მარსალისის ოპტიმიზმი - თბილისის ჯაზ ფესტივალი 2021 - Tbilisi Jazz Festival 2021
My optimism wears heavy boots and is loud
ჩემს ოპტიმიზმს მძიმე ჩექმები აცვია და ხმამაღალია
Henry Rollins
( წამყვანის და ცნობილი ჰარდქორ პანკ ბენდის Black Flag-ის ვოკალისტის ჰენრი როლინზის გამოთქმა)
მე ჯაზ ფესტივალმა გამზარდა, როგორც ჟურნალისტი, ასევე მუსიკოსი: იმ ძლიერმა მუსიკის ფუძისეულმა მოძრაობებმა, რომელიც ადამიანებს გონების სამუდამო ლამაზ სილუეტებად რჩებათ. უკვე ხუთი წელი გავიდა, რაც თბილისის ჯაზ ფესტივალზე ყოველწლიურად ვწერ. მიმოვიხილე არაერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მსოფლიოს ამ გამორჩეული ფესტივალიდან. წლის განმავლობაში ეს ის პერიოდია, როდესაც აბსოლუტურად ახალი ენერგიით ვიტენები და ამ ენერგიას შემდეგ ვცდილობ სტატიაში ჩავაქსოვო. მიუხედავად დღევანდელობის უამრავი პრობლემისა, ჯაზ ფესტივალი ერს აცოცხლებს და ქვეყანას ახალ მოძრაობას ჩუქნის. წლევანდელ ჯაზ ფესტივალზე თქვენ მოისმენდით საკმაოდ "Mixtape" - ურ დრამინგს (გეგონება დრამერი ერთი წუთის განმავლობაში მრავალ სხვადასხვა კომპოზიციების სოლოებს უკრავს, მაგრამ საერთო ჯამში და თითქოს ამ ქაოტურობაში ულამაზესი რიტმები გვესმის), საქსოფონი გვახსენებს კლასიკურ ჯაზს ოპტიმისტური და თანამედროვე ელფერით, ხოლო პიანისტი ლათინურ მელოდიებს უმატებს ამ იდეალურ მუსიკალურ ემოციებს. თბილისის ჯაზ ფესტივალის წარმოსახვით სურათზე ვხედავთ სამ უძლიერესს მუსიკოსს და მათ ბენდებს.
თბილისის რიგით 24-ე ჯაზ ფესტივალი 6-იდან 8 ივლისამდე ჩატარდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში. 6 ივლისს სცენაზე უძლიერესი დრამერი, მექსიკელი წარმოშობის ანტონიო სანჩესი (რომელიც ცნობილია, როგორც ოსკაროსანი ფილმის "Birdman or (The Unexpected Virtue of Ignorance)"-ის კომპოზიტორი) გამოვიდა თავის ბენდთან ერთად. სანჩესის მოსმენა დიდი სიამოვნებაა. მისი სტილი ძალიან ქაოტური და ამავდროულად კონკრეტულია. ერთ მომენტში იგი ლამაზად ჩუმად ეპარებოდა დრამზე ნოტებს, შემდეგ უეცრად უმატებდა ტემპს. მის სტილში მრავლად იყო Free Jazz-ის და ავანგარდის ელემენტები. ყველაზე ლამაზი კი ის იყო, რომ იგი კლასიკური დრამერივით არ უკრავდა, თითქოს რიტმზე მნიშვნელოვანი დრამერისთვის მელოდია იყო, როდესაც ბენდი გადადიოდა რიტმ სექციაში. სწორედ ამ ხმის და მოძრაობების ცვალებადობამ მისი სტილი დაუვიწყარი გახადა. არაჩვეულებრივად იყენებდა ჯაზ-ფიუჟენის და როკის ბიტებს და ეგრეთ წოდებული Off ბიტები ხშირად ჟღერდებოდა (Off-beat - არაკლასიკური, ექსცენტრიული რიტმი მუსიკაში, თითქოს მუსიკა არ არის დედამიწაზე დაკრული). კომპოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. ერთ-ერთ კომპოზიციაში დრამერი როკ ბიტს უკრავდა, კონტრაბასისტი სვინგურ ბასლაინს ხოლო პიანისტი უფრო ბლუზისკენ იხრებოდა. დრამერი მუსიკოსებს უსმენდა და მათ მიჰყვებოდა ასეთი საინტერესო ხედვით. ანტონიოს კონცერტზე ორი არაჩვეულებრივი საქსოფონისტი უკრავდა: მიგელ ზენონი და დონი მაკკასლინი (დონი დევიდ ბოუის ბენდის წევრი და მისი ბოლო ალბომის "Blackstar"-ის თანაპროდიუსერი გახლავთ). ისინი მონაცვლეობით ურკავდნენ სოლოებს და სანჩესის მიდგომას მუსიკისადმი საკუთარ ფონს უმატებენ. შედეგი კი ფანტასტიკურად მრავალფეროვანი მუსიკაა.
8 ივლისს ჯაზ ფესტივალზე ბოლო არტისტი, იამაიკელი პიანისტი მონტი ალექსანდერი გამოვიდა თავის ბენდთან ერთად. კონცერტზე ლათინურ ჯაზთან ერთად, რეგის ელემენტებიც გაისმა. პიანისტის ტექნიკა აღსანიშნავია, რადგან იგი დინამიურად და პერიოდულად სწრაფად უკრავს. საერთოდ ლათინური ჯაზი ძალიან მოძრავია და მას ძლიერი საცეკვაო ენერგია აქვს, ამას მისი სამშობლოს ძლიერი გავლენაც ემატება. მის სტილზე გამახსენდა ლეგენდარული ბრაზილიელი პიანისტი და კომპოზიტორი სერჟიო მენდესი. მონტი უკვე 77 წლის არის და გეგონებათ მისი თითები ფორტეპიანოზე ცეკვავენ. კლავიშებს იგი ოსტატურად ამოძრავებდა და ლამაზი ნოტები და აკორდები დასამახსოვრებლად ჟღერდა. ერთ მომენტში მან მცირე კლავიშებიან ინსტრუმენტზე მელოდიკაზეც კი დაუკრა. დრამერი მარშულ დრამ სოლოს უკრავდა, როდესაც მონტი ფორტეპიანოზე მხოლოდ დაბალ ნოტებს იღებდა და ისიც იშვიათად, თითქოს ამით კომპლიმენტს უკეთებდა დრამერს, შემდეგ კი მუსიკა ფეთქდებოდა.
Eastern Promotions - მა წელსაც არაჩვეულებრივად შეასრულა მისია და გაუზიარა ქართველებს საკუთარი გემოვნებით ჩატარებული ფესტივალი. ეს ძლიერი დღეები იყო აქციების მიუხედავად და მეც ახალი მუსიკალური სიცოცხლე შევიძინე. მუსიკოსებიც ერთმანეთს პოზიტიურად უსმენდნენ და სწორედ ამიტომ იყო ეს სამი დღე გულწრფელობით სავსე.
Leave a Comment