Doo-Bop მაილსის უკანასკნელი ალბომი - Part of the Easy Mo Bee and Miles Davis Fantasy
"ჩემთვის მუსიკა და სიცოცხლე სტილზეა დამოკიდებული" - მაილს დევისი
თანამედროვე მუსიკაში მელომანი ადამიანი ხშირად აღმოაჩენს რომელიმე ბენდისა თუ მუსიკოსის გიგანტურ ცვლილებას ,რაც ხშირად შეიძლება უარყოფითი კრიტიკითაც შეფასდეს ან პირიქით შესაძლებელია დიდი მოწონება დაიმსახუროს კრიტიკოსებისგან. ამის უამრავ მაგალითს შევხვდებით მსოფლიო მუსიკის მონოლითურ და უმდიდრეს ისტორიაში. პირველი სტუდიური ალბომის ჩემეული გარჩევისთვის ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე ლეგენდარული მაილს დევისის უკანასკნელ სოლო ალბომ "Doo-Bop"-ზე მესაუბრა ,რომელიც მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გამოვიდა და თავდაპირველად უარყოფითი კრიტიკის მსხვერპლი გახდა, მაგრამ მიუხედავად ამისა შედევრალურმა ალბომმა მაინც დაიმსახურა 1993 წლის გრემი "საუკეთესო R&B ინსტრუმენტული შესრულებისთვის". ამერიკელი პროდიუსერი Easy Mo Bee უკვე საკმაოდ ცნობილი იყო იმ პერიოდისთვის ,როდესაც ის მაილსმა იპოვა იმისათვის ,რომ დახმარებოდა დევისს უახლესი სტუდიური ექსპერიმენტული ალბომის შექმნაში. უმთავრესი ინსპირაცია მაილსს კი ქუჩის ხმებმა მოუტანა. მას მუდამ აინტერესებდა თუ რას ქმნიდნენ ახალგაზრდები. Doo-Bop სწორედ ახალგაზრდული სულისკვეთებით სავსე და ამავდროულად უზომოდ გამოცდილი ჯაზ მუსიკოსის ფიქრების და აზრების თვალსაჩინო ალბომია( ბევრი ადამიანი მას ცალკეულ ჯაზ,ჯაზ-რეპ, ჯაზ-ფიუჟენ და R&B ალბომად მიიჩნევს (სხვათაშორის თუ დაუკვირდებით ტრიპ-ჰოპის ელემენტებსაც აღმოაჩენთ, დრამის ბიტების გათვალისწინებით), მაგრამ Doo-Bop სწორედ ამ ჟანრთა გასაოცარი სინთეზია). Doo-Bop-ში შესული სიმღერების უმრავლესობა დასრულებულია მაილსის გარდაცვალების შემდეგ, მაილსის საყვირის სემპლების დახმარებით. ამ საყვირის ხმა უკვდავია და ამიტომ ვერანაირი სტუდიური ცვლილება მას ვერ შეუცვლის სილამაზეს. ალბომი უმაღლეს დონეზე იქნა შექმნილი. ხმის ხარისხი მართლაც საოცარია და ყველა ინსტრუმენტი თუ ამ ინსტრუმენტების იმიტაცია უნაკლოდ ისმის.ალბომში გამოყენებულია რამდენიმე ცნობილი სიმღერის სემპლი. მაგალითად: Kool & The Gang-ის Summer Madness და ა.შ.
Doo-Bop-ის პირველ ინტრუმენტალს სახელად Mystery(ანუ იდუმალება) ჰქვია. მუსიკა იდუმალია და მოჰყვება გასაოცარი სინთეზატორზე შესრულებული ბას-ლაინი (Easy Mo Bee-ს თქმით ალბომში არ იქნა გამოყენებული რეალური ბას-გიტარა ,რაც უფრო საინტერესოს ხდის ალბომს. ალბომის თითოეული ბასის პარტია სინთეზატორზეა შესრულებული) და უცნაური რიტმები ,რომლის მელანქოლია ყოველ ნოტში იგრძნობა. მაილსის საყვირი ლაპარაკობს და გვიყვება ისტორიებს მაილსის წარსულზე. დევისმა რთული ცხოვრებისეული გზა გამოიარა და მუსიკას ეს საგრძნობლად ეტყობა.
ალბომის შემდგომი სიმღერა The Doo Bop Song(ეს არ არის ინსტრუმენტალი, ეს სრულყოფილი სიმღერაა. ალბომში 9 კომპოზიციიდან 3 სიმღერაა, ხოლო დანარჩენი ინსტრუმენტალი.) Easy Mo Bee Rappin' Is Fundamental-ის წევრი იყო და ამ კომპოზიციაში სასიმღერო პარტიებს სწორედ ეს ტრიო ასრულებს( ამ ტრიოში მესამე შემსრულებელი Slick Rick-ია, რომლის შესრულებაც სემპლის სახითაა მხოლოდ წარმოდგენილი მისივე სინგლიდან "La Di Da Di"). ძირითადად Easy Mo Bee რეპავს ხოლო დანარჩენი ორი წევრი ჰარმონიულ ვოკალს უმატებს რითმულ პოეზიას. ტექსტი ერთ საინტერესო ნაწილს მოიცავს სადაც იგრძნობა პროდიუსერის ძალიან დადებითი დამოკიდებულება მაილსისადმი:
"Lets kick a verse for my man called Miles
'Cause seems to me his music's gonna be around for a long while
'Cause hes a multi-talented and gifted musician
Who can play any position"...
Doo-Bop-ის შემდეგ ინსტრუმენტალს სახელად Chocolate Chip ჰქვია. ინსტრუმენტალი პირველი თრექისგან განსხავებით უფრო მხიარულია და შეიძლება ტკბილიც. ალბომში შემოდის ელექტრო-გიტარა. ინსტრუმენტალი ძირითადად ერთ ტემპში იკვრება. მაილსის საყვირის ხმა და ტონი თითქოს გამოდის სევდიანი ფონიდან და უფრო მხიარულ სახეს იძენს. მეოთხე ინსტურმენტალს სახელად High Speed Chase ჰქვია ,რომელიც Doo-Bop-ში შესული ყველაზე სწრაფი ტემპის მქონე მუსიკაა. მომენტალურად მახსენდება 60-იანი წლების ფსიქოდელიური როკი. სინთეზატორის ეფექტი ძალიან წააგავს აჩქარებულ ფსიქოდელიურ ემოციებს. იგრძნობა ასევე გასაოცარი ინდუსტრიული ელექტრონული მუსიკის ელემენტებიც. Easy Mo Bee-მ ამ კომპოზიციის ბასლაინით გვიჩვენა მაილსის დიდი პატივისცემა ასევე ერთ-ერთი უდიდესი ჯაზმენის ჯაკო პასტორიუსის მიმართ. მაილსი სწრაფად და ქაოტურად უკრავს. იგი არ მისდევს სტანდარტებს. შეიძლება ითქვას მაილსი თავისუფალი მუსიკის ელჩია სამყაროსთან. Blow- ასე ჰქვია მომდევნო სიმღერას ,რომელიც ამ ალბომში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. საყვირი განაგრძობს ისევ ლაპარაკს და ამჯერად Easy Mo Bee მაილსისა და მისი ერთობლივი მუსიკალური მოგზაურობის შესახებ გვიყვება:
"Here I am, Easy Mo Bee
Kickin' it live with the legendary Miles Davis
Just my favorite
And his trumpet can't be played with
Tampered with or picked up and thrown to the pavement
With the left and right, boy, the right, the left
Wherever microphone is kept
You'll be sure to hear Miles do the woobity shoo bop
Just to show us he be created for doo-hop
Not doo-wop, but beebop mixed with hip hop..."
საყვირი აქეთ-იქით დადის და მოგვიწოდებს მისკენ ,რომ გავყვეთ ამ ნაცნობ და ლამაზ ხმას. ჩვენც უნებლიედ მივყვებით ამ ხმას. კომპოზიციაში საყვირს გასაოცრად სუფთა ხმა აქვს და ნამდვილად ესიამოვნება ნებისმიერ მსმენელს.
ალბომის შემდეგ ინსტურმენტალს სახელად "Sonya" დასამახსოვრებელი სლეპური ბას-ლაინი ახლავს თან. Easy Mo Bee-ს სურდა ბასის ხმა მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო. კი ნამდვილად ეტყობა ,რომ სინთეზატორული ბასია ,მაგრამ ბას სოლო ამ შემთხვევაშიც გასაოცარია. ალბომის შემდეგი რიგით მეშვიდე სიმღერა Fantasy-ია. ეს კომპოზიცია იმით არის გამორჩეული, რომ ფონად ულამაზესი სიტარის თუ რაღაც უსახელო ინდური ინსტრუმენტის(რომელიც შეიძლება არც არსებობს) ხმა ახლავს თან. მსგავსი ხმა მოჰყვება მაილსის საყვირს და შემდეგ უნისონში ხდება ამ ხმების შეჯვარება Easy Mo Bee-ს მაილსისადმი მიმართვას:
"...That's where you seek for the need of a chance to be
Part of the Easy Mo Bee and Miles Davis fantasy
Yeah
What I mean
What of the words?
For your mind, one time
Get up, stop
Take it, Miles"
...და ისევ მაილსი თავისებურად ალაპარაკებს საყვირს და ჩვენც მის ერთგულ მსმენლებს გვესმის თუ რისი თქმა უნდა მას ამ ნოტებით და ამ ჰარმონიული უსიტყვო ლაპარაკით. ალბომის მერვე ინსტურმენტალს სახელად Duke Booty ჰქვია ,რომლის დასაწყისშიც ჩვენ მაილსის ჩახლეჩილი ხმა გვესმის. იგი მიმართავს დერონ ჯონსონს ამერიკელ პიანისტს ,რომელიც სწორედ ამ ალბომში ასრულებს პიანისტის ფუნქციას: Deron, you gon' play behind me, and then whatever's.
ეს კომპოზიცია სევდისა და სიხარულის უცნაური სინთეზია ფონი უფრო მხიარულია, მაგრამ მაილსი ისევ სევდიანად უკრავს. ალბომი Mystery (Reprise)-ით მთავრდება. სწორედ, რომ ეს ალბომი მაილს დევისის უკანასკნელი გენიალური ამოსუნთქვის შედეგად გაჩენილი შედევრია. იგი მთელი ცხოვრება ცდილობდა, საუკეთესო ალბომი გამოეშვა და თითოეული ალბომით უფრო და უფრო აუმჯობესებდა თავის ასეთ რთულად მისაღწევ მიზანს. ბოლო კომპოზიცია პირველი ინსტრუმენტალის თითქმის იდენტური და შემოკლებული გადამღერებაა ,რომელიც იმსახურებს სიყვარულს მთელი სამყაროსგან ,რადგან მაილს დევისმა თითოეულ ნოტში უმდიდრესი ძალა ჩააქსოვა. Doo-Bop ბრწინვალე მაგალითია ისეთი ალბომისა თუ როგორ უნდა დაემშვიდობოს დედამიწას ყველა დროის უდიდესმა მესაყვირემ. მაილსმა გაგვაგებინა რისი თქმა უნდოდა Doo-Bop-ით და ეს ალბომი დღემდე აოცებს მსმენელს თავისი იდუმალებით,ფანტაზიით,მუსიკალურობით,სევდით და სიხარულით.
Leave a Comment