ბასისტის თვალით დანახული თბილისის 26-ე ჯაზ ფესტივალი - Tbilisi Jazz Festival 2023 from Bassplayer's Standpoint






but it goes way beyond that. When you play, you play life.

John Francis Pastorius III, The greatest bass player in the world
 
 თავი I

5 წელია რაც ბას-გიტარა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. როდესაც ვუსმენ ბასისტებს (და საბედნიეროდ უამრავ არაჩვეულებრივ ბასისტს მოვუსმინე ლაივში) მე მათ შინაგან სამყაროს ვხედავ. ჩვენ ბას-გიტარისტებს რაღაც აუხსნელი შინაგანი კავშირები გვაქვს, რასაც დარწმუნებული ვარ ყველა სხვა ინსტრუმენტალისტის გონება თავისებურად აღიქვავს და ხედავს). ჯაკო პასტორიუსი ბას-გიტარისტებისთვის ღვთაება და მწყემსია (მისი გვარიც Pastorius ასევე ითარგმნება - მწყემსი). მე არ წარმომიდგენია ბას-გიტარისტი ვინც ჯაკოს დიდებას და მეფობას არ აღიარებს. იგი მართლა საუკეთესო იყო, არის და იქნება (პირველ რიგში ჯაკო ახალგაზრდობას მუდამ გონებაგახსნილობისკენ მოუწოდებდა მუსიკის მიმართ). რა აჩუქა სამყაროს პასტორიუსმა? Portrait Of Tracy, Continuum, Havona, Teen Town, A Remark You Made (რომელიც ჯო ზავინულის დაწერილია, მაგრამ ჯაკო აქაც ისევ და ისევ მეფობს, მისი მელანქოლიური ენერგეტიკით სავსე ულამაზესი ბასის პარტიით, რომლის მსგავსსაც ვერსად, ვერასდროს მოისმენთ), Three Views Of A Secret, Punk Jazz, Word Of Mouth და მრავალი სხვა. ჯაკოს შემოქმედებაზე ძალიან დიდი ხანი შემიძლია ვისაუბრო. იგი ჯაზის ნამდვილი პანკი და მუსიკალური აკრობატი იყო. არასდროს ვიფიქრებდი თუ ოდესმე ჯაკოს უნიჭიერეს შვილს ფელიქსს მოვუსმენდი ცოცხლად.




თავი II


9 მაისს არაჩვეულებრივი რა მოხდა საქართველოში. თბილისის რიგით 26-ე ჯაზ ფესტივალზე ფანტასტიკური ოთხეული გამოვიდა სცენაზე. სხვათაშორის პირველი ბასის პარტია, რომელიც ვისწავლე ჰერბი ჰენკოკის "Chameleon" იყო, რომლის სტუდიურ ჩანაწერში და მრავალ ცოცხალ ჩანაწერში ლეგენდარული დრამერი ჰარვი მეისონი უკრავს. მეისონი ფანკის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი დრამერია. მისი გრუვი აღუწერელია და ამდენი წლის შემდეგაც ის პირვანდელ სწორ ენერგიას გამოჰყოფს. საქსოფონზე ბილ ევანსი უკრავდა (რომელიც სხვათაშორის წლების წინ აზიზა მუსტაფა ზადეს კომპოზიციაში Dance Of Fire აღმოვაჩინე სადაც: სტენლი კლარკი ბასზე, ალ დი მეოლა აკუსტიკურ გიტარაზე, აზიზა ფორტეპიანოზე და თვით ომარ ჰაკიმი დრამზე უკრავენ), ფორტეპიანოზე ნილს ლან დოკი, ხოლო ბას-გიტარაზე ფელიქს პასტორიუსი. საინტერესო ფაქტი ის იყო რომ მუსიკოსები რამდენიმე ორიგინალ კომპოზიციასთან ერთად Oasis-ის Wonderwall-ს და ცნობილი გადაგვარებული ქავერიც შეასრულეს. დღემ ქამელეონის გარეშეც არ ჩაიარა და ფელიქსმა დაიწყო ბასის პარტიის ერთ-ერთი ნაწილის დაკვრა, რომელსაც შემდეგ კლასიკური პარტიაც მოჰყვა. ფელიქსი უნიკალური ბასისტია, ტოტალურად განსხვავდება მამამისის სტილისგან, თუნდაც იმ დიდი განსხვავებით, რომ ფელიქსი სლეპის ტექნიკას იყენებს (ერთადერთი რა კავშირიც დავინახე ულადო ბასის ემულაცია იყო ლადიან ბასზე და ხშირი გამოყენება ჰარმონიკების ანუ ფლაჟოლეტების (მყვირალა ნოტების) ). მას არაჩვეულებრივად აქვს შეცნობილი ბას-გიტარის დუალური სამყარო და ცდება მხოლოდ რიტმ სექციას, მაგრამ უფრო ხშირად ფონადაც არის. იგრძნობდით მუსიკოსების დადებით შეჯიბრსაც, იუმორსაც, გონებაგახსნილობას და თავისუფლებას, რომელსაც ასეთი წარმატებით ასხივებდნენ.






თავი III

თათუზა (თამაზ) ყურაშვილი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ბას-გიტარისტია, მას უამრავ დიდ მუსიკოსთან ერთად დაუკრავს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩემთვის ძვირფას აზერბაიჯანელ პიანისტს, ვაგიფ მუსტაფა-ზადეს. თათუზას არაერთ ალბომში შეუსრულებია ვაგიფთან ერთად. მათ შესრულებაში საერთო კავკასიურ სულს ამოიცნობთ. ვაგიფი სხვათაშორის მუღამ-ჯაზის (აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის და ჯაზის ნაზავი) პიონერია. ფესტივალი თათუზას ხსოვნას მიეძღვნა, რაც აბსოლუტურად არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ ადამიანს ყველაზე წვლილი მიუძღვის ქართული ჯაზის მუსიკალური განვითარების საქმეში. წლევანდელი ფესტივალი სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ მოისმენდით განსაკუთრებით საინტერესო ბასისტებს, თითქოს ორგანიზატორების გონებრივი არჩევანი სწორედ ბას-გიტარის დომინაციისკენ ისწრაფვოდა.
 

11 მაისს სცენაზე ლეგენდარული ამერიკელი ბასისტი სტენლი კლარკი თავისი უძლიერესი ბენდით გამოვიდა, სადაც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პიანისტი და სინთეზატორისტი, ქართველი ბექა გოჩიაშვილი უკრავს, რაც ნამდვილად საამაყოა. ბევრ ცნობილ კომპოზიციასთან და უამრავ იმპროვიზაციასთან ერთად (მათ შორის ძალიან მესიამოვნა როდესაც, ჩიკ კორეას კომპოზიციები და Parliament - ის Mothership Connection დაუკრეს). მუსიკალური დიალოგი ბექასა და სტენლის შორის მართლა განსაკუთრებულია. სტენლის ყველაზე ფანტასტიკური თვისება ის არის, რომ იგი თითოეულ მუსიკოსს გიგანტურ თავისუფლებას ჩუქნის და სწორ გზას უჩვენებს. სტენლი კონტრაბასიდან ელექტრო ბასზე გადადიოდა. ერთ-ერთ მომენტში ბასზე ლამაზი ეფექტების ხმა გაისმა, chorus-ის ეფექტებით და ოდნავი ოვერდრაივით. თითქოს ბასი ადამიანის ენაზე ალაპარაკდა. თბილისის 26-ე ჯაზ ფესტივალი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩვენც ინტელექტუალური ინსტრუმენტული მუსიკა გავიზიარეთ.

P.S. უკვე 45 წელია Eastern Promotions ნამდვილად ზრუნავს, იმაზე რომ ჩვენს ქვეყანაში გემოვნებიანი მუსიკა ჟღერდეს, რის გამოც მეც და უმრავი ნამდვილი მუსიკის მოყვარული მადლიერი ვართ.


1 comment:

Powered by Blogger.