მოგზაურობა სულიერ და ფიზიკურ სამყაროში - Saphileaum-ის პირველი ემბიენთ ალბომის "Echoes Of The Physical World" სრული გარჩევა



         ექო ხშირად მიუწვდომელი ხმა არის... ადამიანის პირიდან გამოსული მისტიკური ბგერა, რომელიც ჰაერში იშლება და სამყაროს ყველაზე მაღალ წერტილსაც კი შეუძლია მიწვდეს. მახსოვს ბევრი წლის წინ პირველად მოვუსმინე გენიალური და ექოს იდუმალი იდეის ფუნდამენტური შემცნობელი ჯგუფის Pink Floyd-ის 1971 წელს გამოსულ რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომს Meddle. ერთ-ერთ გიგანტურ კომპოზიციას (რომელიც 23:31 წუთის განმავლობაში გრძელდება) სახელად Echoes ჰქვია. წარსულის ექოები და განწირულ ადამიანთა ხმები ინსტრუმენტულად ერთმენეთში ირევა და ყურში პროგრესული როკის აბსოლუტური შედევრი ჩაგვესმის. ამ სიმღერის სახელწოდება ამ სიტყვასთან ჩემთვის მუდამ ასოცირდებოდა, როგორც ღვთაებრივთან და უნაკლოსთან. დღეს ვწერ ქართულ ალბომზე (ეს პირველი სრული მიმოხილვაა, ჩემი თანამემამულე მუსიკოსის საავტორო შემოქმედების) ,რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა, ამ სახელთან და იდეასთან დიდი კავშირი აქვს. ალბომის სახელწოდება აზრიანი და დამაფიქრებელია.

          12 სექტემბერს თბილისში ანდრო გოგიბედაშვილის მიერ დაარსებულმა ლეიბლმა Theosophy-მ ანდროს მუსიკალური პროექტის Saphilaum-ის პირველი ემბიენთ ალბომი გამოუშვა სახელწოდებით  "Echoes Of The Physical World". ანდრო უკვე რამდენიმე წელია რაც თავის საინტერესო და მრავალფეროვან მუსიკალურ სამყაროს სხვადასხვა ჟანრებში მოგზაურობით გვიზიარებს (მათ შორის ტექნო და დაბ-ტექნო). ანდროს არაერთ ცნობილ ქართულ კლუბში დაუკრავს. მისი სახელი უკვე შეტანილია მსოფლიოს პოპულარული დიჯეების და კლუბების უდიდეს ბაზაში სახელად "Resident Advisor".


          ალბომი 7 კომპოზიციისგან შედგება. ლამაზი და დამამშვიდებელი მოგზაურობა იწყება თრექით სახელად "Leaves". კომპოზიცია უზარმაზარ და სხვადასხვა მცენარით სავსე ტყეში გაგაჩენთ, სადაც ვეძებთ საკუთარ თავს. ეს მინიმალისტური კომპოზიცია თითქმის 8 წუთიანია და ფონად სინთეზატორის და გიტარის ფსიქოდელიური ხმები ავსებს (სწორედ აქ შეიძლება დავაკავშიროთ Floyd-ის ფენომენალურ საუნდს). ინსტრუმენტალი ხშირად მეორდება (რაც არც არის გასაკვირი ისეთი სტილისთვის როგორიც მინიმალისტური ემბიენთია), მაგრამ საერთო ჯამში არის შიგადაშიგ საინტერესო მოძრაობები, რომელიც მუსიკას საინტერესოს და ჟღერადს ხდის. მომდევნო კომპოზიცები "Air" და "Sky" , ბუნების დამაშვიდებელი გარემოს ნიშანია. ხშირად ადამიანს განმარტოება სურს და შეიძლება წარმოიდგინოთ ის სიტუაცია როდესაც გონება ჰაერივით რბილად დაჩუმად მოძრაობს ბუნებაში, როგორც სამყაროს სასწაულში. პირველი კომპოზიციისგან განსხვავებით, აქ ინსტრუმენტალი (სინთეზატორული და სინთეტიკური ხმები გაცილებით უფრო პალიტრულია). წარმოიდგინეთ ზეცის ქორალი, რომელიც ჰაერში დაფრინავს და ლამაზ ქორალურ მელოდიებს ქმნის. ანდრო ორივე კომპოზიციაში ძალიან საინტერესოდ იყენებს ლუპერს და მრავალ ეფექტებს. ალბომის რიგით მეოთხე ინსტრუმენტალს "Ocean", ტალღებით შექმნილი მუსიკალურობა ახასიათებს. ეს ალბომის ყველაზე დიდი კომპოზიციაა, რომელიც 08 წუთსა და 19 წამს გრძელდება. ალბომში უმეტესობა ინსტრუმენტალების საშუალო ხანგრძლივობა 6-7 წუთია. კომპოზიცია მინორულია, სევდით და მრავალი ემოციებით დატვირთული. ალბომში მუსიკა ხშირად თითქოს ლოკაციურადაც იცვლება და ანდროს ამის შექმნა არ უჭირს. ინსტრუმენტალთა სახელწოდებები ზუსტი ანარეკლია ემოციათა წვიმის. მიუხედავად იმისა, რომ "Echoes Of The Physical World" ძირითადად ემბეინთის სტილის არეალში ტრიალებს, თუმცა შემდეგი კომპოზიცია "Valley" ცხადჰყოფს იმ ფაქტს, რომ Dark Ambient-ის გავლენასაც განიცდის ეს თრექი თავისი ატონალური და ბნელი ატმოსფეროს გამო. თავს წარმოიდგენთ ბნელ მდელოზე, რომელიც მთვარის შუქს ირეკლავს. ზოგი ადამიანისთვის ეს საშიში სანახაობაც არის ზოგისთვის კი პირიქით, მუსიკაც სწორედ არჩევანის საშუალებას გვაძლევს და თავისუფლებას, რომ დავინახოთ ისე ეს მოვლენა, როგორც თავისუფალი გონება გვკარნახობს. მეექვსე ინსტრუმენტალი Rain ალბომის ერთ-ერთი ყველაზე მინიმალისტური თრექია.  ფონად წვიმის ხმა ისმის (ხმათა მოძრაობამ, პირველი თრექი Leaves გამახსენა), რასაც მომენტებში ლამაზი სიმფონიური ელემენტები დაჰყვება, როგორც თანამგზავრი. ალბომში ასეთ ელემენტებს, რამდენიმე კომპოზიციაში შეხვდებით. ალბომის ბოლო კომპოზიციას სახელწოდებით Village ჰქვია. ეს კომპოზიცია ძალიან ლამაზი დასასრულია ამ დებიუტ ალბომის. საინტერესოა ელემენტები, რომელსაც აღმოაჩენთ მოსმენის მომენტში. მუსიკა არარეალურ და არარსებულ წარსულში გადაგისვრით. ეს ჩვენს ქვეცნობიერში მოგონილი წარსულია, ალბათ ის წარსული, რომელშიც გვსურდა ,რომ გვეცხოვრა ან კომფორტულად ვიპოვეთ ჩვენი თავი. ერთ მომენტში ხმებს სალამურს მიამსგავსებთ. ეს ქმნის ფოლკორული ელემენტების ასოციაციას ანდროს მუსიკაში(ფოლკლორის უძველესი ფორმები, ხომ სწორედ სოფლიდან მოდის). ალბომის თითოეული კომპოზიცია ფიზიკურ სამყაროს ტერიტორიაზე მოძრაობს, მაგრამ აქვს საკმაოდ ძლიერი სულიერი ნაწილიც. შეიძლება ითქვას, ანდროს როგორც ახალგაზრდა მუსიკოსისთვის ეს ალბომი ნამდვილად კარგი დასაწყისია. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ იგი რამდენიმე სტილში ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს და ეს საკმაოდ საინტერესოდ გამოსდის.



 

No comments

Powered by Blogger.