Soul Education - Jamiroquai-ს ალბომის "Synkronized"-ის სრული განხილვა




          1998 წელს ლეგენდარული ინგლისური ჯაზ-ფანკ (და მოგვიანებით ნიუ-ფანკ (ეს ბენდი პიონერია თანამედროვე/ახალი ფანკის ანუ Nu-Funk-ის) ჯამიროქუაის ვირტუოზი ბას-გიტარისტი სტუარტ ზენდერი მოულოდნელად წავიდა ჯგუფიდან. ჯგუფმა ამავე წელს თითქმის ბოლომდე დაასრულა თავისი ახალი ალბომის სახელად "Symphonized" - ის ჩაწერა სტუარტ ზენდერთან ერთად. დღეს სამწუხაროდ მხოლოდ სამი სიმღერის სახელწოდება ვიცით: Midnight Funk ( 24 წამიან ვიდეოში, რომელიც რამდენიმე წლის წინ Youtube-ზე დაიდო, მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ, ჯეი ქეის ნაცნობი ხმა, ხოლო ზუსტად 0:15 წამზე სხვა ინსტრუმენტალი ირთვება, რომლის გიტარ-რიფი ძალიან წააგავს 2001 წელს გამოსულ ალბომში სახელად "A Funk Odyssey" პირველივე თრექის "Feel So Good"-ის გიტარულ პარტიას), Wolf In Sheep's Clothing(ინსტრუმენტალი) და Deeper Underground (რომელიც 1998 წელს სინგლის სახით გამოიცა და ის უკანასკნელი სიმღერაა, სადაც სტუარტ ზენდერი სრულად უკრავს, როგორც ჯამიროქუაის ოფიციალური წევრი. ეს სიმღერები გამოუსვლელი ალბომის ნაწილი უნდა ყოფილიყო. რადგან ზენდერი წავიდა, ჯეი ქეიმ გადაწყვიტა, რომ ახალ ბასისტთან ერთად თავიდან ჩაეწერა ალბომი, სრულიად ახალი სიმღერებითა და იდეებით. ქეიმ ზენდერი მალევე ჩაანაცვლა სტუარტზე არანაკლებ ნიჭიერი ბას-გიტარისტით, ასევე ინგლისელი ნიკ ფაიფით (Nick Fyffe).
                                                     
        ასე დაიწყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, მოძრავი (თან იმდენად, რომ უნებლიედ აგაცეკვებს), მრავალფეროვანი და თანამედროვე ფანკის ალბომის ჩაწერა. სახელწოდებაც კი მომენტალურად შეიცვალა და ალბომს მიმსგავსებული სახელი "Synkronized" დაერქვა. "Synkronized" 1999 წლის 8 ივნისს აშშ-ში, ხოლო 14 ივნისს ინგლისში გამოვიდა, რასაც მისი პოპულარიზება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა. Jamiroquai-ის მეოთხე და მისი სტილისთვის გადამწყვეტი ალბომის პირველი გამოშვება საერთო ჯამში 10 სიმღერას მოიცავდა. ამას დაემატა მხოლოდ ინგლისურ გამოცემაში შესული დამატებითი ცოტა ხნით ადრე გამოსული სიმღერა "Deeper Underground" და მხოლოდ ავსტრალიურ გამოშვებაში შესული ინსტრუმენტალი "Wolf In Sheep's Clothing".

       ალბომის პირველი სიმღერა "Canned Heat", თავისი ვიდეო კლიპის გამოსვლის შემდეგ გახდა განსაკუთრებით ცნობილი ( რომლის რეჟისორიც, სხვათაშორის Jonas Åkerlund-ია, 3 გრემის მფლობელი, მრავალი ლეგენდარული ბენდისა თუ არტისტის მუსიკალური ვიდეოების ავტორი. (მათ შორის: მადონა, მეტალიკა, ლენი კრავიცი, რამშტაინი, მობი, The Rolling Stones და მრავალი სხვა) იონასი ლეგენდარული შვედური ბლექ/ვიკინგ/ფოლკ მეტალ ბენდის "Bathory"-ს (სწორედ "ბათორი" ითვლება ნამდვილ შემქმნელად ამ სამი უმნიშვნელოვანესი სტილისა, მეტალ სამყაროსთვის) თანადამაარსებელი და დრამერი გახლდათ მულტიინსტრუმენტალისტ Quorthon-თან ერთად 1983-დან 1984 წლამდე. სიმღერა Rhoades-ის ლამაზი ჟღერადობით იწყება, რომელიც ხშირად ანაცვლებს, ხოლმე ფორტეპიანოს. შემდეგ მოჰყვება ნიკ ფაიფის ბასის ვიბრაცია, რასაც სულ ცოტა ხანში ულამაზესი ბას-ლაინი ავსებს. ეს ბას-ლაინი დახტის ოქტავებში და ხშირად გაორმაგებულად სწრაფად იკვრება. პირველივე ნოტებიდან მაგიურ სამყაროში შევაბიჯებთ. სიმღერაში მრავლადაა მხიარული კლასიკური მუსიკის ელემენტები (რომელიც მოგაგონებთ ვივალდის "ოთხი სეზონის" რამდენიმე ნაწილს). ვიოლინოების ბგერები ზღვის ლამაზი ტალღებივით მოძრაობენ. (მოგაგონდებათ რამდენიმე კომპოზიცია ბენდის პირველი ალბომიდან "Emergency On Planet Earth", სადაც რეგის ფილარმონიული ორკესტრი უკრავდა).


      Planet Home - შემდეგი საკმაოდ აზრიანი კომპოზიციის სახელწოდებაა, ეკოლოგიურ პრობლემებზე (ეს გაფრთხილებაა, რომ გაუფრთხილდეს კაცობრიობა დედამიწას. დედამიწა, ხომ ჩვენი სახლია!). დერიკ მაკენზის სწრაფი თეფშის ცემით იწყება მელოდია, რომელსაც თითქმის მთელი ხანგრძლივობის მანძილზე შოლა აკინგბოლას (ბენდის პერკუსიონისტის) მიერ დაკრული ზარის ხმა ავსებს. Simon Katz-ი ფანტასტიკურ გიტარ რიფებს სთავაზობს მსმენელს მთელი ალბომის ხანგრძლივობის განმავლობაში. ჯეი ქეის ვოკალური მელოდია იდელურად მიჰყვება სიმღერის სტრუქტურას. ბას-გიტარა ვიბრირებს და მეტრონომივით ამოძრავებს მთელ ბენდს. 2 წუთის და 30 წამის შემდეგ, როდესაც ჯეი ქეის შეყვირებას გაიგებთ, მუსიკა აბსოლუტურად იცვლება და ლათინურ, სწრაფ საცეკვაო მელოდიად გარდაიქმნება. ტობი სმიტის ულამაზესი ფორტეპიანოს სოლოს, დრამერისა და პერკუსიონისტის ცხელი რიტმი ემატება. ამ მომენტის შემდეგ სიმღერა პირვანდელ ინსტრუმენტალს უბრუნდება. შემდეგი კომპოზიცია სახელად "Black Capricorn Day" შეიძლება ჯაზ-ფანკზე მეტად უფრო როკს მივუახლოვოთ. ტობი სმიტი ამჯერად კლავიშებს ცოტათი დაზიანებულ ხმას სძენს. სიმღერის შუა ნაწილიდან სიმღერაში ფსიქოდელია შემოდის (პირველივე ,მოსმენისას მიხვდებით თუ რა საინტერესო ფონის ბენდია. აქ ხომ ლეგენდარული Parliament Funkadelic-ის დიდი გავლენა იგრძნობა).

                                                   



        ალბომის შემდეგი სიმღერას სახელად "Soul Education" ჰქვია. ეს სიმღერა ალბომის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიციაა. ბას-გიტარისტი მთელი კომპოზიციის განმავლობაში ინსტრუმენტს ფანტასტიკურ ხმას სძენს და ამავდროულად მუდმივად რჩება რიტმის მეფედ. სწორედ ეს კომპოზიციაა ალბომში, იმის დამამტკიცებელი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ალბომია, ნებისმიერი ბას-გიტარისტისთვის. ნიკ ფაიფი მოხტუნავე სწრაფი ბას-ხაზების ოსტატია. Soul Education ბენდის ერთ-ერთი ჰიმნია ულამაზესი მისამღერით:

I've got my soul education
You know its stitched into the clothes
That I wear
Got my life information
Upon the breeze that's blowing through my hair
Got a pocket full of rainbows
Oh and a sky to put them in so blue
So let the music come and save you.
I found a God that I can pray to
Deep inside my soul

          ჯეი ქეის ხმას არაჩვეულებრივი ბექ-ვოკალისტების Soul-ის მაგვარი ფონი ავსებს. ეს ფანტასტიკური მოგზაურობაა, მუსიკოსების სამყაროში. (რა საოცარი გამოთქმაა: ცისარტყელებით სავსე ჯიბე ("a pocket full of rainbows") ). ამ ტექსტში მუსიკოსის ხედვას ამოიკითხავთ, მუსიკა ხომ მათთვის მხსნელია და მელოდია თუ რითმი მრავალფეროვნების საუკეთესო იარაღი. შემდეგი სიმღერა "Falling" პირველი ბალადაა, სევდით სავსე. თითქოს ბენდმა დროებით მათი ზე-ფანკური მხარე გააქრო და ლამაზი ვოკალური ხაზის სიმღერა შექმნა. საყვირების ძლიერ და სულში ჩამწვდომ მელოდიებს ტობი სმიტისეული Rhodes-ის აკორდები მოსდევს. კლავიშების ხმა მოძრაობს და ძალიან დარბილებულ Tremolo ეფექტის ხმას მოგვაგონებს. ჩასაბერი ინსტრუმენტების სექცია ფანტასტიკურად და მაქსიმალურად უჩვენებს თავიანთ შესაძლებლობას, იმისთვის რომ სიმღერის თემატური სევდა მუსიკალურად გადმოსცენ მსმენელს.

         შემდეგი კომპოზიცია ალბომის ერთადერთი ინსტრუმენტალია (თუ არ ჩავთვლით დასაწყისში ჯეი ქეის წარმოთქმულ სიტყვებს (You may think You are in heaven) და იმ უკანასკნელ მომენტს სიმღერის დასასრულს, როდესაც იგი კომპოზიციის სახელს ჩურჩულებს) სახელწოდებით"Destitute Illusions". მსმენელი უსასრულო ფსიქოდელიურ ფანტაზიას მიჰყვება. ეს იდუმალი მუსიკაა. მთელი კომპოზიციის განმავლობაში ერთი ბას-ლაინი მეორდება, ხოლო ტობი სმიტი ფსიქოდელიური ფანკის დისონანსურ სიმაღლეებს იჭერს. მუსიკა უცნაურია. შეიძლება ითქვას აქამდე ბენდს ასეთი ღრმა ფსიქოდელიური ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია თავის ქმნილებაზე. ფსიქოდელიურ მოგზაურობას ერთი გასაოცარი ჩვევა აქვს, იგი ყოველ ახალ მოსმენაზე ახალ ელემენტებს გიჩვენებთ, რადგან ფსიქოდელიას ატმოსეფერულობა და განსაკუთრებული ჰარმონიული სიღრმე ახასიათებს, რომელიც მუდამ გაურბის მუსიკის გარკვეულ სტანდარტებს. ალბომის მორიგ კომპოზიციას სახელად Supersonic ჰქვია (შეუძლებელია არ გავიხსენო Jamiroquai-ის 2017 წლის Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში , ბათუმის საჩოგბურთო კლუბის ტერიტორიაზე ჩატარებული კონცერტი, რომელზეც ვრცლად ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ვისაუბრე (და ის ფანტასტიკური ვიბრაცია, რაც ჩემს ფეხქვეშ ვიგრძენი) ). ეს ჯამიროქუაის დიჯერიდუსტის (Didgeridoo) (უძველესი ავსტრალიური აბორიგინების ინსტრუმენტი) უოლის ბუქენანის, ტობი სმიტის და ჯეი ქეის ერთობლივი ნამუშევარია. დიჯერიდუს ვიბრაცია (ამ ინსტრუმენტს ახასიათებს ძალიან დაბალი ხმის ჟღერადობა) მთელი კომპოზიციის განმავლობაში გაისმის. ალბომის ბუკლეტის ერთ-ერთ გვერდზე უოლის ბუქანანის სიტყვებია: "მსურს ჩემი შესრულება "Supersonic"-ში ყველა აბორიგენ მოსახლეს მივუძღვნა, განსაკუთრებით ავსტრალიელ აბორიგენებს". კომპოზიციაში უცნობია უკრავს თუ არა ვინმე სიტარას, მაგრამ ფაქტია ის, რომ ერთ-ერთი ხმა ამ უძველეს ინდურ ინსტრუმენტს ძალიან ჰგავს (შეიძლება ეს ბენდის DJ-ის D-Zire-ს ვინილის სქრეჩინგის ხმაც არის). მუსიკის ფონს უხსოვარ წარსულში გადავყავართ, როდესაც ადამიანთა კომუნიკაცია ჯერ კიდევ უსიტყვო ხმებით ხდებოდა. ალბომის რიგით მერვე სიმღერა "Butterfly", მეორე ბალადაა, რომელიც Synkronized-ს ავსებს. ლამაზ დრამლაინს, დამამშვიდებელი ჯაზ-ფანკის ენერგია შემოაქვს მსმენელის გონებაში. მისამღერიც არ არის გასაკვირი, რომ ფანტასტიკურია:

Butterfly that came and butterfly in June
So color in my wings
And let me hold your hand
I could be the sun and you could be my moon
But all you ever say is catch me if you can
Feel like a butterfly
Searching in the summer sky
A perfect love so hard to find

                                                                   


        შემდეგი სიმღერა Where Do We Go from Here? ისევ ფანკ როკია. თავდაპირველად გაიგებთ ტობი სმიტის ფორტეპიანოს მოძრავ რიფს, რასაც გენიალური გიტარ-რიფი მოსდევს. ეს სიმღერა თავისუფლად შეგვიძლია მივუახლოვოთ Canned Heat-ს, სწორედ მოცეკვავე მელოდიის გამო. საყვირები აქაც ფანტასტიკურ ფონს ქმნიან. შოლა აკინგბოლა უძლიერეს პერკუსიულ ელემენტებს უშვებს სიმღერაში. პერკუსია ურბანული მუსიკის ხმებს გამოსცემს( იფიქრებთ, რომ ქუჩის მუსიკოსები უკრავენ ნებისმიერ ნივთზე რაც ხელში მოხვდებათ.). ინსტრუმენტალი ძალიან ქაოტურია.

      ალბომის უკანასკნელი სიმღერა King For A Day (მეფე ერთი დღით), ამ ალბომისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თრექია, როგორც იდეურად ასევე, ინსტრუმენტულად. სიმღერა სტუარტ ზენდერს ეძღვნება, ეს ჯეი ქეისეული დამშვიდობებაა სადაც, ირონიაც იგრძნობა და სევდაც:

Well there's no hope
For peace and reconciliation
You're quick to play your hand
But what you haven't learnt is patience
So look before you leap
To tell the world your colored story
It's clear your talk is cheap
You'd do anything to get your glory
So spread your wings and fly
There is no doubt
You're so…

         Jamiroquai-სთვის პირველი და უკანასკნელი სიმღერაა, რომელიც ბაროკული პოპის (ან ბაროკული როკი) სტილშია დაწერილი (რითიც გაითქვეს სახელი: The Beach Boys-მა და The Beatles-მა რამდენიმე ალბომში). ამ სტილში წინა ფონზე ერთი მეტად საინტერესო და საოცარი ინსტრუმენტის ხმა ჭარბობს (მას აკომპანიმენტს სიმფონიური ორკესტრი უწევს). ჰარპისქორდი- იგივე კლავესინი, სათავეს 16-ე საუკუნიდან იღებს. მისი მოხმარება 18-ე საუკუნეში შეწყვიტეს. მას ისეთი ლეგენდარული კომპოზიტორები იყენებდნენ, როგორებიც არიან: გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი და იოჰან სებასტიან ბახი. ტობი სმიტმა ამით დაამტკიცა თუ როგორი მუსიკალური ცოდნა ჰქონდა მას, იგი გენიალური კომპოზიტორია, სწორედ ასეთი მუსიკის გამდიდრების და ფორმების შეცვლის გამო.

                                                 



           დარჩა კიდევ ერთი სიმღერა, რომელზეც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე და არ შეიძლება არ გავამახვილო ყურადღება. Deeper Underground (სიმღერა საუნდთრექია, ცნობილი ამერიკული ფილმის "Godzilla"-ს) - ეს სიმღერა დასტურია იმისა, თუ როგორ ეძებდა ჯეი ქეი და ბენდის ინსტრუმენტალისტები უახლეს თუ უძველეს საუნდს. წარმოიდგინეთ Led Zeppelin-ს და Black Sabbath-ს, რომ შეექმნათ ერთობლივი სიმღერა, ალბათ ასეთი იქნებოდა. სიმღერა Kashmir-საც მოგაგონებთ და Into The Void-საც. სიმღერა მძიმეა, რომლის დასაწყისში კონტრაბასის, ჩელოს და ვიოლინოების ბნელი ხმა ავსებს. ეს ყველაზე მძიმე კომპოზიციაა რაც ბენდს შეუქმნია წლების განმავლობაში. მძიმე რიფებს, ეფექტით დაბურული ბასლაინი მოჰყვება, რომელიც გიტარას მიჰყვება და ელექტრონიკის, მძიმე როკის და მძიმე მეტალის გრანდიოზულ ფონს ქმნის.


 P.S.      1999 წლის 23 ივლისს, ზუსტად 30 წლის შემდეგ, ვუდსთოქის ფესტივალზე ( სადაც 1969 წელს მრავალი ტიტანი გამოვიდა სცენაზე (ჯიმი ჰენდრიქსი, ჯო კოკერი, Sly and the Family Stone, The Who და მრავალი სხვა)) ჯამიროქუაი წარადგენს რამდენიმე სიმღერას ამ ფანტასტიკური ალბომიდან, რომელმაც შეცვალა სამუდამოდ ფანკის და ფანკ-როკის ხმა და მიესალმა 21-ე საუკუნეს. ჯეი ქეის ულამაზესი ხმა ჰქონდა და მიუხედავად მრავალი პრობლემისა (განსაკუთრებით დაზიანებული აპარატურის არსებობისა), მათ დაამარცხეს ის ყოველგვარი წინააღმდეგობა, რაც მათ წინ ელოდათ. 1999 წლის ვუდსთოქმა წინამორბედისგან განსხვავებით ცუდი სახელი მოიხვეჭა, ბენდს კი სახელი არ გაუტყდა და მათ ფანტასტიკური შოუ ჩაატარეს.

                                   
                                                                                         
                                                                                           

No comments

Powered by Blogger.