ჯაზ-მეტალი და ტექნიკური დეს მეტალი



        ჯაზ-მეტალი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრია. ის მიეკუთვნება როგორც ჯაზს, ასევე მძიმე მეტალს და რამდენიმე მათ ქვეჟანრებს. ჯაზ მეტალი არის სინთეზი: პროგრესული როკის, ჯაზ ფიუჟენის (ჯაზ როკის) და მძიმე მეტალის. ამავდროულად მეოცე საუკუნის ბოლოდან მასზე დიდი გავლენა იქონია ექსტრემალურმა მეტალმა (დეს მეტალმა, შავმა მეტალმა). ჯაზ მეტალ ჯგუფისთვის დამახასიათებელია ხშირი ბას რიფები და სოლოები (ასევე საოცარი დრამინგი ეგრეთ წოდებული ორმაგი ბას-დრამის ტექნიკით (შონ რაინერტი, ჯინ ჰოგლანი). იგი ხასიათდება მძიმე მეტალის მუსიკალური აგრესიულობით და ჯაზის ჰარმონიულობით (ორივე მათგანს საერთო აქვს ის, რომ უდიდეს ტექნიკურობას, ვირტუოზულობას და პროფესიონალიზმს მოითხოვს, ამავდროულად ურთულესი შესასრულებელია) ჯაზ მეტალის პირველი მაგალითი სამოცდაათიან წლებში უნდა ვეძებოთ ლეგენდარულ ბირმინჰემული (ინგლისი) ჯგუფის ბლექ საბათის 1978 წლის ალბომში (never say die). სწორედ საბათის Air Dance და ინსტრუმენტალი Breakout არის ჯაზ მეტალის უძველესი ნიმუში. საბათმა სწორედ ამ ორ სიმღერაში გამოიყენა პირველად საქსოფონი და ფლეიტა. ჯაზ მეტალის ელემენტებს მოგვიანებით ვხვდებით Iron Maiden-ის 1988 წლის ალბომში Seventh Son Of A Seventh Son. 

     1989 წელს ჯაზ-მეტალის ისტორიაში გარდატეხა მოხდა. ჯაზ მეტალი ახალ ფაზაში გადავიდა (რომელსაც მოგვიანებით პროგრესული/ტექნიკური ან ჯაზ დეს მეტალი უწოდეს). იგი შეერწყა ფლორიდულ დეს მეტალს, რომელიც ხასიათდება თავისი სწრაფი, ტექნიკური და უმძიმესი ჟღერადობით. ამ წელს ამერიკულმა მეტალ ჯგუფმა Atheist-მა გამოუშვა ალბომი სახელად „Piece Of Time”. პირველივე სიმღერა იწყება ბას-სოლოთი (მას ასრულებს როჯერ პეტერსონი, ახალგაზრდა ფენომენალური ბას-გიტარისტი, რომელიც სამწუხაროდ 22 წლის ასაკში გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში), რომელსაც აგრესიული, დამანგრეველი და ულამაზესი გიტარ-რიფები და სოლოები მოჰყვება (როჯერის სიკვდილის შემდეგ ჯგუფმა Unquestionable Presence გამოუშვა 1991 წელს, სადაც მის მიერ დაწერილ ბას პარტიებს ტონი ჩოი ასრულებს. უცნაურია ჯაზ მეტალის (და კიდევ უფრო უცნაურია ჯაზ-დეს-მეტალის) სტრუქტურული აგებულება. შეიძლება ბრუტალური (სასტიკი) და სწრაფი ინსტრუმენტალიდან უეცრად კოსმოსურ და ჰარმონიულ ჯაზის დამახასიათებელ მელოდიაზე გადავიდეს. ათეისტის შემდეგ ჯაზ-მეტალმა განაგრძო განვითარება და 1991 წელს ლეგენდარულმა ასევე ფლორიდულმა დეს მეტალის პიონერმა DEATH-მა (რომელიც ჩაკ შულდინერის შექმნილია) გამოუშვა გრანდიოზული და ყველა დროის ერთ-ერთი გავლენიანი ალბომი (შეგვიძლია პინკ ფლოიდის Dark side of the moon-ს და საბათის დებიუტ ალბომთან დავაყენოთ გვერდში) სახელად Human. ამ ალბომში ჩვენ ვხვდებით ჯაზ მეტალის და ჯაზ დეს მეტალის ინსტრუმენტულ მაგალითს სახელად Cosmic Sea. მუსიკა იწყება ორი გიტარის ჰარმონიული სოლოთი (რომლითაც წარსულში სახელი გაითქვა Iron Maiden-მა), შემდეგ მუსიკა მშვიდდება, ჩიკ კორეასეულ ფიუჟენს ემსგავსება და სიმღერის შუა ნაწილში სრული აფეთქება ხდება, მაშინ როდესაც სტივ დი ჯორჯიო (ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ბასგიტარისტი) რბილ ბას სოლოს უკრავს, რის შემდეგაც მუსიკა მძიმდება და გადადის ფლორიდულ დეს მეტალში. სახელიც კი შესაფერისი აქვს ამ მუსიკას. ადამიანი გადაჰყავხარ სხვა სამყაროში (ზემოხსენებულ ალბომსაც კი "ადამიანი" ჰქვია და ხვდები თუ რამდენად მრავალფეროვანი და ლამაზია ეს სამყარო, სამყარო კოსმიური ზღვა არის). 1993 წელს ჯაზ მეტალის მესამე გიგანტმა Cynic-მა გამოუშვა ალბომი სახელად Focus (ამ ალბომში იგრძნობა დესის გავლენა, რადგან დესის ორმა წევრმა გიტარისტმა პოლ მასვიდალმა და დრამერმა შონ რაინერტმა ჩამოაყალიბეს ეს ჯგუფი). Textures-ჰქვია სახელად ინსტრუმენტალს სადაც ჭარბობს სიმძიმე, აკუსტიკური გიტარები, ჩაპმანის ჯოხი, ლათინური მუსიკის პერკუსიები და რბილი ბასის ხმა. 1993 წლიდან მოყოლებული არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ალბომი გამოვიდა ამ სტილებში (Elements (Atheist), Traced in Air (Cynic) და Individual Thought patterns (DEATH)(სადაც სტივ დი ჯიორჯიო უკრავს ბას გიტარაზე, რომელსაც ლადები არ გააჩნია და ეს ქმნის კლასიკური ჯაზ ბასგიტარის რბილ და მოგუდულ ხმას (წააგავს ჯაკო პასტორიუსის ბას გიტარის ეფექტს). 

     ჯაზ მეტალმა კიდევ ერთხელ გამოანათა როდესაც კანადურმა ჯგუფმა Beyond Creation-მა 2011 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით The Aura და 2014 წელს Earthborn Evolution. აქ კიდევ ერთ ახალგაზრდა ბასგიტარისტს ვხვდებით ფრანგი წარმოშობის დომინიკ „ფორესტ“ ლაპოინტეს, რომელიც ბას გიტარას კიდევ უფრო მრავალფეროვან და ექპერიმენტულ ინსტრუმენტად აქცევს. მისი სოლოები ჩანს The Aura, Omnipresent Perception, Theatrical Delirium და Earthborn Evolutionში. 2016 წელს ქართველი მუსიკოსი და უნიჭიერესი დრამერი რომან ლომთაძე გაერთიანდა თვით ლეგენდარულ ჯაზ ბასგიტარისტთან ვიქტორ ვუტენთან ერთად (Octavision) და მალე გამოვა ალბომი სახელად Three Lives. მე მოხარული ვარ, რომ ჯაზ მეტალი ვითარდება და კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს წვდება მსოფლიო მუსიკალურ ასპარეზზე, რადგან ამ აგრესიულ, მძიმე, სწრაფ და ამავდროულად ულამაზეს მუსიკალურ სტილში დევს ის მუსიკის სული, რომელიც ხელოვნებას უფრო ლამაზს, დიდებულს და მრავალფეროვანს ხდის.


No comments

Powered by Blogger.