ნამდვილი ქართული ჰარდქორი - "xRESISTENCIAx" - ის EP-ების: "Live Fast And Die Young" და "Honor & Glory" სრული განხილვა - Review of "xRESISTENCIAx" EP's: "Live Fast, Die Young" & Honor and Glory

 
So I say to the youth right now
Don't sway to the unjust
No matter what they say
Never give in
(ნაწყვეტი ამერიკული ჰარდქორ პანკის პიონერი ბენდის "Bad Brains" ის 1980 წლის სიმღერიდან "At The Movies")

         რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ როდესაც Georgian Drum School-ში ბას-გიტარას ვსწავლობდი, ერთ დღეს ყველასგან განსხავებული ადამიანი შემოვიდა ოთახში. საუბარიც გაგვიმარტივდა, რადგან როგორც აღმოჩნდა მასაც ჩემსავით უყვარდა Death და Extreme მეტალი. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, რადგან ორივესთვის ახლოს იყო ამერიკული მეტალ ბენდის Death-ის 1991 წლის ალბომი Human, რომელიც ერთი წლის წინ ჩემს ბლოგზე განვიხილე კიდეც სრულად. ადამიანი ვისზეც ვლაპარაკობ, გრიზლი გიგაურია, ქართული ჰარდქორ პანკ ბენდის "xRESISTENCIAx" - ის, ვოკალისტი და ლიდერი. დღეს გადავწვყიტე "xRESISTENCIAx" - ის ძალიან საინტერესო ორი მინი ალბომი ანუ EP (Extended Play) განვიხილო სახელად: Honor & Glory (2017) და Live Fast And Die Young (2019). 

 

xRESISTENCIAx - Honor And Glory (EP) 2017

Honor And Glory - 2017 წელს გამოვიდა და მასში ბენდის სამი საავტორო და ერთი ქავერი კომპოზიციები შედის. პირველ სიმღერას Gladi(Us)ator ჰქვია. სიმღერის დასაწყისში, ქორალის, ბას-გიტარის და დუდუკის ხმას გაიგებთ ,რასაც გრიზლის პოეტური ტექსტი მოჰყვება. კომპოზიცია შემდეგ უცნაურ ფორმას იღებს. ჰიპ ჰოპურ რიტმებს და გარეპვას, ამას კი აგრესიული (ჰარდქორ პანკისთვის დამახასიათებელი) ვოკალი მოჰყვება, ფონად ზარის ხმები ისმის და მელანქოლიური ჟღერადობა გამოიკვეთება. მეორე კომპოზიციას სახელად "Honor And Glory" ჰქვია და ის ნიუ-იორკულ ჰარდქორს მოგაგონებთ, რომელსაც ექსტრემალური მეტალის ელემენტები ერევა. ამას დიჯეის სქრეჩინგი განსხვავებულ სახეს სძენს და კომპოზიცია ამ დროს ელექტრონული მუსიკის ელემენტებსაც იღებს, სწორედ სქრეჩინგის გამოყენების გამო (ცნობილი Scratcher-ები ანუ Turntable-ისტები გახლავთ: DJ D-Zire (Jamiroquai), DJ Lethal (Sepultura, Soulfly, Limp Bizkit) და Mix Master Mike / DJ Hurricane (Beastie Boys) არის ეს კომპოზიცია განსაკუთრებით საინტერესო. პერიოდულად გრიზლი ძალიან დაბალ ნოტებს გამოსცემს სიმღერის დროს და მათ უფრო აბნელებს. ბენდი კი ძალიან ტექნიკურად და გამართულად უკრავს. შემდეგ კომპოზიციას Свобода Звучит Так (Freedom Sounds like This), ჰქვია და ის რუსულ ენაზეა შესრულებული. უნდა აღინიშნოს უკანა ფონის ვოკალიც (ბექ ვოკალი), რომელიც მთავარი ვოკალსიტის ხმას ძალიან ავსებს. საერთოდ ჰარდქორ პანკ ბენდებში ხშირია ქორალური და გუნდური ხმათა მოძრაობები: დაწყებული ყვირილიდან, დამთავრებული გუნდური სიმღერებით. EP ლეგენდარული რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას მიერ შესრულებული სიმღერის "Позови меня с собой"-ს ქავერით სრულდება (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს კომპოზიცია რუსმა პოეტმა და კომპოზიტორმა ტატიანა სნეჟინამ დაწერა. იგი ძალიან ახალგაზრდა, 23 წლის ასაკში გარდაიცვალა). "xRESISTENCIAx" - ეული ვერსია, აგრესიული, ხმამაღალი და ძლიერი, ამ სიმღერისთვის აქამდე უნახავი ენერგიით არის სავსე. მომენტებში ჰარდქორ პანკს, აქაც ექსტრემალური მეტალის მოძრაობები ავსებს.

xRESISTENCIAx - Live Fast, Die Young (EP) 2019

Live Fast, Die Young - 2019 წელს გამოსული ეს EP ხუთ კომპოზიციას, აქიდან ორ ქავერს და სამ საავტორო სიმღერას მოიცავს. ალბომი იწყება სიმღერით სახელად Live Fast and Die Young. დრამის თეფშის შესავლის შემდეგ, სიმღერა რიტმის უეცარი ასწრაფებით გამოირჩევა. თითქოს ბენდი ძალიან სწრაფად გაქცევას ცდილობს მოსალოდნელი საფრთხისგან (რატომღაც ამერიკული გრუვ მეტალ ბენდის Pantera-ს სიმღერა The Great Southern Trendkill გამახსენდა. ალბათ, იმიტომ რომ ამ სიმღერაშიც Grindcore ბენდის Anal Cunt-ის ვოკალისტი Seth Putnam მღერის. ისიც ასე არანომრალურად ყვირის). Live Fast, Die Young-ში Death Metal-ის ელემენტებსაც აღმოაჩენთ. შემდეგ სიმღერას Prayer ჰქვია. სიმღერა ბრაზით არის სავსე. ამ კომპოზიციაში დრამის პარტიამ მოახდინა შთაბეჭდილება. ბას-გიტარა ღრმად ჩაგვწდება და გიტარები ნამდვილ ქაოსს ქმნიან. ქაოტურობა ასეთი სახის მძიმე მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ელემენტია. New Level Mosh - სიმღერა ისევე მოძრაობს როგორც ამ სიტყვების მნიშვნელობა. მოშ პიტი, ხომ ჰარდქორ პანკისეული ცეკვაა, ხალხის მასა ერთმანეთს ეჯახება და ამით კონცერტები უფრო ხალისიანი და კონტრასტული ხდება. კომპოზიციის შუაში გაიფიქრებთ თითქოს ომის დროს გენერლები წყვეტენ სად ჩამოვარდეს ატომური ბომბა, ამის შემდეგ კი მუსიკა ბრუტალურ Death მეტალს ემსგავსება, სადაც პერიოდულად Djent-ის და Deathcore -ის ელემენტებია (ტეხილი, ნელი რიტმები), რისი გამოყენებაც იშვიათია ქართულ მძიმე მუსიკაში. შემდეგი სიმღერა არის ამერიკული ჰარდქორ პანკ ბენდ H2O-ის ქავერი "From The Heart". აქაც სიმღერა ქაოტური და ქორალურია. xRESISTENCIAx - სეულ ვერსიაში გიტარისტი ავსებს მცირე სოლოებით, რომელიც ჩანაწერში ლამაზად ირევა. ალბომი ქართული თრეშ მეტალ ბენდის "ბუნკერის" სიმღერის B.I.P.I.SH (ეს სიტყვა აბრივიატურაა - "ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი" (ბიპიში), რომლის ტექსტიც დიდ ქართველ პოეტს, იოსებ ნონეშვილს ეკუთვნის) ქავერით იხურება. ორიგინალისგან განსხვავებით ეს ვერსია უფრო მძიმეა, გამორჩეულია ბას-გიტარის ტონი, გიტარების ჰარმონიულობა. შუა ნაწილში ისევ ნელდება კომპოზიცია და ისევ Deathcore-სეულ მოძრაობებს ემსგავსება. ბას-სოლომ და გიტარ-სოლოების ნაწილებმა ბრიტანული მეტალ ბენდი Motorhead, გამახსენა, ოღონდ ისინი, რომ უფრო ბნელ და უკუნ მუსიკას უკრავდნენ.

      "xRESISTENCIAx" - ის ორი მინი ალბომი ცხადჰყოფს იმას, რომ საქართველოში ძალიან ხარისხიანი ჰარდქორ პანკი იქმნება, რომელშიც მრავლადაა გიჟური რიტმები, აგრესია, ტკივილი, გმირობა და ძალიან ძლიერი ენერგია, რომელსაც ახალგაზრდა სულის და გულის ნამდვილად ნიჭიერი მუსიკოსები და საინტერესო ადამიანები მუდამ თან დაატარებენ.

 
 

2 comments:

  1. ვახ ❤️❤️❤️ ოქროს სიტყვებით აღწერე ძმაო. მადლობა დიდი

    ReplyDelete

Powered by Blogger.