ჯადოსნური ჟღერადობის მოგონებები - (Black Sea Jazz Festival 2019 - შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 2019)
Music, at its essence, is what gives us memories.
And the longer a song has existed in our lives, the more memories we have of it. (Stevie Wonder)
ყოველწლიური "შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი", წელსაც მრავალფეროვანი გახლდათ. პეტ მეთენის ორი ფანტასტიკური კონცერტის შემდეგ, Eastern Promotions-ის ძალისხმევით 18, 19 და 20 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე, არაერთი მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი გამოვიდა ქართველი მსმენელის წინაშე. მოგონებები თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია, შეიძლება ის იმდენად ძლიერი იყოს, რომ ადამიანს მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში დაამახსოვრდეს, გონებაში ჩაებეჭდოს.
18 ივლისის საღამოს სცენაზე ქართველი DJ Machaidze გამოვიდა, რომელმაც რეგულარული სეტი შესთავაზა მსმენელს. იგი რამდენიმე წელია რაც ფესტივალის სხვადასხვა დღეს უკრავს საინტერესო DJ პერფორმანსებს. ამავე დღეს სცენაზე თანამედროვე ფანკის ერთ-ერთი წარჩინებული წარმომადგენელი, ფანტასტიკური მუსიკოსი და კომპოზიტორი კორი ჰენრი წარსდგა ქართველი მსმენელის წინაშე , თავის უძლიერეს ბენდთან ერთად, რომელსაც სახელად "The Funk Apostles" ჰქვია (კორი მეორედ იყო ამავე ბენდთან ერთად საქართველოში. პირველად მან ბათუმის ჯაზფესტივალზე 2017 წელს დაუკრა.). "გრუვის" და ფანკის მაგიური მოქმედების წყალობით, ჩვენი დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ორღანისტმა ეპოქალური ორღანის ბრენდის "Hammond" - ის ყველაზე პოპულარულ მოდელზე (B3) არაერთი თავბრუდამხვევი სოლო შეასრულა. მისი თითები ინსტრუმენტზე ძალიან მოქნილად მოძრაობდა. იგი გემოვნებიანად და მაღალ ტექნიკურად უკრავს. როდესაც ვუსმენდი, ლეგენდარული "Deep Purple"-ის ვირტუოზი ორღანისტი, პიანისტი და სინთეზატორისტი ჯონ ლორდი გამახსენდა. კორიც პერიოდულად ლორდის მსგავსად ორღანის დაზიანებულ ხმას იყენებს (ვგულისხმობ ეგრეთწოდებულ "მხეცს" (ასე უწოდა ჯონ ლორდმა ამ ეფექტს )). ინსტრუმენტს მძიმე და ამავდროულად გრანდიოზული ხმა უჩნდება. შეუძლებელია არ დაგაჟრიალოს, იმდენად ეპიკური ჟღერადობას აყენებს კორი ინსტრუმენტზე, როგორც თავის დროზე ამას "წარსულის ტიტანი" ქმნიდა. კორის და მისი ბენდის მუსიკას შეგვიძლია არამხოლოდ ფანკი ვუწოდოთ, არამედ მასში მკვეთრად იგრძნობა სტილთა მთელი რეტროსპექტივა (როკი, სოული, R&B, გოსპელი და რაც მთავარია ჯაზი!). კორიმ ასევე დაუკრა ცნობილი ინგლისური ტრიოს "Bee Gees"-ის ჰიტი "Stayin' Alive", თავისებური ინტერპრეტაციით.
მეორე დღეს, 19 ივლისის საღამოს ქართული ბენდის "მოკუმოკუს" კონცერტი ჩატარდა. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი, საინტერესო მუსიკალურ ნარევს წარმოადგენს. მათ მუსიკაში ჰიპ-ჰოპი დომინანტურია ვოკალში, ხოლო რაც შეეხება ინსტრუმენტალს, იგი არის ფანკის, როკის, ჯაზ-ფანკის და Rage Against The Machine - ისეული სულისკვეთების ნარევი. ბენდის მუსიკა ძალიან თანამედროვე და ლამაზია, განსაკუთრებით მოიხიბლებოდით საყვირის სექციით, რომელიც ამდენ (სცენაზე 10 ადამიანი მღეროდა და უკრავდა) საინტერესო და ლამაზ მუსიკოსს უფრო მეტად ეხმარებოდა და ამდიდრებდა. მათი ასეთი მრავალფეროვანი შესრულება, ნამდვილად ახალი სიტყვაა თანამედროვე ქართულ მუსიკაში. "MokuMoku"-ს შემდეგ სცენაზე ნიდერლანდურმა (ჰოლანდიურმა) ტრიომ "Kraak & Smaak"- მა შეასრულა თავიანთი სიმღერები. მათი სტილი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ელექტრონული ფანკი, ჯაზის ლამაზი ელემენტებით. "Kraak & Smaak"-ის მუსიკა ენერგიულია, მაგრამ ასევე ძალიან მშვიდიც. მათ შეუძლიათ "ოქროს შუალედის" შენარჩუნება, რაც ურთულესი საქმეა თანამედროვე მუსიკოსებისათვის.
20 ივლისს ფესტივალი ლეგენდარულმა ინგლისურმა ბენდმა "Incognito"-მ დახურა. ჯგუფი 1979 წელს ჩამოყალიბდა ლონდონში Jean Paul Maunick-ის მიერ, რომელიც ცნობილია მეტსახელით "Bluey". მისი ერთ-ერთი დიდი ინსპირაცია სტივი უანდერია. ბენდმა კონცერტზე უანდერის ორი სიმღერა შეასრულა: "As" და "Don't You Worry 'bout A Thing". "Bluey" არაჩვეულებრივი გიტარისტია. მის ბენდში არაერთი ცნობილი მუსიკოსი იყო, როგორც სტუდიური (ან სესიური) ასევე, ლაივ შემსრულებლები, რომლებიც ინკოგნიტოს სხვადასხვა პერიოდში არაერთ ტურნეზე დაყვებოდნენ (მათ შორის არის Gavin Harrison (რომელიც ინგლისური პროგრესული როკ/მეტალ ბენდის "Porcupine Tree"-ს დრამერი და პერკუსიონისტი გახლდათ) და ასევე ერთ-ერთ სიმღერაში სახელად "Lowdown" ლეგენდარული ინგლისელი ბასისტი, ჯგუფ "Jamiroquai-ის ყოფილი წევრი სტუარტ ზენდერი უკრავს). ბენდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი, ქალი-შემსრულებელი იმაანი გახლავთ. ამ არაჩვეულებრივ ვოკალისტს ხმის ვრცელი დიაპაზონი აქვს და დახვეწილად შეუძლია გადმოსცეს თავისი ემოციები სიმღერით. ბენდის მუსიკაში დიდებულ რიტმებს და მელოდიებს გაიგებთ. არ შემიძლია არ ვახსენო ნამდვილად სასწაული ქავერი George Duke-ის სიმღერისა "Brazilian Love Affair", ამავე სახელწოდების 1979 წლის ალბომიდან, სადაც ჯორჯ დიუკთან ერთად როლანდ ბაუტისტა (Earth, Wind & Fire-ის ლეგენდარული გიტარისტი) და აირტო მორეირა (ძალიან გავლენიანი ბრაზილიელი ჯაზ დრამერი და პერკუსიონისტი უკრავენ). Acid ჯაზის (ინკოგნიტო ამ სტილის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მიიჩნევა), ფანკის, Smooth ჯაზის, ნეო სოულის და კლასიკური სოულის საერთო ფორმულა, ჯადოსნურ ჟღერადობას ქმნიდა. ინკოგნიტოს მუსიკა ტკბილი მოგონებების სიას მიემატა, როგორც ჩემთვის ასევე ფესტივალზე დამსწრე ადამიანებისათვის. ყოველ დღეს მუსიკით ვიწყებ და მუსიკით ვამთავრებ, ლამაზ მუსიკას შეუძლია სული აალაპარაკოს და დაგაკავშიროს სამყაროსთან, როგორც მის განუყოფელ ნაწილთან.
And yesterday will fade like snow in the sunlight
Melt away from my memory
Through the darkness until I feel the light`s caress
I`m on my way to the streets of Marrakech
Melt away from my memory
Through the darkness until I feel the light`s caress
I`m on my way to the streets of Marrakech
Leave a Comment