"ბიტები პირამიდებს აშენებენ" - Saphileaum-ის ახალი EP "Transpersonal Experience" - ის სრული განხილვა

 




 რატი ონიანის სტატია

ღმერთი თიხისგან ადამიანებს ძერწავდა და თიხის პატარა გამოუყენებელი ნაჭერი დარჩა:

- კიდევ რა გამოვძერწო ? - ჰკითხა შემოქმედმა.

- გამომიძერწე მე ბედნიერება - სთხოვა ადამიანმა.

უფალმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ დარჩენილი თიხის ნაჭერი კაცს ხელისგულზე დაუდო.

(ნაწყვეტი წიგნიდან "სიბრძნე მინიატურაში")


2021 წლის 27 თებერვალს, ქართულ მუსიკას კიდევ ერთი, არქაულ-მისტიკური სტილისტიკით გამორჩეული ალბომი დაემატა. ანდრო გოგიბედაშვილის (რომელიც ცნობილია Saphileaum, Farewell Warm Fields, Marquess Evergreen - ის სახელებით ქართულ მუსიკალურ სცენაზე) მორიგი EP სახელად "Transpersonal Experience" გამოვიდა ფრანგული ლეიბლის "Good Morning Tapes" მეშვეობით აუდიო-კასეტის სახით. ალბომი 6 კომპოზიციას შეიცავს. ალბომის ყდას ნათელი, ლურჯი ფერი დაკრავს, რომელიც სხვადასხვა სახის სიმბოლისტური ელემენტებით არის სავსე. ხე სიცოცხლის სიმბოლოა, ხოლო ექვსქიმიანი ვარსკვლავი (ერთ-ერთი ვარიანტით) სპირიტუალიზმის. ინსტრუმენტალებიც ამ მუსიკალურ სვლებს სწორ კომპლიმენტებს უკეთებენ.

ალბომის პირველ კომპოზიციას სახელად "Savar" ჰქვია. ტალღურ მოძრაობებს, ორკესტრულ-ქორალურ ხმებთან ერთად, შესავლის შემდეგ სივრცული სინთეზატორის ხმა ავსებს (რომელმაც სხვათაშორის "Feel So Good", მომაგონა, ინგლისური Acid Jazz ბენდის Jamiroquai-ის 2001 წლის ალბომიდან "Funk Odyssey", სადაც ასეთივე ეფექტით ივსება სივრცე). ამას ემატება ტრიბალური ელემენტები, რიტმული ქაოსი, რომელიც მელოდიურ ფორმასაც იღებს და მხოლოდ ცარიელი ხმათა ერთობლიობა არ არის. პერიოდულად ისმის ღვთაებრივ არსებათა ხმები, რომელთა ბგერებსაც ძველ დროში გადავყავართ.

ალბომი გრძელდება ინსტრუმენტალით სახელად "Kaf". აქ რიტმი მეტად არის გამოჩენილი მელოდიებზე. მას ძლიერი ბას-დრამის ხმა აქვს. იგი მოძრავი და უფრო კონკრეტულია. კომპოზიცია გაცილებით მინიმალისტური გახლავთ პირველ კომპოზიციასთან შედარებით. შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს მუსიკა ჩანჩქერის შიდა გამოქვაბულიდან ისმის.

მესამე კომპოზიციას "Ra" ჰქვია. ნილოსის მდინარესთან მდებარე პირამიდის მშენებლობას, ძველეგვიპტური მზის ღმერთი "რა" აკვირდება. "რაც" - ხომ მზეს ნიშნავს. მისი მზერა ბიტებს უყურებს, რომლებიც აგებენ ამ მონოლითურ კედლებს, ფონად კი ქორალი მღერის, რომელთა ხმაც პერიოდულად წყდება და მუსიკალური ბიტები (და ბითები) აგრძელებენ, ნილოსის ხმასთან ერთად სინქრონულ მოძრაობებს. ამ კომპოზიციაში რიტმი, მართლაც აფრიკულ სულიერებას ასახავს, რაც ძალიან საინტერესოდ და არქაულად ჟღერს.

Saphileaum - Floating


ნახევარი "Transpersonal Experience" - ის მოსმენის შემდეგ ისევ წყალსა და ჰაერს ვუერთებით კომპოზიციით სახელად "Ta" (საერთოდ "Saphileaum"-ის კომპოზიციებში 4 ელემენტის თემებს ხშირად ეზიარებით). ფონად გვესმის პირის ჰარპის (ან ჰარმონიუმის - mouth harp) მსგავსი ხმა, რომელიც დაგვიანების ეფექტით მოდის ჩვენს სმენამდე. ასევე მკვეთრად ისმის ბას-ლაინის მსგავსი ხმა.
 
ალბომის შემდეგი სიმღერა: Nur ყველაზე პერკუსიულია ახალ EP-ში, მაგრამ ამავდროლად მინიმალიზმის თემაც უფრო მეტად არის წამოწეული წინ. ტომობრივ რიტმებს საინტერესო დრამის თეფშივით ხმებიც ემატება. გვესმის უფრო სწრაფი მოძრაობებიც, სხვა ინსტრუმენტალებსგან განსხვავებით. ამ კომპოზიციამ ბრაზილიური ოთხეულის "Sepultura"-ს ცნობილი პერკუსიული სოლოებით სავსე სიმღერა "Ratamahatta" გამახსენა.

ალბომის უკანასკნელ და ყველაზე მელოდიურ კომპოზიციას "Kosmosi" ჰქვია. ფონად თითქოს აშლილი ორკესტრის ხმები გვესმის, რომელიც ნაზია და გვათბობს. კოსმოსი ბუნებას უერთდება და საინტერესო სინთეზი იქმნება. კომპოზიციის დასასრულს კი ეს ხმათა ერთობლიობა ერთად მიდის სივრცეში და ასე მთავრდება ამ წლის ნამდვილად საინტერესო ალბომი. კოსმოსი ადამიანს, ადამიანი კი ღმერთს უერთდება. მან მიიღო ღვთისგან თიხა და თავად შექმნა მისი ბედნიერება.
 
 
 
 

No comments

Powered by Blogger.