War Pigs - Black Sabbath-ის ალბომის "Paranoid"-ის სრული განხილვა

 

 

რატი ონიანის სტატია

Old men crying, young men dying
World still turns as Father Time looks on
On and on

Hard Road  

(სიმღერა 1978 წლის ალბომიდან "Never Say Die")

            1970 წელს მუსიკის იდუმალი ემბრიონიდან მძიმე მეტალი დაიბადა. ამ წელს ინგლისურმა ეპოქალურმა მძიმე მეტალ ჯგუფმა Black Sabbath-მა პირველი ორი ალბომი გამოუშვა: ეპონიმური (იგივე სახელწოდების) Black Sabbath და Paranoid. თუ პირველი ალბომის პირველივე კომპოზიციამ "Black Sabbath" საბოლოო სახე მისცა მძიმე მეტალს, თავისებური ბნელი და ნელი, იმ დროისთვის უახლესი ჟღერადობით, Paranoid-ის სიმღერებმა ბენდს სამუდამო პოპულარობა და ხელმწიფება უძღვნა, როგორც ყველა დროის უდიდესი მძიმე მეტალ ბენდს. კლასიკური მძიმე მეტალის ჟღერადობის შექმნას იმ პერიოდის რამდენიმე დიდ ბენდს მიაწერდნენ (The Beatles, Led Zeppelin, Deep Purple), მაგრამ ისინი რიტმულად არ განსხვავდებოდნენ როკ მუსიკისგან, ბლექ საბათმა, კი მუსიკაში რიტმი აბსოლუტურად შეცვალა (მუსიკა უფრო ნელი, უფრო აგრესიული და უფრო ხმამაღალი გახდა) მისი გავლენა იმდენად დიდია, რომ დღევანდელ, თანამედროვე მუსიკაშიც გვხვდება საბათისეული აუჩქარებელი რიტმი: მსუყე, მსუქანი ჟღერადობით, რომელიც განსხვავებულ ემოციებს ქმნის, ადამიანს ერთი შეხედვით შეიძლება დისკომფორტიც შეუქმნას (საბათისეულ რიტმებს გაიგებთ ტექნოში, ექსპერიმენტულ მუსიკაში). როკ მუსიკა (მათ შორის მძიმე როკიც, რომელიც ბევრ ადამიანს ერევა მძიმე მეტალში) გაცილებით უფრო რბილი მოსასმენია და იმ პერიოდში ხალხის დიდი ნაწილი ვერ აღიქვამდა საბათისეულ სიმძიმეს, ამ ფუნდამენტის გაძლიერებაში საბათს მეორე სტუდიური ალბომი "Paranoid" დაეხმარა, რისი გარჩევაც 2020 წლის ბოლო დღეს გადავწყვიტე.


 

              Paranoid შვიდ სიმღერას და ერთ ინსტრუმენტალს შეიცავს. ალბომი 1970 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა და ინგლისური ჰიტების ჩარტების სათავეში გამოსვლისთანავე მოხვდა. ალბომი იწყება უძლიერესი კომპოზიციით სახელად War Pigs (ომის ღორები) (სხვათაშორის ალბომის თავდაპირველი სახელწოდება სწორედ War Pigs გახლდათ). ამ პერიოდში ვიეტნამის ომი მძვინვარებდა და სიმღერა ამ პერიოდის სანიმუშო ანარეკლია. იგი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ომის საწინააღმდეგო სიმღერად მუსიკის ისტორიაში. სიმღერა მძიმე, მსუყე გიტარის (Tony Iommi), ბასის (Geezer Butler) და დრამის (Bill Ward) ერთობლივი შეტევით იწყება, რომელსაც სირენების ავის მომასწავებელი ეფექტი ემატება და ქმნის ომის, სიკვდილის გამეფებული დროის ძლიერ შთაბეჭდილებას. მძიმე მეტალიც (და უკვე მისი ათასობით ქვეჟანრი), ხომ პირველი მუსიკალური სტილი იყო კაცობრიობის არსებობის ისტორიაში, რომელიც ბნელ, ტაბუდადებულ თემებს შეეხო ასე მასშტაბურად, როდესაც ამას მუსიკალური ფონიც ქმნიდა, რომელზეც ლაპარაკი და რომლის კრიტიკაც საზოგადოებას უჭირდა (რელიგიის, პოლიტიკოსების, ომის, ბოროტების სხვადასხვა ფორმის, ბნელეთის, სიკვდილის, ტკივილის და სხვა), ბლექ საბათმა ადამიანებს თავიანთი ტკივილის გაზიარების მუსიკალური გამომჟღავნების სურვილი გაუჩინა, მუსიკოსებმა უფრო მეტად დაიწყეს პრობლემურ საკითხებზე სიმღერების შექმნა. ინსტრუმენტების შესავლის შემდეგ სიმღერას განუმეორებელი Ozzy Osbourne-ს ვოკალი ემატება, რომელშიც დიდი ძალა და რიტმული მელოდიურობა იგრძნობა. ოზის უზომოდ გამორჩეულ ხმას ბლექ საბათის ალბომების გარდა, მის ფანტასტიკურ სოლო ალბომებშიც მოისმენთ. სიმღერა შეიცავს სამივე ინსტრუმენტის სოლოებს. დრამერი სრული სოლოს ნაცვლად რიტმისგან განსხვავებულ პარტიებს უკრავს, იგი მუდამ ცვლის ნოტებს, გიტარისტი მხატვრულ სოლოებს ასრულებს, როდესაც ამის პარალელურად ბასისტი ჩვეულებრივ რიტმს კი არა ფონად მოძრავ ბასის სვლებს ასრულებს. ამ გასაოცარ მუსიკალურ მოძრაობებს დაკვირვება ნამდვილად სჭირდება და მძიმე მეტალში დიდ სილამაზეს დაინახავთ. სიმღერა ულამაზესი, სევდის მომგვრელი გიტარის პარტიით მთავრდება, რომელიც ბოლოსკენ ძალიან სწრაფდება. War Pigs-ის ერთ-ერთ ნაწილში ოზი ასეთ სიტყვებით აკრიტიკებს პოლიტიკოსებს:

Politicians hide themselves away

They only started the war

Why should they go out to fight?

They leave that role to the poor 

            ალბომის შემდეგ სიმღერას Paranoid ჰქვია. იგი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საბათის სიმღერად ითვლება. კომპოზიციას დასამახსოვრებელი გიტარის რიფი აქვს და საბათის ყველა ინკარნაციის ლაივ შესრულების მუდმივი ნაწილი იყო. სიმღერის შუა ნაწილში ტონი აიომის (გიტარისტის) ულამაზესი გაორმაგებული გიტარ-სოლოა (ორი სხვადასხვა სოლო გადაბმულია ერთმანეთზე, რაც ჰარმონიას ჰქმნის). ალბომის რიგით მესამე კომპოზიციას სახელად "Planet Caravan" ჰქვია. ეს საბათის სტილისთვის უჩვეულო სიმღერაა. მრავალ ჯაზის ელემენტთან ერთად (გაგახსენებთ ბელგიელი ბოშა გიტარისტის Django Reinhardt-ის სიმღერებს), ბლუზის ჟღერადობას მოგაგონებთ. სიმღერა ძალიან წყნარი და მოძრავია. იგი ბედუინის სიზმარს ჰგავს, რომელიც წითელ პლანეტაზე ეძებს მარსს (რომაული პანთეონის ომის ღმერთს). სიმღერას შორეულ ორბიტებზე მივყავართ (2020 წელს Space-X Crew Dragon Demo-2 - ის ასტრონავტებმა დედამიწის ორბიტაზე ყოფნის დროს სწორედ ეს სიმღერა გააჟღერეს).

And so we pass on by the crimson eye

Of great god Mars

As we travel through the universe

           Paranoid გრძელდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ჩანაწერით, რომლის მელოდიაც მილიარდობით ადამიანმა იცის. ამ სიმღერას Iron Man ჰქვია. ტონი აიომის დასამახსოვრებელი გიტარის პარტია, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, არამხოლოდ მძიმე მეტალის, არამედ ზოგადად მუსიკის შეცნობის და აღმოჩენის პირველი კომპოზიციაა, რომელიც ამდენი წლის შემდეგ (უკვე 50 წელი გავიდა) კვლავ გადის ყველაზე პოპულარულ რადიოებში, იყენებენ ფილმების საუნდთრექად და კომპიუტერული თამაშების ნაწილად. სიმღერა დრამის ბასის რტყმით იწყება, რომელსაც შემდეგ მუსიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი მოჰყება. Iron Man - ბევრ ადამიანს კომიქსის გმირისადმი მიძღვნილი სიმღერა ჰგონია, როდესაც იგი საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანზეა. ალბომის რიგით მეხუთე კომპოზიცია "Electric Funeral" ფანტასმაგორიული ხილვით კაცობრიობის განადგურებაზეა და მასში გამოყენებული ხმოვანი ეფექტები, სიმღერას საკმაოდ ამძიმებს (სწორედ აქ გამოჩნდა ბლექ საბათის მცდელობა, მუსიკა ლოკალურად დაემძიმებინათ და ეს პროგრესი არცერთ ალბომში არ შეუჩერებიათ (ერთადერთი მუსიკალურად შედარებით რბილი ალბომი, ორიგინალი ბლექ საბათის წევრების მონაწილებით, 1978 წლის Never Say Die გახლავთ, სადაც მრავლად არის ბალადები და ჯაზური კომპოზიციები). ალბომის მეექვსე კომპოზიციაში თემა ისევ ომს ეხება, ისევ ვიეტნამის შემაძრწუნებელ მუსიკალურ კადრებს. გიზერ ბატლერი (ბასისტი) ლამაზი ბასლაინით ხსნის კომპოზიციას, რომელიც სიმღერის ერთ ნაწილში რბილია და შემდეგ მას გიტარა და დრამი ამძიმებს, ბოლო კი ნაწილში სიმღერა სწრაფდება. სიმღერის ტექსტი წარმოდგენას გიქმნით ბენდის ხედვაზე ომის მიერ დანგრეული გადარჩენილი ჯარისკაცების მიმართ: 

First it was the bomb

Vietnam napalm 

Disillusioning 

You push the needle in 

From life you escape 

Reality's black drape 

                                                 "Melody Maker" Paranoid-ის გამოსვლის შესახებ (1970 წელი)


             ალბომის მეშვიდე კომპოზიციას სახელად Rat Salad ჰქვია, იგი ერთადერთი ინსტრუმენტული თრექია. საბათი ამ შემთხვევაშიც ძალიან სიმძიმით არ გამოირჩევა და კომპოზიციის დიდი ნაწილს დრამერი ბილ უორდი საკმაოდ ვრცელ და ინოვაციურ დრამ სოლოს უკრავს. ეს ინსტრუმენტული სიმღერა ერთგვარი პასუხი იყო ლედ ზეპელინის დრამერის ჯონ ბონემის მიერ შესრულებული დრამ სოლოსი, რომლის მოსმენაც ლედ ზეპელინის მეორე ალბომში შეგიძლიათ, მას "Moby Dick" ჰქვია. (სხვათაშორის საინტერესო ფაქტია ის, რომ არსებობს ჩანაწერი, სადაც ლედ ზეპელინის და საბათის წევრები ერთად ასრულებენ Supernaut (ბლექ საბათის Vol 4-იდან). სიმღერა ჯონ ბონემის და ფრენკ ზაპას საყვარელი საბათის კომპოზიცია იყო. სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს დაკარგული ჩანაწერი ვერ იპოვეს. ალბომის უკანასკნელ კომპოზიციას სახელად "Fairies Wear Boots" ჰქვია. მაგიური მუსიკალური მოგზაურობის შემდეგ სიმღერა უძლიერესი საბათის სახეს აჩვენებს. როკენროლური შესავლის შემდეგ რიტმი ისევ განსხვავებულია და მუსიკოსები თითქოს არსად ჩქარობენ. შემდეგ ისევ სიმძიმე შემოდის და ამას ლამაზი მელოდია მოჰყვება, ლათინური როკის პიონერის და კომპოზიტორის კარლოს სანტანას მსგავსი გიტარის პარტიებით. სიმღერის უკანასკნელ წამებში, ძალიან ლამაზი, მრავლისმთქმელი მელოდია ჩნდება მუსიკალური ემბრიონიდან, რომელიც ნელნელა ქრება და ალბომიც სრულდება.

                                                                                       ალბომის უკანა ყდა
P.S.   Paranoid საკუნეებს გაუძლებს ისევე, როგორც ბითლზის Abbey Road, მაილს დევისის "Kind Of Blue" და პინკ ფლოიდის The Dark Side Of The Moon, რადგან ალბომი კაცობრიობისთვის კიდევ ერთი დიდი ნახტომია. მუსიკოსი ნებისმიერ თემაზე უნდა ლაპარაკობდეს მუსიკალურად და უნდა გაუზიაროს თავისი ტკივილი თუ სიხარული ადამიანებს. ოთხმა ინგლისელმა ბიჭმა დაძლიეს შიშები და ძალიან ახალგაზრდა ასაკში თითქმის შეუძლებელი რამ შეძლეს, მათ აბსოლუტურად ახალ მიმდინარეობას და ახალ ინსპირაციებს გაუხსნეს პლანეტარული მასშტაბის გზები. Paranoid მომავლის ალბომია.

He was turned to steel 

In the great magnetic field

Where he traveled time 

For the future of mankind


 

No comments

Powered by Blogger.