Carry Fire - რობერტ პლანტი ბლექ სი არენაზე (შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის პირველი დღე)







       ბავშვობის ტკბილ მოგონებად დამრჩა ის პერიოდი ,როდესაც ჩემი როკ მუსიკის მოყვარული  ბაბუა ლედ ზეპელინის "Black Dog"-, "Kashmir"- და "Whole Lotta Love"- მასმენინებდაამ პერიოდში გამიჩნდა როკ მუსიკის მიმართ უდიდესი პატივისცემა და სურვილი, რომ ეს უზომოდ მრავალფეროვანი სტილი შემესწავლა. აქვს ლედ ზეპელინს ერთი ასეთი ულამაზესი სიმღერა სახელად "The Rover" (რომელიც რიგით მეორე სიმღერაა 1975 წლის ფუნდამენტურ მძიმე როკ ალბომ "Physical Graffiti"-ში). თუ გადაახვევთ ზუსტად 4 წუთსა და 1 წამზე თქვენ მოისმენთ საოცარ და აქამდე გაუგონარ ხმას. პირველად ამის მოსმენა თითქოს ახალი სამყაროს აღმოჩენაა. ეს ხმა ენით აღუწერელ ვიბრაციას გამოსცემს ,რომელსაც ერთგვარი სიტკბო ემატება და მიმართვა მსმენელისადმი. ეს ახალგაზრდული ხმა ერთ-ერთ უდიდეს როკერს და როკ მუსიკისთვის უზომოდ გავლენიან ფიგურას რობერტ პლანტს ეკუთვნის ( არ მოიძებნება როკ ვოკალისტი ,რომელიც პლანტის გავლენას მის სტილზე არ აღიარებს ,ამის თვალსაჩინო მაგალითი ლეგენდარული როკ ბენდ "Queen"-ის ვოკალისტი და პიანისტი ფრედი მერკურია). თუ გააგრძელებთ მოსმენას იგრძნობთ: განცდას, ცოტა ტანჯვას, სიყვარულს და ცოტა აგრესიას. ლედ ზეპელინი გამორჩეულია თავისი ფოლკლორული ელემენტებით მძიმე როკის მუსიკაში, რაც შეიძლება ითქვას ჰარდ როკ ბენდისთვის ახალი ხილი იყო. მაგრამ ეს არც არის გასაკვირი, რადგან ლედ ზეპელინი ინგლისიდან იყო და მოგეხსენებათ ინგლისს უძველესი ვოკალური თუ ინსტრუმენტული ფოლკლორის ისტორია აქვს.

      19 ივლისს საქართველოს ზეცის ფერი შეიცვალა. ჩვენს ქვეყანას ბუმბერაზი მომღერალი ეწვია. ეს ადამიანი სიდიადის განსახიერებაა. ბლექ სი არენაზე, შეკვეთილში, სცენაზე თავდაპირველად სეთ ლეიკმანი ( რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკოსია და უკრავს: ტენორულ გიტარაზე,ვიოლაზე,ვიოლინოზე და ბანჯოზე) გამოვიდა. მახსოვს გავიგე "ხალხური" შეძახილი ,რომელიც თითქოს ქართველ მსმენელს იხმობდა თავისკენ. რა თქმა უნდა მივხვდი ,რომ მალე დაიწყებოდა ეს გასაოცარი წარმოდგენა. სეთს ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი ხმა აქვს. იგი წელს რობერტ პლანტის ბენდს სახელად "The Sensational Space Shifters" (ის მართლაც სენსაციური წევრებისგან შედგება. დამსწრე საზოგადოება ამას მარტივად შეამჩნევდა) შეუერთდა და შეავსო თავისი ნიჭიერებით ეს გასაოცარი როკ ლაინაფი. როდესაც მოსაღამოვდა თავში გამიელვა იმ აზრმა, რომ მალე ჩემი თვალით ვიხილავდი ცოცხალ ლეგენდას, რომლის სუნთქვაც კი მუდამ ჩაგვესმის როკის მოყვარულებს (და დარწმუნებული ვარ არამარტო ჩვენ). პირველივე სიმღერა "The Lemon Song"( რომელიც ზეპელინის 1969 წლის ალბომ "Led Zeppelin II"-შია შესული) ენერგიულად შესრულდა. საოცარი ფაქტი ის არის, რომ პლანტმა თავისი მაგიური ხმის დიაპაზონი არ დაკარგა მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე 69 წლის არის. პირიქით მას უფრო დაუმწიფდა ვოკალური შესაძლებლობები. სწორედ ასეთმა დიადმა წარსულმა მოახდინა მასში ეს შინაგანი განვითარება, რომელიც 60-იანი წლებიდან მოყოლებული აფრქვევს გავლენის გიგანტურ ალს. შემდეგ სიმღერას სახელწოდებით “Turn It Up” ჰქვია. ეს სიმღერა 2014 წლის ალბომ „Lullaby and the Ceaseless Roar“-ში შეგიძლიათ მოისმინოთ. ექსპერიმენტული როკის ელემენტებთან ერთად ფსიქოდელიის პატარა მარცვალსაც აღმოაჩენთ. ტექსტიც ბრძნულია და საინტერესო:
Alone with disconnection
And not a lonesome word
I reach out to the radio
And the clinically disturbed
"Give it up," the man says
Surrender and be saved
He'll drive away your demons
His help is on the way
...

        შემდეგი სიმღერა ისევ ლედ ზეპელინის უკვდავი კლასიკა „What Is and What Should Never Be“ შესრულდა ("Led Zeppelin II"). ბლუზის და ჰარდ როკის შერწყმის დემონსტრირებას, რობერტის ენერგიული და „როკ ენდ როლური“ სულის გამომჟღავნება მოჰყვა, პერიოდული სიმშვიდით. Rainbow - ასეთი ლამაზი სახელწოდება აქვს შემდეგ სიმღერას, რომელმაც ბლექ სი არენის სცენაზე გაიჟღერა. ის სინქრონული ტამბორინის ცემით იწყება, რომელსაც ლამაზი და მოძრავი გიტარ-რიფები მოჰყვება. რობერტის ხმის ამაღლებამ და სიმღერის ლამაზმა ტექსტმა მსმენელში დადებითი ემოცია შექმნა. შემდეგი სამი სიმღერა ასევე ლედ ზეპელინის შედევრად ითვლება. "Going To California" - რა თქმა უნდა მსმენელმა მომენტალურად იცნო. აკუსტიკურ გიტარაზე ლიმ „Skin” ტაისონი ("Brit-Pop" ის სტილში დაფასებული მუსიკოსი. ამ სტილში თავის დროზე "Oasis"-მა, "Blur" - მა და "The Verve"-მ გაითქვეს სახელი) უკრავდა, ხოლო მანდოლინზე ჯასტინ ადამსი (რომელიც ცნობილია, როგორც ხალხური მუსიკის სფეროში ძალიან გამოცდილი მუსიკოსი). შემდეგ რობერტმა და მისმა სენსაციურმა ბენდმა ლედ ზეპელინის ჰიტი „Black Dog” შეასრულეს - განსხვავებული, ექსპერიმენტული ,მაგრამ ისევ ძველებური "Fuse"-ის გიტარის ეფექტიანი რიფით სავსე, რომელმაც ლეგენდარული ჯიმი პეიჯის გიტარის ხმა შემახსენა. პლანტი ისევ ისე არტისტულად ცვლიდა სახის მიმიკებს და მოძრაობდა, როგორც ბევრი წლის წინ. როდესაც ამას უყურებ შეუძლებელია არ დაგაჟრიალოს და მომენტალურად იწყებ შენც მოძრაობას.  „როკენდროლური“ სული ხომ უკვდავია და მას დრო ნამდვილად ვერაფერს დააკლებს. ამ სულის ნაწილი ყოველ მუსიკოსში უნდა იდოს რა სტილსაც არ უნდა უკრავდეს იგი, რადგან იდეა სწორედ ამ სულიდან ჩნდება და ეს სამყაროს დასაბამიდან მოსდევს ადამიანის ბუნებას. "Gallow’s Pole" - ამბობენ ამ სიმღერის საწყისები ფინური ხალხური მუსიკიდან მოდის, მაგრამ მის სხვადასხვა ვერსიებს: უელსში, ინგლისში, ირლანდიაში და შოტლანდიაში იპოვით. ამ სიმღერის მასობრივი პოპულარიზაციას სწორედ ლედ ზეპელინის სახელს მიაწერენ ( ეს სიმღერა შესულია ლედ ზეპელინის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში "Led Zeppelin III"). რობერტს ძალიან უყვარს ხალხური სიმღერები. ბლექ სი არენაზე "Gallow’s pole"- ის გარდა ორ რამდენიმე მაგალითს მოისმენდით ამ ფაქტის: "Santianna" (18-ე საუკუნის სიმღერა ამერიკული საზღვაო სიმღერა) და "Little Maggie" (ძველი ფოლკ-ბლუზ სიმღერა, რომელიც სათავეებს იღებს 19-ე საუკუნის დასაწყისიდან და ითვლება ქანთრისა და ბლუზის ერთ-ერთ უძველეს შერწყმად). წინა წელს გამოვიდა რობერტ პლანტის რიგით მეთერთმეტე სტუდიური ალბომი სახელად “Carry Fire”, რომელმაც დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. ეს არის რობერტის პირველი მცდელობა როდესაც მან ამერიკანა( ამერიკის ეთნოსის მუსიკა, მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბებული ფოლკლორული სტილი, ამერიკული ფესვების თვალსაჩინო მუსიკალური სიმდიდრის ელემენტი) დაუმატა უახლეს და ლამაზ ალბომს, რომელიც ფაქტია იმისა თუ როგორ ემატება რობერტს ცოდნა, ასაკი და თუ როგორ შეძლო მან ფანტასტიკურად განსხვავებული მუსიკის შექმნა. ამავე სახელწოდების სიმღერა ("Carry Fire") აგიზგიზდა ქართველთა გულებში. საქართველოც ხომ აზიის და ევროპის საზღვარზეა და ეს სიმღერა მთელი მსოფლიოს კულტურების შეჯვარებაა. ინდურ ელემენტებს, ბანჯოს ლამაზი ხმა მოემატა და რობერტის ინტელექტუალური ვოკალი. შემდეგ ისევ წარსულში დავბრუნდით. ამჯერად "Babe I am Gonna Leave You" შესრულდა. მანამდე კი ლიმ ტაისონმა ულამაზესი სოლო შეასრულა აკუსტიკურ გიტარაზე. რობერტი სატრფოს უმღერის დიდი ემოციით და სევდით და ისევ ნაცნობი გიტარის რითმები გვესმის (სხვათაშორის ეს სიმღერაც ფოლკ მუსიკოსის ენ ბრედონის დაწერილია, მაგრამ მასიური პოპულარობა მას ზეპელინმა მოუტანა). New World - ბას-გიტარის ხმას გიტარის რიფები მოჰყვა და ისევ რობერტის აქამდე გაუგონარი ვოკალური სტილი (რობერტმა აბსოლუტურად შეცვალა მისი ხმის ჟღერადობა, თუ თქვენ ლედ ზეპელინის ძველ სიმღერებს მოისმენთ ან მისი სოლო ალბომებიდან რამდენიმე ჰიტს, ამას მარტივად შეამჩნევთ). ეს სიმღერაც "Carry Fire" - დან არის. კონცერტის ბოლოს სცენას ენერგიული და ნამდვილი მუსიკის მეხი დაეცა "Bring It On Home(Led Zeppelin II)" - ის, "Whole Lotta Love(Led Zeppelin II)"-ის და "Santianna"-ს იდეალური შეერთებით. მძიმე როკის,ბლუზის და ფოლკის ეს შეჯვარება ძალიან საინტერესო მოსასმენი აღმოჩნდა. უეცრად რობერტმა ხმა ამოუშვა და მის ხმას მთელი დარბაზი აჰყვა. მისი ხმის დიაპაზონი ცას მიწვდა და თითქოს კიბე შექმნა სამოთხისკენ ("Stairway To Heaven"). ეს გრანდიოზული კონცერტი დიდი წარმატებით და სიხარულით დასრულდა და რაც ყველაზე მთავარია, ქართველები გააერთიანდნენ და როკის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის „Led Zeppelin”-ის გენიალური ვოკალისტის რობერტ პლანტის მოსმენა შეძლეს. "Eastern Promotion" - მა ნებისმიერი თაობის ადამიანს დიდი საჩუქარი გაუკეთა (უკვე ნებისმიერი სუბ-კულტურის თუ გემოვნების ადამიანების სიამოვნება შეუძლიათ, სწორედ ასეთი არტისტების ჩამოყვანით). ეს მართლაც დიდი დღეა საქართველოს ისტორიაში. ყველას გულში შემოანათა რობერტის უკვდავმა სხივმა. 

      წლების შემდეგ დიდი სიხარულით მოვუყვები შვილს ამ დღის შესახებ ,რადგან სწორედ ასეთმა მუსიკოსებმა დაამრცხეს ხელოვნებით ომი და სიკვდილი. შეხედეთ ლედ ზეპელინის პირველ სტუდიურ ალბომის ყდას და გიგანტურ დირიჟაბლს დაინახავთ. ეს გიგანტური დირიჟაბლი ფეთქდება და ეს აფეთქება სწორედ ლედ ზეპელინის დიადი მუსიკის აფეთქებაა...

In songs we praise a happy landing
On yet another virgin shore
Escape the booming world
Embrace the new world
Out here the immigrant takes hold
Across the planes and over mountains
Put flight to all who came before
They're barely human
It's time to move them
And let them kneel before the sword


No comments

Powered by Blogger.