Do It Again - "The Chemical Brothers"-ის შოუ რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკის ტერიტორიაზე

 

            2018 წლის 1 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკის გიგანტურ ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ქართველ მოყვარულთათვის უმნიშვნელოვანესი შოუ გაიმართა. ტომ როულენდმა და ედ საიმონსმა დაუვიწყარი წარმოდგენა აჩუქეს ქართველ მსმენელს. ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილნი არიან, როგორც “The Chemical Brothers” - ანუ ქიმიური ძმები. მათი „მუსიკალური ძმობა“ უკვე მრავალი წელია გრძელდება (1989 წლიდან მოყოლებული). ამ მუსიკალურ დუოზე დიდი გავლენა მოახდინა ისეთმა თვალსაჩინო მუსიკოსებმა თუ ბენდებმა როგორებიცაა( სხვათაშორის ამ არტისტებთა შორის რამდენიმე არაელექტრონული მუსიკის შემსრულებელი ბენდი გამოირჩევა): „Kraftwerk“, „New Order“(ინგლისური ჯგუფის „Joy Division“-ის ყოფილი წევრებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა პოსტ-პანკის ელექტრონიკასთან შეზავებით), “The Clash”(პანკ როკის პიონერი The Ramones-თან და “Sex Pistols-თან ერთად ), „Sisters Of Mercy“(გოთური როკის ლეგენდარული ბენდი) და რა თქმა უნდა „Chemical“-ისეულ შოუებს საგრძნობლად ეტყობა „Pink Floyd“-ის ვიზუალური თუ ფსიქოდელიური როკის გავლენა (შოუს მსვლელობისას გამახსენდა ფლოიდის 1994 წლის ვიდეო და აუდიო ალბომი „P.U.L.S.E.“).

        რომ გადავხედოთ „ქიმიური ძმების“ წარსულს, თავდაპირველად ისინი მიქსავდნენ რამდენიმე პოპულარული მუსიკოსის სიმღერებს (მათ შორის: Barry White,Oasis და The Beastie Boys) ქმნიდნენ თავისებური იდეების ნაზავს და შეიძლება ითქვას მათ მარტივად მოიპოვეს ამით ძლიერი დუოს და DJ-ეების რეპუტაცია. შემდეგ რა თქმა უნდა მიჰყვენენ საკუთარი კომპოზიციების შექმნას. წლების განმავლობაში მათ ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ელექტრონიკის თანამედროვე სცენაზე და ისეთ სტილზე, როგორიცაა Big Beat( ამ სტილს თუ დაუკვირდებით მარტივად შეამჩნევთ („Chemical“-ის გარდა ამ სტილის პიონერად ასევე ინგლისური  The Prodigy (რომელიც ასევე ესტუმრა საქართველოს 2016 წელს) და Fatboy Slim (ესტუმრა ჩვენს ქვეყანას 2015 წელს) ითვლებიან. საბედნიეროდ უკვე „Big Beat“-ის დიდი სამეული ეწვია ჩვენს ქვეყანას. ) თუ როგორი დომინანტურია დრამბიტები. ეს ბიტები სწრაფად მოძრაობს,(120-140 BPM-ში ანუ დარტყმა წუთში) უხეშ, დაზიანებულ, რითმულ ხმას გამოსცემს და იქმნება სემპლინგის საშუალებით. ამჯერად „Chemical Brothers“-მა 8 სტუდიური ალბომი გამოუშვა და მუსიკალური დუოს ორივე წევრი გეგმავს ახალ სოლო პროექტებს „Chemical“-ის მსოფლიო ტურნეებთან ერთად.

        “ქიმიური ძმების“ მართლაც დიდებული შოუ მოტოპარკში „Eastern Promotion“-ის ძლიერი გუნდის მუშაობის შედეგად დაუვიწყარი აღმოჩნდა ქართველი ელექტრონული მუსიკის გულშემატკივრთათვის. გიგანტურ სასცენო აპარატურის დამონტაჟებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. მუშაობდა უამრავი ადამიანი იმისათვის, რომ შოუ ძალიან ეფექტური ყოფილიყო. სცენაზე შეამჩნევდით მრავალ უმაღლესი ხარისხის გასანათ მოწყობილობებს. იყო მრავალი ფერის, ზომის და ფორმის განათება. გიგანტური ეკრანის უკან ლაზერი იყო დამონტაჟებული (საკონცერტო სცენაზე ამ დღეს არაერთმა ლაზერმა გაანათა). ფაქტია, რომ საქართველოს მუსიკალურ და სასცენო ისტორიაში ასეთი ლაზერ შოუ არ ჩატარებულა წარსულში. ეს ულამაზესი და შთამბეჭდავი წარმოდგენა იყო. ერთ-ერთი ელექტრონული თრექის შესრულებისას ეკრანზე გიგანტური თეთრი ფიგურა გამოჩნდა (აღსანიშნავია ის ფაქტი რომ „ქიმიური ძმების“ შოუები ძალიან თეატრალურია. თქვენ დაინახავდით ეკრანზე უძველესი ბერძნული თეატრის ნიღბებს და მოცეკვავე ადამიანებს ამ ნიღბებით( ეს ძველი საბერძნეთის იმ პერიოდიდან მოდის, როდესაც მსახიობები ნიღბებით თამაშობდნენ), უძველესი ტაძრების სქემურ ინტერიერს და ექსტერიერს (კადრები გვამოგზაურებდნენ ძველ დროში) და თანამედროვე ამავე ტაძრების კადრებს. მეგონა რომ ჩვენს თვალწინ ძველი ბერძნული მითების და ლეგენდების გმირები ცოცხლდებოდნენ!), რომელიც ელექტრონული დუოს სინთეტიკურ ვოკალურ ნაწილს ჰყვებოდა პირით. ეს ფიგურა ხელებს ამოძრავებდა და უეცრად ხალხისკენ გამოიშვირა ხელები, რომლიდანაც დიდმა თეთრმა ლაზერულმა სხივმა გამოანათა. იყო უამრავი ფსიქოდელიური მოგზაურობის ელემენტი, როგორც მუსიკალურად( ვგულისხმობ ფსიქოდელიის და Ambient მუსიკის გემოვნებიან სიჭარბეს), ასევე ვიზუალურად, როდესაც  ტექნოს უკრავდნენ ეკრანზე კადრებმა ხასხასა წითელი ფერის ტყეში გადაინაცვლა, სადაც არანორმალური სისწრაფით მოძრაობდა კამერა. მსმენელი მარტივად შეიგრძნობდა ცოტა შიშსაც, რადგან მუსიკა ამ უცნაურ კადრებს შეერწყა (თითქოს წამიერად გავიფიქრე ეს ნამდვილი საგიჟეთის სახეა მუსიკოსის თვალით დანახული მეთქი). Chemical Brothers-მა თავიანთ პოპულარულ სიმღერებთან ერთად(Hey Boy Hey Girl“, „Do It Again“, „Got To Keep On“, „Escape Velocity და ა.შ.), არაერთი იმპროვიზაციული მიქსი და ხმათა ცვალებადობა შემოგვთავაზეს.

           კონცერტის დასასრულისკენ ორი გიგანტური რობოტი გაჩნდა სცენაზე (ლურჯი და წითელი ფერის. გამახსენდა ეგრეთწოდებული რეტრო ანუ ძველი ოთკუთხედთავიანი და კორპუსიანი რობოტები) ეს საოცარი სანახავი იყო. ეს რობოტები მოძრაობდნენ და მუცლის არეში ეკრანზე სხვადასხვა სახის კადრები ჩნდებოდა. თვალებიდან ლაზერებს ასხივებდნენ და ცეკვავდნენ. ჰაერში მოცეკვავე რობოტების ფონზე ტომი და ედი ისე ასრულებდნენ, რობოტებთან ერთად დამსწრე საზოგადოებაც მარტივად ააცეკვეს. ერთ-ერთი კომპოზიცია ოდნავ სევდიანიც იყო. მხიარულ ემოციებთან ერთად „ქიმიურმა ძმებმა“ ცოტათი გასნხვავებული, მელანქოლიური ემბიენთ კომპოზოცია შეასრულეს ეკრანზე ცისფერი ჩიტები დაფრინავდნენ და ეს ულამაზესი სანახაობა იყო. ფაქტი ერთია,რომ „The Chemical Brothers“ - მა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ელექტრონულ მუსიკის განვითარების იდეასა თუ საქმეში და ითვლება ძალიან გავლენიან Duo-თ. ვფიქრობ ეს შოუ გააძლიერებს ახალგაზრდა და დამწყებ ქართველ DJ-ებში იმის სურვილს და შესაძლებლობას, რომ თავისებური და ძლიერი მუსიკა შექმნან. ჩვენ უამრავი მუსიკალური ელემენტისა და ვიზუალური ესთეტიკის მომსწრენი გავხდით. ეს ერთგვარი ინტელექტუალური მოძრაობა იყო. კინემატოგრაფიის და თეატრალური წარმოდგენების გავლენით ფანტასტიკური მუსიკალური შოუ ჩატარდა.


          კონცერტის დაწყებამდე სცენაზე ჯეიმს ჰოლროიდი გამოვიდა, რომელიც "ქიმიური ძმების" ლაივების დაწყებამდე პროფესიონალურ DJ-სეტს სთავაზობს მსმენელს.იგი მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაჰყვება ტურნეებზე. მან ზუსტად იცი როგორ მოამზადოს მსმენელი და როგორ გაუკვალოს გზა ფანტასტიკური შოუს დასაწყის ნაწილს.




No comments

Powered by Blogger.