For The Chief - თბილისის ჯაზ ფესტივალი - Tbilisi Jazz Festival 2018





        მისი საყვირის ხმა წარსულს ,აწმყოს და მომავალს აერთიანებს. ეს ხმა გრანდიოზულობის და სილამაზის აპოთეოზია. ამ კაცს თავისებური ჩახლეჩილი ხმა და საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. იგი საოცრად ინტელექტუალი მუსიკოსი იყო. უყვარდა ჩაძიება და ახალი სიმაღლეების აღმოჩენა მუსიკის მიუღწეველ მწვერვალებზე (მან ეს ნამდვილად შეძლო და სრულიად ახალი სახე აჩვენა მუსიკალური იდეების წარმოჩენის საქმეში. იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად ითვლება. ითვლება არამხოლოდ იმ ალბომების თუ კომპოზიციების გამო რაც მან შექმნა, არამედ იმ ახალგაზრდული, მუდამ სიახლის მომცემი სულიერების გავრცელებისთვის ,რომელიც დღემდე უდიდეს გავლენას ახდენს მუსიკალურ სამყაროზე. საუბარია მაილს დევისზე კაცზე, რომელმაც ჯაზი სრულიად შეცვალა და ძალიან დაეხმარა ჯაზმენებს, რომ ახალი,სწორი,საკუთარი გზა ეპოვათ იმისათვის თუ როგორ შეექმნათ საოცარი კომპოზიციები ძალიან მარტივი და გენიალური ხერხებით. მაილსმა ერთხელ მიმართა მუსიკოსებს: „ნუ შეგეშინდებათ შეცდომების,ისინი არ არსებობენ“. გამახსენდა ლეგენდარული ჰერბი ჰენკოკის 90-იანი წლების ინტერვიუ, სადაც იგი ყვება თუ როგორ შეეშალა ერთ-ერთი კომპოზიციის დროს აკორდი ფორტეპიანოზე, მაგრამ მისდა გასაოცრად მაილსმა ისეთი ნოტები აიღო საყვირზე და აჰყვა ისე, რომ ეს შეცდომა გამოუსწორა. როგორც ჰენკოკი ამბობდა შოკისგან მან მთელი ერთი წუთის განმავლობაში დაკვრა ვეღარ შეძლო რადგან, მაილსმა საკმაოდ მარტივად გამოასწორა ეს შეცდომა და სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ჰერბიმ ვეღარ შეძლო აჰყოლოდა ბენდს. მაილსმა ნამდვილად დაამტკიცა ამ მოქმედებით ,რომ მუსიკა უსასრულო იდეებით არის აღსავსე. მაილს დევისი მართალია 27 წელია გარდაიცვალა ,მაგრამ  საქართველოს ხვდა წილად დიდი ბედნიერება ,რომ უკვე მეორედ Miles Electric Band საქართველოს ისევ ეწვია (პირველად ეს მოხდა ბათუმის ჯაზ ფესტივალზე 2016 წელს), მაგრამ ამჯერად ბენდში მაილსის ყოფილი ბასგიტარისტი რიჩარდ პეტერსონი (რომელმაც მაილსის არაერთ ტურნეზე შეასრულა) უკრავდა.

          წლევანდელი რიგით 21-ე თბილისის ჯაზ ფესტივალი (საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2018 წლიდან ქართული ჯაზ ფესტივალი დაემთხვევა ჯაზის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მისი ჩამოყალიბების იდეა ჰერბი ჰენკოკს ეკუთვნის, რაც ძალიან სასიხარულო სიახლეა ქართველი მსმენელთათვის) 28 აპრილს თბილისის ივენთ ჰოლში ქართულმა „Sandro Bibich Trio”-მ გახსნა. სამმა ქართველმა ნიჭიერმა ახალგარზდა მუსიკოსმა ფოლკლორული ელემენტებით სავსე ჯაზი შემოგვთავაზეს ,სადაც ნამდვილად იგრძნობოდა ავანგარდული ჯაზის გავლენაც. კომპოზიციების უმრავლესობა ტრიოს დაწერილი იყო, რაც ნამდვილად საამაყოა. ტრიოს შემდეგ სცენაზე ლეგენდარული ამერიკული ექპერიმენტული ჯაზის ოსტატები The Bad Plus გამოვიდა. Bad Plus-მა თავდაპირველად სახელი გაითქვა ლეგენდარული ბენდების კომპოზიციების ჯაზურ სტილში დაქავერებით. ამის გენიალური მაგალითია The Bad Plus-ისეული ვერსიები ისეთი კომპოზიციებისა, როგორებიცაა: Pink Floyd-ის Comfortably Numb, Black Sabbath-ის Iron Man, Rush-ის Tom Sawyer და Bee Gees-ის How Deep Is Your Love. თითოეული ქავერი სრულიად განსხვავებულია ორგინალებისგან და უნიკალური ახალი ვარიაციებით არის სავსე. მცირე პერიოდის შემდეგ მათ საკუთარი მუსიკის წერაც დაიწყეს, რომელიც სავსეა ელექტრონული მუსიკის ელემენტებითაც.The Bad Plus-ის მუსიკა სიმშვიდით ,მაგრამ პერიოდულად სწრაფი მოძრაობით გამორჩევა.ისინი ტემპს ხშირად ცვლიან და მათი ცოცხლად შესრულებული კომპოზიციები ნამდვილად დაგარწმუნებთ იმაში თუ როგორი ექსპერიმენტული ხმის ბენდია.
      29 აპრილს, ფესტივალის მეორე დღეს კლუბ „რესპუბლიკაში“ Naturally 7-ის კონცერტი გაიმართა.ეს გენიალური შვიდეული გამოირჩევა იმით რომ ისინი თითოეულ ინსტრუმენტს(იქნება ეს ბას-გიტარა,ელექტრო გიტარა,დრამი თუ სინთეზატორი) თავიანთი ხმებით ბაძავენ და მუსიკასაც სწორედ ასეთი უცნაური და უცნობი გზით ქმნიან. მათი ჰარმონიული გადასვლები და ხმებით ასეთი „თამაში“ გასაოცარია. მათ არაერთი ცნობილი კომპოზიცია შეასრულეს. მათ შორის იამაიკური ჯგუფის The Melodian-ის ლეგენდარული რეგის სტილში შექმნილი სიმღერა „Rivers Of Babylon”, ასევე The Beatles-ის ჯორჯ ჰარისონის მიერ დაწერილი „While My Guitar Gently Weeps”, რომლის გიტარ სოლოც ერთ-ერთ საუკეთესო სოლოდ ითვლება (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Naturally Seven-ის ერთ-ერთმა წევრმა ლი რიკარდო კორტმა სოლო ვოკალურად დაუკრა, გიტარის პედალის დახმარებით. მას აშკარად საკმაოდ დიდი ვოკალური დიაპაზონი აქვს). Naturally 7-მა არაჩვეულებრივი საღამო აჩუქა ქართველ მსმენელს. შვიდეულის შემდეგ სცენაზე „ჯამიროქუაის“ დრამერი დერიკ მაკენზი გამოვიდა საკუთარი DJ-Set-ით რაც ნამდვილად სიახლეა ბენდის მსმენელთათვის.
  30 აპრილს დადგა ის დღე, როდესაც არაჩვეულებრივი მუსიკოსებისგან შემდგარი თბილისის Conservatoire Jazz Band-ის გამოსვლის შემდეგ ფილარმონიის დიდ საკონცერტო სცენაზე “Miles Electric Band” წარსდგა ქართველი ჯაზის მოყვარულთა წინაშე. ბენდს მაილსის დისშვილი გრემის მფლობელი( ვინს ვილბორნ უმცროსი უდგას სათავეში. იგი მაილსის მუსიკალური მემკვიდრეა და წარსულში მაილსის რამდენიმე ალბომში თუ ლაივ ჩანაწერში აქვს დაკრული დრამზე (ამავდროულად იგი პროდიუსერია ისეთი დიდებული ალბომისა როგორიცაა „You Are Under Arrest“, რომლის ყდაზეც ჩვენ ვხედავთ მაილსს, რომელსაც ძალიან მოდურად და თავისებურად აცვია). ვინსი მაილსის ბენდში სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა(1984-1987 წლები) და მან დაუმტკიცა მაშინდელ ჯაზისა თუ ფიუჟენის სცენაზე მოღვაწე მუსიკოსებს ,თუ როგორი პროფესიონალია. ვინსი ახალ თაობას უზიარებს მაილსის უკვდავ მუსიკას თავის დიდ ბენდთან ერთად, რომელიც ძალიან მულტიკულტურულია და არაერთ გრემის მფლობელ თუ ნომინირებულ წევრს მოიცავს. თბილისში გამართული კონცერტის განმავლობაში დიდ ეკრანზე მაილსის ფოტო იყო გამოსახული. სახეს ძალიან ჭკვიანური მზერა ჰქონდა და დიდი ასოებით ეწერა For The Chief. ეს ძალიან ეფექტური წინადადება ზუსტად აჩვენებს ვინსისა თუ სხვა წევრების უდიდეს პატივისცემას მაილსის მიმართ. მთელი კონცერტის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ თითქოს მაილსის უკვდავი სული მსმენელთა და მუსიკოსთა გვერდით იყო. ბენდმა დევისის მიერ შექმნილ კომპოზიციებთან ერთად მისივე სტილში იმპროვიზირებული ინსტრუმენტალები შეასრულეს. ერთმანეთს ორი მესაყვირე და ასევე ლეგენდარული საქსოფონისტის ჯონ კოლტრეინის (რომელიც მაილსთან ერთად უკრავდა ისეთ მოდალური ჯაზის უპირველეს ალბომში როგორიცაა “Kind Of Blue”) შვილი ასევე საქსოფონისტი რავი კოლტრეინი ენაცვლებოდნენ.რავი მამის გზას აგრძელებს.იგი უდიდესი მცოდნეა ინსტრუმენტის და მუსიკალური სიღრმეების, ალბათ სწორედ ამიტომ აიყვანა ჯონიც ბევრი წლის წინ თავის ბენდში მაილსმა. კონცერტის შუა ნაწილში ბასისტმა რიჩარდ პეტერსონმა დიდებული ბას-სოლო შეასრულა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მაილსის საყვირის ხმებს, მის ლაპარაკსა და სხვადასხვა ეფექტებს DJ Hapa ამატებდა.კონცერტის კულმინაციურ ნაწილში არაჩვეულებრივმა გიტარისტმა დევიდ გილმორმა(David Gilmore) (არ უნდა შეგვეშალოს დიდი Pink Floyd-ის ვირტუოზ დევიდ გილმორში(David Gilmour)) შეასრულა გიტარ-სოლო, რომლის დროსაც მსმენელმა დაინახა მისი გემოვნება და მუსიკალური მრავალფეროვნება. კონცერტი რა თქმა უნდა ოვაციებით დასრულდა. მაილს დევისი უნივერსალური აზროვნების მუსიკოსი იყო. მის მუსიკაში ჩვენ ვხედავთ ჰუმანურობას და სიყვარულს. ინტრუმენტალი აზრიანი და ჩამთრევია. ამის ცოცხალი მაგალითია Mr. Pastorius(რომელიც ლეგენდარულ ბასისტ ჯაკო პასტორიუსის ხსოვნას ეძღვნება).

P.S. ეს დღე იმიტომ იყო ჩემთვის, როგორც მაილს დევისის მსენელისთვის დიდი ბედნიერების მომტანი, რომ ვინსთან ერთად ფოტო გადავიღე.ვინსი არაჩვეულებრივი და ნათელი ადამიანია.
„ცოდნა თავისუფლებაა ხოლო უვიცობა მონობა“ - მაილს დევისი

No comments

Powered by Blogger.