გულიდან რომ გამოვდივარ, ყველაფერი, რაც კი მის ტანზე ხდება, მიწის სიზმარი მგონია. ხან შორს მიმაფრენს და შორიდან ვუყურებ დედამიწას.
დედამიწას იქიდან სხვანაირს ვხედავ: ცოცხალს!
მდინარეები მისი სისხლძარღვებია.
ზღვები და ოკეანეები - ფილტვები.
ტყეებით სუნთქავს.
ჰაერი მისი სულია".
გოდერძი ჩოხელი "წერილი ნაძვებს"
Leave a Comment