"The Tiger Lillies"- მა გასაოცარი შოუ გამართა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

 

...Yet more than worthy of the love
My spirit struggled with, and strove,
When, on the mountain peak, alone,
Ambition lent it a new tone...



             "The Tiger Lillies" ინგლისური დარქ კაბარე ტრიოა. დარქ კაბარე (Dark Cabaret) ანუ ბნელი კაბარე, საკმაოდ უცნაური მუსიკალური ჟანრია. იგი არის ნაზავი კაბარეს, გოთური როკის, პანკ როკის, რეტრო ჯაზის, დარკ ვეივის (Dark Wave) და მეცხრამეტე საუკუნეში გავრცელებული ფრანგული მუსიკალურ-თეატრალურ-პოეტური სტილებისა( ისეთი როგორიც გახლავთ: ვოდევილი და ბურლესკი). სწორედ ასეთ ბნელ და ლამაზ მუსიკას ქმნის ეს ფანტასტიკური ბენდი, რომელსაც ულამაზესი ყვავილის სახელი ჰქვია (Lílium lancifólium), პერიოდულად მუსიკალური "სიმახინჯე", ახასიათებს, რაც სწორედ მის პანკურ პროტესტულობაში გამოხატება. ინსტრუმენტალიკა უნაკლოა, თითოეულ ნოტში საოცარი მუსიკალურ ხედვას შეამჩნევთ.

         მარჯანიშვილის თეატრში, 20 სექტემბერს The Tiger Lillies, განსაკუთრებული მნიშვნელობის შოუთი გამოვიდა ქართველი მაყურებლის წინაშე. "Edgar Allan Poe's Haunted Palace" - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც ლეგენდარული ამერიკელი მწერლისა (შავი კატა, წითელი სიკვდილის ნიღაბი, სფინქსი და სხვა) და  პოეტის( ანაბელ ლი, ყორანი და სხვა) ედგარ ალან პოს საშინელებით მოცული გონების და ფანტაზიის ჩვენებაა. გენიალური ედგარის სულში მიმდინარე პროცესები, ნათლად ჩანს სპექტაკლის დაწყებისთანავე, სცენაზე პოს მოჭრილი თავი დევს(რა თქმა უნდა ეს ძალიან რეალისტური მანეკენის თავია.) შემდეგ სცენაზე შუქი ინთება და ჩვენ ვხედავთ "ყორანს" (პერსონაჟს, რომლის სახელიც პოს უკვდავი და ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით დაერქვა. "ყორანს" "The Tiger Lillies"-ის დამაარსებელი, მთავარი ვოკალისტი, მულტი-ინსტრუმენტალისტი (უკრავს გიტარაზე, აკორდეონზე, ფორტეპიანოზე, ბანჯოლელეზე და უკულელეზე) და არაჩვეულებრივი მსახიობი მარტინ ჟაკი განასახიერებს, რომელსაც სახეზე მკვდრისფერი, ფერმკრთალი, გრიმი აქვს წასმული სახეზე და ამ საზარელი, სიკვდილის მომასწავებელი ფრინველის ხმებს გასმოსცემს). სცენის მარცხენა და მარჯვენა მხარეს კიდევ ორ მუსიკოსს დაინახავდით: ძველებურ ტანისამოსში გამოწყობილ ბასისტ ედრიან სტაუტს (რომელიც აგრეთვე, ბექ-ვოკალისტია, შოუს ეფექტებს ქმნის, თერემინის ანუ თერმენ-ვოქსის საშუალებით, ასევე უკრავს მუსიკალურ ხერხზე და ვარგანზე) და დრამერს, პერკუსიონისტ (რომელიც ამავდროულად ასევე ბექ-ვოკალისტია) ჯონას გოლანდს.

           წარმოდგენაში მონაწილეობას დამატებით, ორი მსახიობი იღებდა: პიტერ კაულფილდი (რომელიც ედგარ ალან პოს განასახიერებდა და ვიზუალურად მას ძალიან ჰგავდა) და ლუსი ქილპატრიკი (რომელიც ანაბელ ლის, (ამავე სახეწოდების პოს უკანასკნელი დასრულებული პოემა) ედგარ ალან პოს მეუღლის ვირჯინია პოს პროტოტიპი, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა 1847 წელს და სწორედ ამ მიზეზის და სევდის გამო მიეძალა ედგარი ალკოჰოლურ სასმელებს, რის შედეგადაც 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა. სწორედ სპექტაკლშია ნაჩვენები თუ როგორ აძლევს ალკოჰოლს მელნის ბოთლით "ყორანი", როგორ ატყუებს პოს რომ დალიოს იგი და მოტყუვდეს და ვითომდა ინსპირაცია მიეცეს იმისა, რომ უკეთ წერდეს, მაგრამ ეს "მელანი"(პოს ფიქრებში მთავარი მისი იარაღი) მას ღუპავს.           ბასლაინები (მოძრავი ულადო ბასის მეფურად ლამაზი ჟღერადობა) და დრამის პარტიები იმდენად ლამაზად ავსებდა მარტინ ჟაკის მელოდიურ ნაწილებს, რომ დაგაფიქრებდათ პოს ლამაზ და მუსიკალურ პოეზიაზე. ყველა სიმღერა ბენდის შექმნილი იყო და იდეალურად ერწყმებოდა ამ ბნელ მაგრამ აზრიან გამონათქვამებს და შეიძლება ითქვას პოსეულ აფორიზმებს. პოს სურდა ბედს გაქცეოდა. მუსიკალურად შექმნილი საშინელებასთან შეგუება ხომ შეუძლებელია. პომ სიცოცხლეში ვერ ნახა შვება, მაგრამ სიკვდილის შემდეგ გახდა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი და მწერალი, გიგანტური ინსპირაციის და პოეტური ტალღის მომტანი, რომელიც ქარიშხალივით მოძრაობს და ანადგურებს თავისი სიტყვით ყველანაირ შეზღუდვებს. იგი არ გამოირჩეოდა პოეტური სიტყვების სიმრავლით და სწორედ ამაში იყო მისი დიდება. გენიალურად შესრულებული და დადგმული სპექტაკლი დიდი ოვაციებით დამთავრდა. ერთ რამეს მივხვდი. ყველაზე მიუღწეველ სიბნელეშიც კი უნდა ვხედავდეთ სინათლეს. პოს დეპრესიული პოეზიის მთელი ხიბლიც ამაშია. მისი ხედვა ძალიან პროგრესულია და შეუძლია ადამიანებს უჩვენოს ნათელი გზა, ფსეუდო ბნელი ფორმების მეშვეობით. პო უდავოდ მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Events.ambebi.ge-ზე: "The Tiger Lillies"- მა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გასაოცარი შოუ გამართა.

No comments

Powered by Blogger.