თბილისის ჯაზ ფესტივალი 2019 - Tbilisi Jazz Festival 2019 - Beyond The Tbilisi Sky ( პეტ მეთინის ორი დაუვიწყარი კონცერტი თბილისში)
წლევანდელი ყოველწლიური და უმნიშვნელოვანესი თბილისის ჯაზ ფესტივალი, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა - 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით. 2019 წელი ფესტივალისთვის და ქვეყნისთვის მეტად საინტერესოდ დაიწყო. 28 თებერვალს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ სცენაზე თბილისის ბიგ ბენდი (კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად) გამოვიდა. მათ რამდენიმე ჯაზ-სტანდარტთან ერთად, ბლუზისა და როკ-ენდ-როლის სტილში შეასრულეს სიმღერები თუ ინსტრუმენტალები. ბიგ ბენდი გამოცდილი და პროფესიონალებისგან შემდგარი მუსიკოსთა შემადგენლობაა, რომელიც მრავალი წელია არსებობს და მოღვაწეობს. ახალი თაობის წარმომადგენლებმაც, ნამდვილად დაამტკიცეს, რომ ისინი არაჩვეულებრივ მუსიკოსებად ყალიბდებიან. ახალგაზრდა ქართველმა ბას-გიტარისტმა ხატია ქორიძემ ლამაზად და სუფთად დაუკრა ბას-ლაინები.
პეტ მეთინი და ჯაკო პასტორიუსი
ფესტივალის მომდევნო დღეს, 1 მარტს , თბილისის ივენთ ჰოლის სცენაზე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი, ჯაზ-გიტარის ტიტანი და მულტი-ინტრუმენტალისტი პეტ მეთინი, რომელიც 20 გრემის და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელია, თავის ფანტასტიკურ ტრიოსთან ერთად წარსდგა ქართველი მსმენელის წინაშე. პეტთან ერთად ორი არაჩვეულებრივი ვირტუოზი მუსიკოსი უკრავდა: ბასისტი დერეკ ოლეჟკიევიჩი და ახალგაზრდა დრამერი ჯონათან ბარბერი. პეტი საოცარი წარსულის მქონე მუსიკოსია. არ არსებობს თანამედროვე ჯაზ-გიტარისტი, რომელიც მის გავლენას არ განიცდის (შეგვიძლია შევადაროთ, მაილს დევისისეულ გავლენაზე თანამედროვე საყვირის განვითარებაში), მას ისეთ დიდებულ მუსიკოსებთან ერთად აქვს შესრულებული როგორებიც გახლავთ: ჯაკო პასტორიუსი, (სხვათაშორის პეტის პირველ ალბომში "Bright Size Life", სწორედ ჯაკო ასრულებს თავის ორიგინალურ ბას-პარტიებს; ასევე ჯაკო პასტორიუსის და პეტ მეთინის კოლაბორაციულ პირველ არაოფიციალურ ალბომში სახელად "Jaco" (არ უნდა შეგვეშალოს ამავე სახელწოდების, ჯაკოს დებიუტ ალბომში), ჯონ სკოფილდი (ერთობლივი ალბომი: " I Can See Your House From Here) დევიდ ბოუი ( სიმღერაში "This Is Not America") და ჯაზ-ბასგიტარისტი ჩარლი ჰეიდენი. კონცერტის დასაწყისში სცენაზე მხოლოდ პეტი გამოჩდა, რომელიც საკმაოდ უცნაური ფორმის გიტარაზე უკრავდა. ეს 42 სიმიანი ინსტრუმენტი რამდენიმე სახის გიტარას (ბარიტონულს, კლასიკურს და ულადოს) მოიცავს ერთ მთლიან საკრავში. ამ ინსტრუმენტს, ლეგენდარული ესპანელი მხატვრის და მოქანდაკის პაბლო პიკასოს დეფორმირებულ ქანდაკებებთან (და რამდენიმე ცნობილ ნახატთან) მსგავსების გამო "პიკასოს გიტარა" შეარქვეს. კონცერტზე კლასიკურ ჯაზის მრავალ ელემენტთან, ჯაზ-ფიუჟენის, ავანგარდის და ფოლკის ნაზავს მოუსმენდით. იმპროვიზაციულ შესრულებასთან ერთად შესრულდა პეტის ცნობილი ინსტრუმენტალებიც.
პეტი "პიკასოს" გიტარაზე უკრავს
ფესტივალის უკანასკნელი დღეს, 2 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე დადგა. ცნობილი ქართველი დირიჟორი და მუსიკოსი ვახტანგ კახიძე, თავის უძლიერეს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეურთდა პეტ მეთინის ტრიოს და ერთობლივი ძალით შესრულდა პეტისა და ჩარლი ჰეიდენის 1996 წლის ალბომის "Beyond The Missuri Sky" და ასევე პეტის სხვადასხვა ჰიტების მათ შორის: "Farmer's Trust"-ის სიმფონიური ვარიანტები (უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს ალბომი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველად დაიკრა სრულად ( რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის, ქართველებისთვის). დერეკ ოლეჟკევიჩის მოძრავი, მსუყე, ხანდახან ძალიან რბილად ჟღერადი ლამაზი სვლები, მის საინტერესო ინდივიდს ქმნის. იგი ნამდვილი ბასის ოსტატია, გრძნობს ინსტრუმენტის სულს და ელაპარაკება მსმენელს. ჯონათან ბარბერმა ლამაზი დრამ-სოლო შემოგვთავაზა, ბოსა ნოვას, სვინგის, ჯაზის და ჯაზ ფიუჟენის რიტმული მოძრაობით, რომელიც მეტყველებდა მის ძლიერ და მრავალფეროვან მუსიკალურობაზე. პეტი მათ ძალიან დიდი თავისუფლებას აძლევდა და პერიოდული გაჩერების შემდეგ გრანდიოზულად ერთვებოდა მათთან ინსტრუმენტულ დუელში. ვახტანგ კახიძემ სამაგალითო პროფესიონალიზმით და სიყვარულით დაუმტკიცა მსმენელს თუ რამდენად ესმის და უყვარს მუსიკა, და როგორ ზრდის იგი, ყოველწამიერად მისი ორკესტრის წევრებს (მათაც კი ვინც უკვე ძალიან გამოცდილია). პეტი გიტარაზე იმდენ ფლაჟოლეტს იღებდა და იმდენად საინტერესო ატმოსფეროს ქმნიდა, რომ გეგონებოდათ დარბაზის ჭერი ნათელ ცად იქცა და ვარსკვლავები იმდენად ძლიერად ანათებდნენ, რომ დაგაჟრიალებდათ ისეთი მოძრაობით, რაც 2 მარტს დიდ საკონცერტო დარბაზში ხდებოდა. ერთ-ერთი კომპოზიციიის დროს, როდესაც ორკესტრი და პეტი ურთიერთობდნენ მათთვის საერთო "მშობლიური" ინსტრუმენტული ენით, რამდენიმე წამის განმავლობაში თავი მეგონა ზღვის პირას, რომლის ტალღებიც იზრდებოდა, შემდეგ მცირდებოდა, მშვიდდებოდა და პირვანდელ გაჩერებულ მდგომარეობას უბრუნდებოდა. კონცერტის განმავლობაში პეტი მრავალ საოცარ ეფექტს იყენებდა და რამდენიმე გიტარაზე მონაცვლეობით უკრავდა. ერთ-ერთი ელექტრო გიტარის ეფექტი ალტო საქსოფონის ხმას მოგაგონებდათ. პეტი სახეზე ბედნიერი სჩანდა, მოსწონდა პუბლიკის რეაქცია. მოწიწება იგრძნო ხალხისგან ტიტანმა. კაცმა რომელმაც სამუდამოდ შეცვალა გიტარის მომავალი (მისი გავლენით შეიქმნა მრავალი ჯგუფი მათ შორის: ჯაზ-მეტალის და პროგრესული როკის ლეგენდარული ამერიკული ბენდი "Cynic" (მათ ალბომებში ძალიან იგრძნობა პეტის სულიერი და მუსიკალური გავლენა). 2 მარტს პეტ მეთინიმ და ვახტანგ კახიძის თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა გალაქტიკის ერთ-ერთი ულამაზესი ვარსკვლავი ჩამოხსნეს ცას და ქართველ მსმენელს აჩუქეს. ეს სასწაული დღე იყო, რომელიც ნამდვილად დასამახსოვრებელია და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.
Pat Metheny
Tbilisi Jazz Festival
Eastern Promotions
Leave a Comment